2022 წლის 29 დეკემბერს ბრიტანელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა. მოდის სამყაროში დიზაინერი დამკვიდრდა როგორც ქალი, რომელმაც პანკი ააღორძინა. ვესტვუდის შემოქმედება ცვალებადობით და მოდაში ისტორიული დიზაინის ელემენტების დანერგვით გამოირჩევა. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ვესტვუდი აქცენტს შესაბამის პოლიტიკურ საკითხებზე აკეთებდა და პირადი პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებას არასდროს გაურბოდა. კარიერის დასაწყისში ვესტვუდი ბრიტანულ კონსერვატიზმს დაუპირისპირდა, მოგვიანებით დიზაინერისთვის მსოფლიოს მთავარი გამოწვევა გლობალური დათბობა და კორპორატიზმი გახდა. შესაბამისად, ვესტვუდი ახალ კოლექციებში სწორედ ამ საკითხებს ეხმიანება. მთლიანობაში ვესტვუდმა მოდის სამყაროზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და წინა პლანზე ისეთი სტილი და ესთეტიკა წამოსწია, რაც თავის დროზე მიუღებლად ითვლებოდა.

კულტურული რევოლუციის პერიოდი

ვივიენ ვესტვუდმა Sex Pistols-ის მალკომ მაკლარენთან ერთად King’s Road-ზე 1971 წელს მაღაზია SEX გახსნა, რომელიც 70-იანების პანკ მუსიკოსების თავშეყრის ადგილად იქცა და ბრიტანული პანკის ესთეტიკაზე დიდი გავლენა იქონია.

 


 

ვესტვუდის ნამუშევრები ხშირად ისეთ დიზაინს აერთიანებს, რაც კონვენციურად შეუსაბამოდ ან “უგემოვნოდ” ითვლებოდა. ამ მხრივ, 60-იანების და 70-იანების კონტრრევოლუციური სულისკვეთება ვესტვუდის ყველა კოლექციას ეტყობა, რაც მის შედარებით ახალ ნამუშევრებში ხშირად “პანკის” და ვიქტორიანული ეპოქის ვიზუალების შეხამებით გამოიხატება ხოლმე. ამ მხრივ, ვესტვუდის თანამედროვე ნამუშევრები, რომლებიც ხშირად გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული აქტივიზმით არის შთაგონებული, ვესტვუდის სამი გამოკვეთილი შემოქმედებითი პერიოდის - “პანკის”, “რომანტიზმის” და “პაგანიზმის” ნაზავია. 

რომანტიზმი და პაგანიზმი

 

სწორედ 80-იანების და 90-იანების კოლექციაში იჩენს ის ანაქრონიზმი თავს, რომელიც ვესტვუდის შემოქმედების მთავარ თემატიკად იქცა. ამ პერიოდში ვესტვუდის კოლექციები, როგორიცაა Pirates და Witches პოპ-კულტურით და კონკრეტული ისტორიული პერიოდების სახასიათო დიზაინის ელემენტებით იყო შთაგონებული. სხვადასხვა ეპოქის დიზაინის ელემენტების აწმყოსთან ინტეგრაცია ვესტვუდის შემოქმედებაში სტილისტურ ტრადიციად დამკვიდრდა, რაც მის თანამედროვე ნამუშევრებშიც ჩანს.

 

 

ვესტვუდის შემოქმედებაში რომანტიზმის პერიოდი თვითირონიულობით გამოირჩევა. 70-იანების კონსერვატიზმთან დაპირისპირება ვესტვუდისთვის “მაღალი საზოგადოების” დაცინვად გარდაიქმნა, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ჰოლივუდის მოდაში გავრცელებული ელემენტების კარიკატურული გამოყენებით გამოიხატება. ვესტვუდის საფირმო სტილი მსოფლიოსთვის თვალსაჩინო 1981 წელს გახდა, როდესაც ლონდონში დიზაინერის კოლექციის - Pirates-ის ჩვენება მოეწყო.

ანგლომანიის პერიოდი

90-იანებში ვესტვუდის სტილი თითქოს რადიკალურად შეიცვალა. ამჯერად დიზაინერის ყურადღება წმინდად ინგლისური “ესთეტიკით” არის შთაგონებული, რაც ამ პერიოდის კოლექციებში მე-18-ე საუკუნის ბრიტანეთში გავრცელებული დიზაინის ელემენტების დანერგვით გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ვესტვუდის შემოქმედებაში ანგლომანიის პერიოდი ბრიტანული მოდის დიზაინის ტრადიციული ელემენტების გამოყენებით ხასიათდება, ეს “ტრადიციონალიზმი” დიზაინერის შემოქმედებაში სუბვერსიულია, რადგან ბრიტანული კონსერვატიული ესთეტიკა შეხამებულია თანამედროვე სექსუალური რევოლუციის შედეგად აღმოცენებულ მოდის ელემენტებთან.

 

ვესტვუდის 90-იანების კოლექციებში ხდება “მასკულინობის” და “ფემინურობის” გადააზრება, რადგან ტრადიციულად მასკულინური დიზაინის ელემენტები ჩნდება ქალებისთვის შექმნილ ტანსაცმელში და პირიქით. ვესტვუდის შემოქმედების ეს ტენდენცია 1995 წელს დაგვირგვინდა, როდესაც 1995 წელს გამართულ ჩვენებაზე - Erotic Zones - პრაქტიკულად შიშველი ქეით მოსი ბილიკზე ადმირალის ქუდით და ხელში ნაყინით გამოვიდა.

აქტივიზმი და პირდაპირი პოლიტიკა

 

ვესტვუდი არ ერიდებოდა საკუთარი პოლიტიკური ხედვების გამოხატვას და სარეკლამო კამპანიებში ხშირად სიტყვით გამოდიოდა, სადაც ის გლობალურ დათბობაზე და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობდა. 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია და შესაბამისი კამპანია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, სადაც ვესტვუდის პოლიტიკური განცხადებები  და სლოგანები მისი კოლექციის ნაწილი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ვესტვუდის მრავალფეროვან შემოქმედებაში პოლიტიკური კომენტარი დიდ როლს თამაშობს, ის ყოველთვის ექსპრესიული არ არის. მაგალითისთვის, ვივიენ ვესტვუდის 2023 წლის ზაფხულის კოლექციაში აქცენტი ტრადიციული გენდერული როლების რღვევაზეა, რაც დიზაინერის ბოლო წლების კოლექციებში ხშირი თემატიკაა. ვესტვუდის კამპანიებში უფრო ხშირად ჩანან ტრანსგენდერი მოდელები და იშლება ზღვარი “კაცის” და “ქალის” ტანსაცმელს შორის.

ვესტვუდის “პანკი” იმით გამოირჩევა, რომ ის ყოველთვის რელევანტურია და არასდროსაა ბუნდოვანი. თუ თავდაპირველად ბრიტანელი დიზაინერი საზოგადოების კონსერვატიზმს დაუპირისპირდა, მოგვიანებით, ახალ გამოწვევებთან ერთად, დიზაინერის კრიტიკის საგანიც შეიცვალა. ამ მხრივ, ვივიენ ვესტვუდი მუდამ არღვევდა ნორმებს და მისი შემოქმედება ყოველთვის პროვოკაციული იყო.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე