რამდენიმე კვირის წინ The White Lotus-ის მეორე სეზონი დასრულდა, ბევრ საინტერესო და სახასიათო პერსონაჟთან და სატირულ სიუჟეტთან ერთად სერიალი ვიზუალურადაც გამორჩეული ხასიათისაა, სადაც გმირებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვან როლს მათი ჩაცმულობა და კოსტიუმებიც ასრულებს, რომლებზეც სერიალში ალექს ბოვარდმა იზრუნა. ბოვარდმა, რომელმაც პირველი სერიებისთვის ემის ნომინაცია უკვე მიიღო, refinery-ისთან ინტერვიუში ამბობს, რომ პერსონაჟების ჩაცმულობაზე ზრუნვისას მნიშვნელოვანი როლი არამხოლოდ გმირების უნიკალურმა ხასიათმა და ბიოგრაფიამ, თავად იტალიურმა გარემომაც ითამაშა.  

პორშია

პორშია Gen Z-ის ტიპური წარმომადგენელია, თავისი თავისუფალი, ზოგჯერ ერთმანეთთან შეუხამებელი სამოსით,  რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ Urban Outfitters-ის სტილს. როგორც ალექს ბოვარდი აღნიშნავს, ამ გმირის ქაოსური ჩაცმულობა  House of Sunny-ის პულოვერით, კოვბოის ჩექმებით, ზებრის პრინტიანი საცურაო კოსტიუმით თუ ტომი ჰილფიგერის პოლო მაისურით მაყურებლისთვის შეუმჩნეველი არ გამხდარა, პირიქით, კრიტიკაც კი დაიმსახურა, განსაკუთრებით მდიდარი მაღალი კლასის წარმომადგენელი პერსონაჟების ფონზე, თუმცა როგორც ბოვარდი ამბობს, ამ თაობის ახალგაზრდები, როგორც წესი, დაკარგულები არიან და სანამ თავად გმირს მიეცემა საშუალება, რომ ეს ყველაფერი მაყურებელს აუხსნას, მანამდე ამას მისი ვიზუალი აკეთებს.

ვალენტინა

მკაცრი მონოქრომული კოსტიუმები სასტუმროს მენეჯერის, ვალენტინას სახასიათო სტილია, რომელიც თავად პერსონაჟის მკაცრ ხასიათსაც უფრო მეტად უსვამს ხაზს. Trussardi, Pinko, Max Mara - ვალენტინას გარდერობისთვის შემთხვევით შერჩეული ბრენდები არ არის, ეს მკაცრი ფორმები და სილუეტები, როგორც სერიალის კოსტიუმების მხატვარმა აღნიშნა, ვალენტინას შინაგანი ბრძოლების გარეგნულად დასაფარად იდეალური გადაწყვეტილება იყო.

ტანია

ეს ტრაგიკომიკური პერსონაჟი, რომელიც ვალენტინამ პეპა გოჭს შეადარა, თავად კი ოცნებობდა, რომ მონიკა ვიტის დამსგავსებოდა, მაყურებელმა თავისი ვარდისფერი ლუქებით დაიმახსოვრა, სადაც ყველაზე საინტერესო აქსესუარი Valentino-ს ვარდისფერი ჩანთა და Alberta Ferret-ის ვარდისფერი შარფი იყო. მის ექსტრავაგანტურ ჩაცმულობაში დიდი ყურადღება Jimmy Choo-ს ფეხსაცმელებმა და Dolce&Gabbana-ს სტილის ყვავილებიანმა კაბამაც მიიპყრო.

ლუსია და მია

სერიალში არ არსებობს გმირი, რომელსაც ამ ორ პერსონაჟზე მრავალფეროვანი გარდერობი აქვს. როგორც კოსტიუმების მხატვარი ამბობს, სექსმუშაკების - მიას და ლუსიას პერსონაჟები მაყურებელში Pretty Woman-ის მოგონებებს აღძრავს, სადაც იაფფასიანი, უგემოვნო ბრჭყვიალა სამოსიდან გმირები მათი კლიენტის, დომნიკის წყალობით, საბოლოოდ, მათი წარმოდგენით, მდიდარი იტალიელების მსგავსად La Perla-ს, Prada-სა და Moschino-ს სამოსსა და აქსესუარებში გვევლინებიან.  

ჰარპერი

ჰარპერი, რომელიც იტალიურ მოგზაურობაში საკუთარ ქმართან, ქმრის მეგობართან და მის მეუღლესთან ერთად მიდის, პირველ ორ სერიაში შედარებით მუქი ფერის, მკაცრი სილუეტების მქონე სამოსით გვევლინება, თუმცა მესამე ეპიზოდში, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტს, რომ გარშემომყოფებისთვის მოსაწყენი აღარ იყოს, მის მუქ გარდერობში პასტელური მწვანე ფერის სამოსი ჩნდება. როგორც ალექს ბოვარდი ამბობს, ვინაიდან მას ვინტაჟური სამოსი უყვარს, შთაგონება ოდრი ჰეპბერნის სტილი გახდა, თუმცა ნოტოში მოგზაურობის ეპიზოდში, სადაც სერიალში ფილმ  L’avventura-დან მონიკა ვიტის ერთ-ერთი ეპიზოდი გააცოცხლეს, ჰარპერის სტილის შთაგონება სწორედ ამ პერიოდის, 60-იანი წლების იტალიური მოდა გახდა.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი