პელ კასი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც 1945 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. ფოტოგრაფია ახალგაზრდობიდან იტაცებდა და სულ ცდილობდა ისეთი მომენტების დაფიქსირებას, რომლებიც თვალისთვის უხილავია. ბოლო 12 წლის მანძილზე კასმა უნიკალური მეთოდი შეიმუშავა, რომლითაც ის დროის სხვადასხვა მონაკვეთში მომხდარ ქაოსურ მოვლენებს აერთიანებს და საინტერესო კანონზომიერებას ქმნის. მისი ფოტოსერიები - Crowded fields, Selected people და Selected People: Uncrowded სწორედ კომპოზიტური ფოტოგრაფიის ამ მეთოდს ეყრდნობა.
აღსანიშნავია, რომ კასის ფოტოები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალფეროვანია, ძირითადად ბოსტონშია გადაღებული. Selected People სერიის ფოტოები კი მის სახლთან ახლოს მდებარე პარკში გადაიღო. ბოსტონის გარდა, კასი ფოტოებს ნიუ-იორკშიც იღებს, რომელიც იდეალური ადგილია ფოტოგრაფისთვის, რომელიც ქაოსით ინტერესდება. ცოტა ხნის წინ კასმა New York Magazine-ისთვისაც გადაიღო ფოტო, სადაც ერთ გადასასვლელზე თითქოს მთელი ქალაქია ჩატეული, თავისი მრავალფეროვნებით, ხალისით და აურზაურით.
Crowded Fields სერიისთვის ფოტოგრაფი სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე ათასობით ფოტოს იღებს და კადრებს აერთიანებს. საბოლოო ფოტოში კასი არჩევს, რა დატოვოს და რა ამოიღოს, შედეგი კი სიურრეალისტური, ქაოსური და, ამავდროულად, კანონზომიერი კადრია.
Selected People სერიაში, Crowded fields-ის მსგავსად, საბოლოო ფოტოები ათასობით კადრის ნაზავია, ამ შემთხვევაში აქცენტი კონკრეტულ ადამიანებზეა. ფოტოგრაფის თქმით, “ეს კომპოზიტური ფოტოები გარკვეული ადგილის დროის მანძილზე შესწავლაა. მე არაფერს ვცვლი, უბრალოდ ვწყვეტ, ფოტოში ვინ დავტოვო და ვინ არა”.
Selected People: Uncrowded სერიაში ფოტოგრაფი იმავე მეთოდს იყენებს, ოღონდ ამჯერად კადრში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ტოვებს. ფოტოებზე გამოსახული დაცარიელებული ქუჩები და პარკები პანდემიით იყო შთაგონებული, როცა ხშირად მკაცრი პრევენციული ზომების გამო საჯარო სივრცეები დაცარიელდა.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი