ხელოვნებაში მიბაძვა მნიშვნელოვანი რამ არის. მაგალითად, მხატვრობაში ან თუნდაც მუსიკაში ის, რასაც ხელოვანის უნიკალურ სტილს ვეძახით, ხშირად არაფერია, თუ არა სხვადასხვა, მანამდე არსებული სტილის და ტექნიკის ჯამი. ისტორიულად, თუნდაც კლასიკურ მხატვრობაში, მხატვრები ხშირად თავიანთი ოსტატების ან საყვარელი არტისტების სტილს განგებ იმიტირებდნენ, რათა შეესწავლათ ის ტექნიკა, რომელიც მათი საყვარელი ხელოვანის ნამუშევრებს მიმზიდველს ხდიდა. იმის გამო, რომ არასრულყოფილი იმიტაციის წყარო ხშირად მრავალფეროვანია და ამას ემატება არტისტის პირადი გამოცდილება ან ხედვები, იქმნება რაღაც ახალი, რომელიც შემდეგ ასევე ხდება იმიტაციის წყარო. 

 

რიჩარდ პრინსის შემოქმედება მნიშვნელოვან კითხვებს სვამს: მაინც რა დროს ხდება იმიტაცია ორიგინალური და შეიძლება თუ არა შეიქმნას ახალი ხელოვნება მხოლოდ ერთი წყაროს მიბაძვით. სად გადის ზღვარი ახლის შექმნასა და აპროპრიაციას შორის? რამდენად მოქმედებს სოციალური ფაქტორები ნამუშევრის ორიგინალურობაზე?

რიჩარდ პრინსის პირველი ფოტოსერია, სახელწოდებით Untitled Cowboys მარლბოროს რეკლამებიდან აღებული ფოტოებია, რომლებიც ზომაში გადიდებულია, წარწერები მოშლილი აქვს და ტილოებზეა გადატანილი. პრინსის თქმით, “ყოველ კვირა დავინახავდი ხოლმე კოვბოის ახალ ფოტოს და გავიფიქრებდი, ეს მომწონს, ჩემი გახდა, მადლობა”. Untitled Cowboys წარდგენის შემდეგ, პრინსმა ხელოვნების ახალ დარგს ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც rephotography ან ხელმეორე ფოტოგრაფია ჰქვია, რაც ფოტოებისთვის ფოტოების გადაღებას გულისხმობს. ცხადია, ამ მეთოდს არაერთმა თავის დროზე უბრალოდ პლაგიატი უწოდა, თუმცა არსებული ნიმუშის თუნდაც სხვა ფორმატზე გადატანა და სხვანაირად წარმოჩენა მაინც ახლის შექმნაა. პრინსმა უსახელო ფოტოგრაფების ასობით დადგმული ფოტოდან მხოლოდ რამდენიმე შეარჩია, რაც თავისთავად უკვე შემოქმედებითი პროცესია, რადგან რასაც Untitled Cowboys-ის სერიაში ვხედავთ, პრინსის შერჩეულია და არა სხვა ადამიანის. ორიგინალი ნამუშევრის მცირედი სახეცვლილებაც კი მას უკვე სხვა ნამუშევრად აქცევს. ეს იდეა ჯერ კიდევ მარსელ დიუშანის ხელოვნებაში იკვეთება, მაგალითად, მისი ცნობილი ნამუშევარი L.H.O.O.Q, რომელიც ულვაშებმიხატული და ხელმოწერილი მონა ლიზას ნახატის რეპროდუქციაა. ორიგინალის მცირედი სახეცვლილებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ის “ორიგინალი” აღარ იყოს. 

პრინცის “ექთნების ნახატები” ხელმეორე ფოტოგრაფიის (?) ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა. ნახატების სერიის ფარგლებში პრინსი ექთნების ნახატებს და ფოტოებს იყენებს, რომლებიც რომანტიკული ნოველების გარეკანებზე ხშირად ჩნდებოდა. პრინსი ექთნების ფოტოებს არჩევდა, გადაჰქონდა დიდ ტილოზე და ზემოდან აკრილის საღებავით ახატავდა და თან სხვადასხვა წარწერებს უკეთებდა: Surfer Nurse, Naughty Nurse, Millionaire Nurse და ა.შ. ყველა ეს ნახატი ერთი საერთო თვისებით გამოირჩევა, თითოეულ ექთანს პირბადე აქვს მიხატული, რომლის მიღმა არსებული ღიმილიც ხანდახან გროტესკულად იღვრება წინა პლანზე. ექთნების სერიის გამოფენისას პრინცმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ხელოვნების პრობლემა ისაა, რომ გოლფის თამაშივით არაა - ბურთს ან ჩააგდებ ხვრელში, ან ვერა. აქ საბოლოო შედეგი არ არის, არც მსაჯია, არც წესები… ეს ხელოვნების ერთ-ერთი პრობლემაა, მაგრამ ამასთანავე ესაა ის, რაც ხელოვნებას საინტერესოს ხდის”. პრინსის ექთნის ნახატები პირველწყაროსგან განსხვავებულია და არამხოლოდ იმიტომ, რომ ფოტოებს ზემოდან აკრილის საღებავი აქვს გადასმული. კონტექსტის ცვლილება ან რეკონტექსტუალიზაცია შეიძლება საკმარისი იყოს ახალი ნამუშევრის შესაქმნელად. ხელოვნების ამგვარი პოსტმოდერნისტული ხედვა ჩანს თანამედროვე კულტურაში: ნებისმიერი “იტალიური რესტორანი”, სადაც უადგილო “რომაული” სვეტებია აღმართული, ან ნებისმიერი “ფრანგული საცხობი”, სადაც ედიტ პიაფის სიმღერებია ჩართული, რაღაცის იმიტაციაა, რომელიც თითქოს მხოლოდ კულტურულ ცნობიერებაში არსებობს. მაშ, სად გადის ზღვარი იმიტაციას და ორიგინალს შორის?

ამ კითხვას პრინსი კიდევ ერთხელ თავის ფოტოსერიაში - New Portraits-ში - უბრუნდება, რომლებიც ინსტაგრამის პოსტებს მოიცავს (ხანდახან ცნობილი ხალხის) და რომლებზეც პრინსის ბუნდოვანი კომენტარებია მიწერილი. პრინსის ხედვით, რაღაც ახალი მაშინ იქმნება, როცა პირველწყაროსთან დამკვირვებელი ინტერაქციაში შედის. თავის ბლოგზე, რომელიც შემდეგ სტატიად გამოქვეყნდა, პრინსი განმარტავს:

 

“ჩემს შვილს თამბლერზე ვკითხე: ეს შენი ფოტოებია? სად იპოვე ეს ფოტო? უფლების აღება დაგჭირდა? ეს ფოტო მოჭერი? წაშლა შეგიძლია? ეს “ფოლოუერები” ვინ არიან? იცნობ?...”

 

ინსტაგრამის პოსტების “მოპარვის” შთაგონება tumblr რომ აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ თავისთავად ირონიულია, პრინსი საინტერესო დაკვირვებას აკეთებს. ინტერნეტი სავსეა რეპროდუქციებით, სადაც პოპულარული მედია ან სხვადასხვა ადამიანის შემოქმედება იჭრება, ახლიდან იდება, ზემოდან რაღაცები ეწერება და მასობრივად, უკონტროლოდ ვრცელდება ისე, რომ პირველწყარო იკარგება. ყველა პოპულარული tumblr ბლოგი (თუ დარჩა საერთოდ) წარწერიანი გიფებით, ემო გოგოებით და “ესთეტიკებით” ან ყველა ინსტაგრამის გვერდი ფილმებიდან ამოჭრილი ციტატებით, ანიმაციიდან აღებული მიმებით და ა.შ., ხშირად მხოლოდ რეპროდუქციაა. პრინსის New Portraits ერთგვარი მეტაკომენტარია ინსტაგრამის კულტურაზე, რომლის კიდევ ერთი თვისება ისაა, რომ მისი კრიტიკა და ხელოვნების დაკნინებად გასაღება მას ლეგიტიმურობას მატებს. ეს ყველაზე ნათლად მაშინ გამოჩნდა, როცა პრინსის მიერ რატაიკოვსკის მოპარულ ფოტოსთან თვითონ მოდელი - ემილი რატაიკოვსკი მივიდა, ფოტო გადაიღო და NFT-ად გარდაქმნა, რომელიც გაიყიდა. მოდელის განმარტებით, მან ეს ფოტოზე უფლებების დასაბრუნებლად გააკეთა, თუმცა მისი NFT ხელოვნების ახალ ნიმუშად იქცა, რომელიც ვერ იარსებებდა, რომ არა პრინსის რეპროდუქცია, რომელიც თავის მხრივ ვერ იარსებებდა, რომ არა რატაიკოვსკის თავდაპირველი სელფი, რომელიც ვერ იარსებებდა, რომ არა “სელფების” გამოხატვის ფორმა, რაც მაინცდამაინც ორიგინალური არაა, რაც არ იარსებებდა, რომ არა… და ა.შ.

პრინსის იმიტაციით ობსესია მაშინაც იკვეთება, როცა ხელოვანი თითქოს არაფერს იმიტირებს. 2016 წელს Gagosian-ის მუზეუმში პრინსის Hippie Drawings გამოფენა მოეწყო, სადაც ხელოვანის უცნაური პერსონაჟები იყო წარმოდგენილი, ხშირად კოლაჟების ფორმით. ზოგი პერსონაჟი დახატული იყო, ზოგი გამოჭრილი, ზოგი ფოტოს სახით მიწებებული დიდ ფორმატზე. პრინსის თქმით, ჰიპების შთაგონება მისი უმცროსი შვილის ნახატები იყო ან, პრინსის ენაზე რომ ითქვას, ხელოვანმა იდეა შვილს მოჰპარა. 

რიჩარდ პრინსის de kooning-ის სერია დანიელი ექსპრესიული აბსტრაქციონისტის ნახატების რეპროდუქციაზე მიხატული კიდურებისგან და სახეებისგან შედგება. პრინსის თქმით, დე კუნინგი მისთვის საყვარელი მხატვარია და რეპროდუქციის ამ სერიაში ის მხატვრის აბსტრაქციულ მოძრაობებს ადამიანურ სახეს აძლევს. რაც დანიელი მხატვრის თავდაპირველი ჩანაფიქრის ერთგვარი შემობრუნებაა. ამით პრინსი ხელოვნების ორიგინალურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარადიგმას “არღვევს”, კერძოდ, თავდაპირველი ჩანაფიქრის უგულებელყოფით, პრინსი აჩვენებს, რომ ახალი ხელოვნების შექმნა შეიძლება.

მსგავსი მიდგომით შეიქმნა “ripple paintings” სერია, ამ შემთხვევაში პრინსი 60-70-იანების Playboy-ში და სხვა მსგავს გამოცემებში გამოქვეყნებულ ილუსტრაციებს გარდაქმნის. თითოეული ილუსტრაცია აკვარელის ერთი ფერის სქელი ფენით არის გადაფარული. შედეგი უცნაური აბსტრაქციებია, სადაც ერთ ფერს მიღმა ეროტიული ილუსტრაციების და კომიქსების ფრაგმენტები მოჩანს.

.

 

პრინსის შემოქმედება ფუნდამენტური საკითხის გარშემოა აწყობილი, “რა არის ხელოვნება?”. ამერიკელი ხელოვანი გვიბიძგებს კიდევ ერთხელ გადავიაზროთ ეს საკითხი და მიანიშნებს, რომ ხელოვნურად შექმნილი ზღვარი ხელოვნებას და “არახელოვნებას” შორის ძალიან ბუნდოვანია. საბოლოოდ, ისევ ჩვენი გადასაწყვეტია, რა არის ხელოვნება. თუ პრინსის ნამუშევრებს შემოქმედებად არ მიიჩნევთ, მაშინ ის შემოქმედება არ არის და პრინსი საპირისპიროს ვერ დაგიმტკიცებთ. თუმცა ნებისმიერი მეთოდოლოგიური მიდგომა ამ კითხვისადმი, რომელიც რაღაც ზუსტ პასუხს მოგვცემს, პრინცის მიხედვით, ფუჭია და ეს ხელოვნების ერთდროულად “პრობლემა” და ხიბლია. 

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე