„მცურავი სამყაროს ნახატები“, იგივე უკიო-ე - ასე ჰქვია იაპონურ ხელოვნებაში დამკვიდრებულ გრავიურების ბეჭდვის ჟანრს, რომელიც XVII საუკუნიდან XX საუკუნემდე იაპონელი ხელოვანების მიერ ლანდშაფტებს, ისტორიულ მოვლენებს თუ სცენებს თეატრალური ცხოვრებიდან სახასიათო სტილით გადმოგვცემს. ამ ჟანრის წარმომადგენელი ხელოვანების მიერ შექმნილ ნამუშევრებში, რომლებშიც ხშირად გვხვდება იაპონური ბუნების პეიზაჟები, აღმოაჩენთ, რომ კულტურა, რომელიც თავისთავადაც მდიდარი ისტორიით და წარსულით გამოირჩევა, ცხოვრების ისეთ ყოფით ნიუანსებსაც კი, როგორიც სეზონების და ამინდების ცვლილებაა, სრულიად განსხვავებული კუთხიდან აღიქვამს.

Hokusai  

“კანაგავას დიდი ტალღა“ ის ნამუშევარია, რომლითაც ყველაზე მეტად ცნობენ ჰოკუსაის შემოქმედებას, თუმცა უკიო-ე-ს ჟანრის ხელოვნების ამ ყველაზე მთავარი წარმომადგენლის სახელს, რომლისგანაც შთაგონებას მონე და ვან გოგიც იღებდნენ,  კიდევ არაერთი შთამბეჭდავი ზამთრის პეიზაჟი  უკავშირდება. 

Utagawa Hiroshige

უტაგავა ჰიროშიგე, რომელიც უკიო-ე-ს მიმდინარეობის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, მე-19 საუკუნის იაპონიაში ცხოვრობდა და ჰოკუსაის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. მისი ნამუშევრები, რომლებიც ძირითადად ჰორიზონტალურ ფორმატშია შესრულებული, იმდროინდელი იაპონიის ყოველდღიური ცხოვრებიდან, ურბანული გარემოდან და პოპკულტურიდან იღებდა შთაგონებას. „ტოკაიდოს 53 გაჩერება“ და Edo-ს ასი ხედი“ - ის ყველაზე ცნობილი სერიებია, რომლებმაც გავლენა არა მხოლოდ მომდევნო თაობის იაპონელი ხელოვანების შემოქმედებაზე, არამედ ფრანგულ იმპრესიონიზმზეც კი იქონია.

Kawase Hasui

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვანი, რომლის სახელთანაც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული იაპონური ზამთრის პეიზაჟები. იმდენად, რომ მისი ერთ-ერთი ნამუშევარი Zojo Temple in the Snow, იაპონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. როგორც თავად ხელოვანი ამბობდა, ის იაპონიაში მრავალი ტექნოლოგიური ცვლილების მომსწრე გამხდარა, შესაბამისად, ამ ყველაფრის ასახვამ მის შემოქმედებაში დიდი ადგილი დაიკავა.  

Takeji Asano

იაპონური უკიო-ე-ს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც თავის მხატვრობაში მკვეთრ კაშკაშა ფერებს იყენებდა, ისევე როგორც ამ მიმდინარეობის ყველა ხელოვანი, ტაკეში ასანოც თავისი შემოქმედების მთავარ თემად კიოტოს და ოსაკას თოვლით დაფარულ იაპონურ ლანდშაფტებს წარმოგვიდგენს.


Koson Ohara 

Shin Hanga-ს (ახალი პრინტი) მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ახალი თაობის ხელოვანებს განეკუთვნება, რომელთა მიზანიც ტრადიციული უკიო-ე-ს თანამედროვე ინტერპრეტირება იყო. ხელოვანი შთაგონებას დასავლური ხელოვნებიდანაც იღებს, თუმცა პეიზაჟები, ლანდშაფტები, ფრინველები, ყვავილები (kachou-e) და დეტალებზე ორიენტირებული მხატვრობა მას ტიპურ იაპონელ ხელოვანად აქცევს.

Koitsu Tsuchiya

ოჰარას მსგავსად, კოითსუ თსუჯიაც Shin Hanga-ს თაობის ხელოვანებს მიეკუთვნება, მრავალი თოვლიანი ლანდშაფტის ამსახველი ნამუშევრიდან ყველაზე ცნობილია მისი Miyajima in Snow, რომელიც მხატვარმა 1936 წელს დახატა.



ავტორი : გვანცა ჩანადირი