ანდრე რეიზინგერი სახელგანთქმული გრაფიკული დიზაინერია, რომელიც ვირტუალურ სამყაროებს ქმნის. მისი ახალი, არქიტექტორ ალბა დე ლა ფუენტესთან ერთად შექმნილი ნამუშევარი - “ზამთრის სახლი” ვარდისფრად განათებულ თოვლიან პეიზაჟში ჩაფლული ორსართულიანი ნაგებობაა. სახლის ორივე სართული შუშებით არის დაფარული, რაც ვარდისფერ ინტერიერთან ერთად, სახლს დათოვლილი გარემოს ბუნებრივ ნაწილად აქცევს.  

“ჩვენ წარმოვიდგინეთ, როგორი იქნებოდა ცივი სეზონი მეტავერსში და შევაგროვეთ სიმყუდროვის, სიჩუმის და კომფორტის შეგრძნებები, რომლებიც ზამთართან ასოცირდება და საცხოვრებელ სახლად ვაქციეთ”, განმარტავს დიზაინერი. პროექტის არქიტექტურა დიდწილად დიეტერ რამსის 1960-იანი წლების ნამუშევრებით არის შთაგონებული. შედეგად, ზამთრის სახლის ინტერიერში აქცენტი ფერსა და გახსნილ სივრცეებზეა გაკეთებული, თუმცა სიმყუდროვის განცდა შენარჩუნებულია.  რეიზინგერის დიზაინი სრულყოფილია მაგიური ზამთრის ლანდშაფტით, დათოვლილი ხეები და თოვლზე დატოვებული საბურავების კვალი კი რეიზინგერის სამყაროს რეალურ სიცოცხლეს მატებს. 

ზამთრის სახლი არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის ვირტუალურ სამყაროში გადატანისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მეტავერსის ფენომენის პოპულარიზაციასთან ერთად, არტისტები ჩამთრევი და დეტალური ვირტუალური გარემოების შექმნაზე სულ უფრო მეტად მუშაობენ.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე