“დელფინი შადრევანში” - ასე ჰქვია ქართველი არტისტის, ანდრო ვეკუას სკულპტურას, რომელიც ამჟამად ჩინეთში, TANK Shanghai-ში არის წარმოდგენილი. ეს გალერეა და კვლევითი ინსტიტუტი ჰუანგპუს მდინარესთან მდებარეობს და 5 საგამოფენო დარბაზს მოიცავს, რომლებიც ინდუსტრიულ ტანკერებშია განთავსებული. ვეკუას გამოფენა TANK Shanghai-ში მანამდე ორჯერ გაიმართა, თუმცა ამჯერად ერთ-ერთი საგამოფენო დარბაზი მთლიანად ქართველი არტისტის ნამუშევრებისთვის არის განკუთვნილი. 

“დელფინი შადრევანში” გალერეის მიხედვით განუზღვრელობის განცდას გადმოსცემს. კაშკაშა უსქესო სხეული კვადრატული ფუძის ცენტრში დგას, ხოლო მისი თითიდან წყლის ნაკადი გადმოდის. სკულპტურის ზურგზე დელფინები და პეგასია გამოსახული. ვეკუას ნამუშევრები ბავშვურ განწყობას კარგად გადმოსცემს და მის ფიგურებს ხშირად ბუნდოვანი ნაკვთები აქვთ. TANK Shanghai-ში გამართულ გამოფენაზე ვეკუას სამი ნახატია წარმოდგენილი, ერთ-ერთ მათგანზე ბავშვია გამოსახული, რომელსაც ქალი ეხუტება და ყურზე ხელს აფარებს, ორივე ერთად კი ცეცხლს უყურებენ. 

“რაღაცებს არ ვუყურებ ისე, თითქოს დროში სწორხაზოვნად მოხდა, წარსულში ან აწმყოში… რაღაცები წარსულს არ ბარდება მხოლოდ იმიტომ რომ დრო გავიდა”, - ამბობს ვეკუა. მისი ნამუშევრები ხშირად აფხაზეთის ომით და საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებით არის შთაგონებული, რადგან მან ბავშვობა დიდწილად სოხუმში გაატარა და საქართველო 1994 წელს დატოვა. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე