2023 წელი კინომოყვარულთათვის განსაკუთრებული იქნება, რადგან სწორედ წელს ვიხილავთ არაერთ ფილმს, რომელთა გამოსვლა პანდემიამ შეაფერხა. როგორც ჩანს, სტაგნაციის მიუხედავად, კინოინდუსტრია ძველ რიტმს უბრუნდება. სწორედ ამ ახალ წელს დიდ ეკრანზე მარტინ სკორსეზეს, კრისტოფერ ნოლანის, გრეტა გერვიგის და არი ასტერის ფილმები გამოვა. 

Barbie

 

გრეტა გერვიგის Barbie, რომლის სცენარზეც გერვიგი ნოა ბაუმბაქთან ერთად მუშაობდა, 21 ივლისს პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვა. სუბვერსიულ კომედიაში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. 


Killers of the Flower Moon

 

მარტინ სკორსეზეს ვესტერნი ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დენიროს მონაწილეობით 2023 წლის მაისში გამოვა. ფილმი ამერიკელი ჟურნალისტის, დევიდ გრინის წიგნს ეფუძნება, სადაც გრინი Osage-ს ტომის წევრების მკვლელობებს იკვლევს. 


Indiana Jones and the Dial of Destiny

 

ინდიანა ჯოუნსი დიდ ეკრანზე 30 ივნისს ბრუნდება და ჰარისონ ფორდს არქეოლოგის როლში კიდევ ერთხელ ვიხილავთ. ჯეიმს მენგოლდის გადაღებულ ფილმში ასევე თამაშობენ ფიბი ვოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი და მედს მიკელსენი. როგორც ჩანს, ინდიანა ჯოუნსი ამჯერადაც ნაცისტებს უპირისპირდება.


Beau is afraid

 

არი ასტერის ეპიკური ჰორორ კომედია ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით 2022 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა პრემიერა უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ასტერის იდუმალებით მოცული ფილმს 2023 წელს ვიხილავთ, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.


Oppenheimer

 

კრისტოფერ ნოლანის ბიოგრაფიული ტრილერი 2023 წლის 21 ივლისს გამოვა, სადაც “ატომური ბომბის მამის” როლში კილიან მერფია. ფილმი ამერიკელი მეცნიერის ცხოვრებაზე იქნება დაფუძნებული, რომელიც პირველი ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობდა.


Ferrari

 

მაიკლ მენის ბიოგრაფიული ფილმი ენცო ფერარის შესახებ 2023 წელს გამოვა, იტალიელი მრბოლელის და ბიზნესმენის როლს კი ადამ დრაივერი ასრულებს.  მანმა ფილმზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო, მთავარ როლი თავდაპირველად კრისტიან ბეილს უნდა შეესრულებინა, თუმცა მსახიობი პროექტს მალევე გამოეთიშა.


Next goal wins

 

ტაიკა ვაიტიტის ფილმს კინოთეატრებში 22 სექტემბერს ვიხილავთ. Next Goal Wins ამერიკული სამოას საფეხბურთო გუნდის ისტორიას მოგვითხრობს, რომელმაც 2001 წელს ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლო. ვაიტიტის კომედიაში მთავარ როლ მაიკლ ფასბენდერი ასრულებს.


Dune Part 2

 

დენი ვილენევის Dune 2 დიდ ეკრანებზე 3 ნოემბერს გამოვა და პირველი ნაწილის მსგავსად, ის მთლიანად IMAX-ისთვის არის გადაღებული. Dune სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში კლასიკურ ნაწარმოებად ითვლება, ხოლო კანადელი რეჟისორის კინოადაპტაცია ზენდაიას, ტიმოთი შალამეს და ოსკარ აიზეკის მონაწილეობით ბევრისთვის საყვარელ sci-fi ფილმად იქცა. 


Spider-Man: Across the Spider Verse

 

ანიმაციური ფილმი Spider-Man: Into the Spider-Verse-ის მეორე ნაწილია, რომელიც კინოთეატრებში 2023 წლის 2 ივნისს გამოვა. Across the Spider Verse-ში მეტს შევიტყობთ პარალელური სამყაროების სუპერგმირებზე და მაილს მორალესს, გვენ სტეისისთან ერთად, ახალ სირთულეებთან გამკლავება მოუწევს. 


John Wick: Chapter 4

 

ჩად სტაჰელსკის ექშენ ტრილერის მეოთხე სერია 2023 წლის 23 მარტში გამოვა, კიანუ რივზი კი ჯონ ვიკის როლს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება. ფილმი თავდაპირველად 2021 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა პანდემიის და კიანუ რივზის სხვა პროექტის გამო გადაღებები შეფერხდა. 


Wonka

 

პოლ კინგის მუსიკალური ფენტეზი ტიმოთი შალამეს მონაწილეობით 2023 წლის 15 დეკემბერს გამოვა. ფილმი ვილი ვონკას ახალგაზრდობის ისტორიას მოგვითხრობს, სანამ ვონკა სახელგანთქმულ შოკოლადის ქარხანას გახსნიდა.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე