12 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე “ბაია გალერიში” გამოფენა კოლექციონერი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარდგენილი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თანამედროვე ქართულ და მსოფლიო ხელოვნებაში. ესენი არიან: ავთო ვარაზი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ფელიქს ვარლამიშვილი, მიხაი ზიჩი, კირილე ზდანევიჩი, ედმონდ კალანდაძე, ვერა ფაღავა, თამარ აბაკელია, ვანო მელიაშვილი, სერგო ქობულაძე, მიხეილ ხვიტია, ელგუჯა ბერძენიშვილი და კორნელი სანაძე.
ელენე ახვლედიანი - ძველი თბილისი (ქაღალდი, გუაში, 26,8 x 35,3სმ, )
დავით კაკაბაძე - ინდუსტრიული პეიზაჟი (ტილო, ზეთი, 80,5 x 116სმ, 1948 წელი)
საქართველოს ისტორიის შედარებით ტურბულენტურ წლებში არაერთმა ქართველმა ხელოვანმა ქვეყანა დატოვა და ევროპაში ან აშშ-ში წავიდა. “კოლექციონერი” თანამედროვე ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ერთ სივრცეში აერთიანებს. მაგალითად, ვერა ფაღავა ოჯახთან ერთად 1920 წელს ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და 1923 წელს პარიზში დასახლდა, სადაც ის ბოლშევიკურ ოკუპაციას გაქცეული ქართული საზოგადოების წევრი გახდა. ფაღავა პარიზში როჟე ბისიეს ხელმძღვანელობით სწავლობდა, რომელმაც მის სტილზე დიდი გავლენა იქონია.
ვერა ფაღავა - La Rencontre (ტილო, ზეთი, 33 x 55სმ, 1950-1955 წლები)
ავთო ვარაზი - მძინარე ქალი (ტილო, ზეთი, პოპარტი, 86 x 52 სმ, 1972 წელი)
ლადო გუდიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია, რომელიც 1919-1926 წლებში პარიზში მოღვაწეობდა, სადაც ის ლა რუშის მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი იყო და სწორედ აქ გაიცნო ამადეო მოდილიანი, ნატალია გონჩაროვა და არაერთი იმდროინდელი გამოჩენილი ფერმწერი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ გუდიაშვილი საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული მხატვარი გახდა, 1946 წელს ის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს, რადგან მან ქაშვეთის ეკლესიის კედლები მოხატა. გუდიაშვილის შემოქმედების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ, კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში ინახება.
გამოფენაზე წარდგენილი იქნება დავით კაკაბაძის და ელენე ახვლედიანის ნამუშევრებიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ხელოვანის სტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება, კაკაბაძემ და ახვლედიანმა დიდი გავლენა მოახდინეს ქართული თეატრის მხატვრობის ჩამოყალიბებაზე. ფერწერაში კი, რაც თანამედროვე ქართულ “სტილთან” ასოცირდება, თითქმის ყველაფერს ამ ორი მხატვრის გავლენა ეტყობა.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი