აბაშიძის 10 ნომერში მდებარე ღამის კლუბი TES, რომელიც ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა თაობის ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს, ყოველ კვირა დღეს Lust-ის ოთახში საკლუბო და ელექტრონული მუსიკის ახალი სახეების აღმოსაჩენად Sunday Open Deck-ს მართავს, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ დამწყებ არტისტს, დასწრება კი ნებისმიერ მსმენელს უფასოდ შეუძლია.

დამწყებ მუსიკოსებს, ვისაც სურს, რომ თავიანთი შემოქმედება შედარებით ფართო აუდიტორიას გააცნონ, TES საშუალებას აძლევს, შერჩევის პროცედურის გავლის შემდეგ, მათი მუსიკა Open Deck-ზე მოხვდეს. ამისათვის საჭიროა მუსიკოსები TES-ის ინსტაგრამ- ან ფეისბუქგვერდებს დაუკავშირდნენ და თავიანთი სეტები ბუქერებს გაუგზავნონ, რომლებიც საფუძვლიანი შერჩევის შემდეგ გადაწყვეტენ, რამდენად არის მზად მუსიკოსი მსმენელის წინაშე წარდგეს.

მართა გელიაშვილი: „ხალხის ინტერესი და ჩართულობა ძალიან დიდია როგორც არტისტების, ისე მსმენელის მხრიდან, უამრავი ადამიანი გვიკავშირდება ყოველდღიურად და გამოთქვამს სურვილს, რაც მთელ გუნდს ძალიან გვახარებს და  მოტივაციას გვაძლევს. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, ამიტომ თამამად შეუძლია ყველას, რომ დაგვიკავშირდეს. ჩვენ ბევრს ვიხმაურებთ იქამდე, სანამ ხმას არ მივაწვდენთ ამ ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, ადამიანებს, რომელთა აზრი და მიმღებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."  

ცოტა ხნის წინ Sunday Open Deck-მა, სადაც კლუბის დამფუძნებლებმა ბევრი ახალი თაობის ნიჭიერი მუსიკოსი აღმოაჩინეს, ახალი, ბევრად უფრო მასშტაბური პროექტის, SODOM-ის იდეა დაიბადა, რომლის ფარგლებშიც TES-ის მთავარ ოთახში SOD-ზე აღმოჩენილი გამორჩეული არტისტები კიდევ ერთხელ დაუკრავენ, თუმცა SOD-ისგან განსხვავებით მსმენელისთვის ეს ღონისძიება ფასიანი იქნება.

თბილისში TES-ის მიერ განხორციელებულ ამ პროექტს, ისევე როგორც ბერლინში Night Embassy Berlin-ს,  ალკოჰოლური სასმლის ბრენდი Jagermeister უჭერს მხარს. ამ ბრენდისთვის საკლუბო კულტურა, ღამის ცხოვრება და ამ ინდუსტრიაში ჩაბმული ახალი თაობის შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერა მთავარი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

რატი ხაზალია: “Jagermeister ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება, მთელი ჩვენი ძალისხმევაც სწორედ იმ აქტივობებს ხმარდება, რომელიც ღამით ხდება. გლობალურად Jagermeister ცდილობს მხარი დაუჭიროს ლოკალურ სუბკულტურებსა და მათ წარმომადგენლებს. იეგერი მხარს უჭერს  არტისტებს, მუსიკოსებს, მუსიკალური სფეროს წარმომადგენლებს. ამ კუთხითაც TES, როგორც გამორჩეული სუბკულტურული სივრცე, რომელიც მხარს უჭერს როგორც სცენაზე უკვე კარგად ნაცნობ, ისე დამწყებ არტისტებს, Jagermeister-ისთვის საინტერესოა, რადგანაც, როგორც წესი, დამწყებ არტისტებს საკუთარი მუსიკის მსმენელამდე მიტანა უჭირთ.”

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

ფოტო: ოთო გახარია