მატარებლით მოგზაურობა შეიძლება ერთგვარი თავგადასავალი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადაადგილების ეს საშუალება კომფორტულად არის მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ შორ მანძილებზე მოგზაურობა ბევრს თვითმფრინავით ურჩევნია, არსებობს მატარებლები, სადაც დღე-ღამის გატარება დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა.

შიკი-შიმას მოდერნისტული კაბინა

 

იაპონიაში სწრაფმავალი მატარებელი გადაადგილების ხელმისაწვდომი და საკმაოდ სტანდარტული საშუალებაა. თუმცა, ტოჰოკუდან ჰოკაიდომდე მიმავალ მატარებელში მგზავრებს შიკი-შიმას კაბინის დაჯავშნა შეუძლიათ, რომელიც მინიმალისტური დიზაინით და მოდერნისტული ინტერიერით გამოირჩევა. მდიდრულ ვაგონში ნაგანოს პრეფექტურისთვის სახასიათო 300-წლიანი ხისგან დამზადებული აბაზანა და ბუხარიც კია, რაც ზამთარში მოგზაურობას ზღაპრულ თავგადასავლად აქცევს. 

ვენეციის სიმპლონ-ორიენტ ექსპრესი

 

ამ ლეგენდარული იტალიური მატარებლის 8 ვაგონი 1883 წელს არის შექმნილი და თავდაპირველი “ორიენტალ ექსპრესისთვის” გამოიყენებოდა,  ახლა კი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით არის გადაკეთებული და მატარებელს კიდევ 8 ახალი ვაგონი დაემატა, რომელთა ინტერიერის დიზაინი სხვადასხვა თემატიკის მიხედვით არის შექმნილი. ამ ზამთარს მატარებელი მგზავრებს პარიზიდან ალპებამდე გადაიყვანს. 

კონტინენტთაშორისი ხაო-იაი

 

ტაილანდში ცოტა ხნის წინ სასტუმრო InterContinental Khao Yai გაიხსნა, რომელიც ისტორიული რკინიგზის ადგილას მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ Khao Yai მოძრავი მატარებელი არ არის, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ვაგონები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მიტოვებული იყო, ახლა სასტუმროს ნომრებადაა გადაკეთებული

ახალი ორიენტ ექსპრესი 

 

სასტუმროების ქსელი Accor თავდაპირველი ორიენტ-ექსპრესის კაბინებს დიზაინერი მაქსიმ დ’ანგეაკის დახმარებით, ახალ სიცოცხლეს შესძენს. 2025 წელს 17 ვაგონი სასტუმროს ნომრებად გადაკეთდება, რომლის ინტერიერის დიზაინიც მაქსიმალიზმით იქნება შთაგონებული. 

კრუგერ შალატი

 

კრუგერის ეროვნულ პარკში, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს, ახალი სასტუმრო, “კრუგერ შალატი” გაიხსნა. სამხრეთ აფრიკის ყველაზე ცნობილ პარკს გადაკეთებული მატარებლის ვაგონები დაემატება, რომლებიც სელატის ხიდზე განთავსდება, სადაც 100 წლის წინ პარკში მნახველები მატარებელს მიჰყავდა. ახალი სასტუმრო ოთახები აფრიკის ფლორაშია ჩაძირული და ფანჯრებიდან მდინარეებით დაქსელილი ბუნების ხედები იშლება. 

ანდებში მავალი ბელმონდის მატარებელი

 

პერუში, ანდების მთათა სისტემაში სარკინიგზო გადაადგილება დიდი ხანია პოპულარულია, თუმცა კომპანია ბელმონდის ახალი მატარებელი Andean Explorer მგზავრებს ახალ კაბინებს სთავაზობს, რომლის ინტერიერიც ხელით ნაქარგი ნაჭრებით და ხით არის დაფარული. ამასთანავე, ოცდათხუთმეტივე ვაგონი ჟანგბადის ავზებით და ნიღბებით იქნება აღჭურვილი, რაც მგზავრებს მაღალ სიმაღლეებზე მგზავრობას გაუადვილებს. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე