ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი ივ სენ ლორანი 1936 წელს ორანში, ალჟირში დაიბადა. 17 წლის პარიზში გაემგზავრა და ნამუშევრები ფრანგული Vogue-ის რედაქტორს, Michel de Brunhoff-ს წარუდგინა, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანი მალევე გამოქვეყნდა ჟურნალ Vogue-ში. მოდის კოლეჯის დასრულების შემდეგ სენ ლორანი Christian Dior-ს წარუდგინეს, სადაც ის 1957 წლამდე, დიზაინერის გარდაცვალებამდე, დიორის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო.
Dior-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორობისას ივ სენ ლორანმა პირველად შექმნა კოლექცია სახელწოდებით Ligne Trapeze, რამაც მას დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა.
1962 წელს ივ სენ ლორანმა Pierre Berge – სთან ერთად საკუთარი მოდის სახლი დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ ივ სენ ლორანი მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ საკულტო დიზაინერად მიიჩნევა, თავად მისთვის მოდა, როგორც ფენომენი უინტერესო იყო, მაგრამ მას სტილისადმი ღრმა რწმენა ჰქონდა. “მოდა წარმავალია , სტილი – მარადიული“, – ამბობდა ის.
1966 წელს დიზაინერმა წარადგინა le smoking – ლეგენდარული პიჯაკი. ივ სენ ლორანმა მოდის სამყაროს ასევე თავი დაამახსოვრა გამჭვირვალე ბლუზებით (1966), ორბორტიანი პიჯაკებითა (1962) და კომბინეზონებით (1968).
Le Smoking იყო კაცის კოსტიუმით ინსპირირებული, ქალის სხეულზე მორგებული პიჯაკი, რომელიც კლასიკურ ატრიბუტად იქცა ქალებისთვის, რომლებსაც სურდათ, ძლიერები და მომხიბვლელები ყოფილიყვნენ. ამ ტრენდმა კულტურულ ცნობიერებაში სწორედ იმ დროს შეაღწია, როდესაც ფემინისტების მეორე ტალღა მოდის განხილვას თავს არიდებდა, მან გამოიწვია გამოსასვლელი ტანსაცმლის რადიკალურობა და შეუქცევადად შეცვალა ქალების ჩაცმულობის სტილი.
სენ ლორანის უნიკალური სტილი ჰარმონიულად აერთიანებდა მოდისა და ხელოვნების თანხვედრას, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ დიზაინერის გამუდმებულმა დიალოგმა ხელოვნებასა და მოდას შორის განსაზღვრა ბრენდის ამგვარი წარმატება. ამ ნიშით გამოირჩევა 1965 წლის 80 დიზაინისგან შემდგარი კოლექცია – “მონდრიანის რევოლუცია“. მათგან 6 ხელოვანის გეომეტრიული აბსტრაქციებით არის ინსპირირებული. მოდის სამყაროში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოდების ჩვენება მუზეუმში გაიმართა.
ამ კოლექციისთვის შეიქმნა ივ სენ ლორანის ხანგრძლივი აქსესუარების კოლაბორატორის, როჯერ ვივიერის შავი საკულტო ფეხსაცმელიც, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო პოპულარული გახდა Luis Buñuel-ის ფილმიდან “Belle de Jour”, სადაც Catherine Deneuve-ის პერსონაჟს, ბურჟუაზიული მაღალი ფენის მომხიბვლელ Séverine Serizy-ს სწორედ ეს ფეხსაცმელი ეცვა. გარდა ამისა, დიზაინერმა ამ ფილმისთვის მთელი გარდერობი შექმნა, რამაც კინოსურათს კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. ფილმში გამოყენებულმა დიზაინმა კი პოპულარულ მოდაში გადაინაცვლა. ივ სენ ლორანის დიზაინით შეიქმნა არტჰაუსის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, Alain Resnais-ის ფსიქოლოგიური ფილმის, “Stravisky”-ის კოსტიუმი Annie Duperey-ის პერსონაჟისთვის, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე 1974 წელს შედგა.
ივ სენ ლორანის ტანსაცმელი გამოირჩეოდა ღიაობით, მისი მოდელები ყოველთვის ულიფოდ ატარებდნენ გამჭვირვალე ბლუზებს, დიდი სახელოებით, საგულდაგულოდ შეკრული ბაფთებითა და ბუმბულებიანი დეკორით. დიზაინერის გადაწყვეტილება ნაკლებად ეფუძნებოდა დამკვირვებელთა სიამოვნებას, არამედ მიმართული იყო სქესთა თანასწორობაზე.
მოდის სამყაროში, სადაც დღესაც თეთრკანიანი მოდელები დომინირებენ, 60-70-იან წლებში ივ სენ ლორანი საკუთარ სამოდელო კასტინგებში რთავდა ყველა რასის წარმომადგენელს. დიზაინერის სურვილს პოდიუმი დაეთმო ფერადკანიანი მოდელებისთვის, პოზიტიური ძვრები მოჰყვა მოდის სამყაროში.
“ჩემი პირველი Vogue-ის ქავერი სწორედ ამ კაცის დამსახურებაა, როდესაც ივს ვუთხარი, რომ ფრანგული Vogue არ დასთანხმდებოდა გარეკანზე ფერადკანიანი გოგონას გამოჩენას, მან მიპასუხა, რომ ამ საკითხს მოაგვარებდა, და ასეც მოხდა.” – ნაომი კემპბელი
1960-იანი წლებისთვის საზოგადოებაში მოდისგან ნაკარნახევი ტენდენციები მოძველდა, ქალებს სურდათ ჩაეცვათ ელეგანტურად და ამავდროულად ხელმისაწვდომად, ივ სენ ლორანს სურდა შეექმნა ტანსაცმელი ყველასთვის და არა მხოლოდ მდიდრებისთვის. 1966 წლის 26 სექტემბერს ის გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც შექმნა “ready to wear“ მაღაზია საკუთარი სახელით: SAINT LAURENT rive gauche. იმის მაგივრად, რომ შეექმნა მაღალ მოდასთან მიმსგავსებული პროდუქცია დაბალი ფასებით, ის “Rive Gauche“-ის მომხმარებელს აბსოლუტურად განსხვავებული კოლექციების ხაზს სთავაზობდა, მაღაზიას ძალიან დიდი პოპულარობა და კლიენტების ერთგულება ხვდა წილად, მოგვიანებით მისი ფილიალები გაიხსნა ნიუ-იორკსა და ლონდონში, რის შემდეგაც დიზაინერმა კაცის ტანსაცმლის ხაზის – ready to wear–ის მაღაზიაც გახსნა.
1966 წელს ივ სენ ლორანი პიერ ბერჟესთან ერთად პირველად გაემგზავრა მაროკოში. მათ ერთი ნახვით შეიყვარეს მაროკო და გადაწყვიტეს Dar el-Hanch – გველის სახლი შეეძინათ. დიზაინერი წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდა მაროკოს, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობა არ უყვარდა, აღნიშნავდა, რომ ფერების შესახებ ყველაზე მეტს მაროკოში სწავლობდა.
1967 წელს მან შექმნა კოლექცია, რომელიც მთლიანად აფრიკული კულტურითა და მოტივებით იყო ინსპირირებული. გამოყენებულ მასალებს შორის იყო ხის მძივები, ოქროს ძაფები და ჩალა.
1969 წელს ივ სენ ლორანმა შექმნა კოლაბორაცია Claude Lalanne-სთან. François-Xavier და Claude Lalanne ამზადებდნენ ბუნებით ინსპირირებულ სკულპტურებს, რომლებსაც მცენარეების თუ ცხოველების ფორმა ჰქონდათ.
1969 წლისთვის სენ ლორანის კოლექციისთვის Claude Lalanne-მ შექმნა დიზაინერის ერთ-ერთი მოდელის, ვერუშკას სხეულის რამდენიმე ყალიბი, რომლებიც შავი და ცისფერი ფაფუკი კაბის ნაჭრებთან ერთად იცმებოდა.
1982 წელს შეიქმნა სენ ლორანის ინდოეთით ინსპირირებული კოლექცია, რომელიც ფერადოვნებით, სამკაულებითა და მიმზიდველი კონტრასტებით გამოირჩევა.
“უმეტესად მარტო ვარ, ჩემს წარმოსახვის უნარს ვიყენებ იმ ქვეყნების წარმოსადგენად, რომლებსაც არ ვიცნობ, მეზიზღება მოგზაურობა, მაგალითად, როდესაც ვკითხულობ წიგნს ინდოეთზე ან ეგვიპტეზე, ფოტოსურათებით ვნახულობ ადგილებს, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, ჩემს წარმოსახავს იქ მივყავარ, ეს ჩემი საუკეთესო მოგზაურობაა”. –ივ სენ ლორანი
1970-იანი წლებისთვის გამოვიდა დიზაინერის მიერ დამზადებული სიყვარულის ბარათები, რომლებსაც ის საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს, კლიენტებს და კოლაბორატორებს უგზავნიდა 2007 წლამდე.
1980 წელს დიზაინერმა საყვარელი პოეტების პატივსაცემად ბრწყინვალე კოლექცია შექმნა: შექსპირი, ლუი არაგონი, ჟან კოქტო, გიიომ აპოლინერი.
“მთელი კოლექცია შექსპირს მივუძღვენი. ბლუზა ჰამლეტის პერანგს მოგაგონებდათ, წითელი აბრეშუმის კაბა – ლედი მაკბეტისას. ის სრულიად თანამედროვე იყო, თუმცა შუა საუკუნეების ელფერი დაჰკრავდა. ემა ბოვარზეც ბევრს ვფიქრობდი. ეს პერსონაჟი ძალიან თანამედროვეა. მისი ხასიათის თვისებებს დღევანდელ ქალებშიც ვხედავ. ვფიქრობ, ვივიენ ლი A Streetcar Named Desire-ში შეუდარებელი იყო. აღფრთოვანებული ვარ ულამაზესი, შილიფად ჩაცმული მისი სათუთი პერსონაჟით.“
ალბერ ელბაზთან დიზაინერად მუშაობის ხანმოკლე პერიოდის შემდგომ, 1999 წელს, სახლს სათავეში Tom Ford ჩაუდგა. ბრენდმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ახლა სუნამოებს და ქალების და მამაკაცების სამოსს ქმნის.
მის უკანასკნელ ჩვენებაზე, 2002 წელს, აცრემლებულმა სენ ლორანმა ბოლოჯერ მიაგო პატივი მისი დიდი ხნის მუზას, კატრინ დენევს Ma Plus Belle Histoire d’Amour-ის სიმღერით.
Stefano Pilati, რომელმაც 2005 წელს ტომ ფორდი ჩაანაცვლა, ივ სენ ლორანის დევიზის ერთგულია – “ჩაცმულობა ცხოვრების სტილია.”
2012-2016 წლებში სენ ლორანის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი Hedi Slimane იყო, ხოლო ამჟამად Anthony Vaccarello გახლავთ.
ივ სენ ლორანი 2008 წლის 1-ლ ივნისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
დიზაინერის ცხოვრებასა და მის შემოქმედებაზე არაერთი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი გადაიღეს, თუმცა მათ შორის გამოირჩევა 2014 წლის Bertrand Bonello-ს რეჟისორობით გადაღებული ფილმი: “Saint Laurent“, რომელიც ბრწყინვალე სამსახიობო გუნდით და ვიზუალური მომხიბვლელობით გამოირჩევა.
დაწერე კომენტარი