High Tech, Low Life
ჰაერში მოციმციმე ჰოლოგრამები, ნეონის შუქებით განათებული ქუჩები, კორპორაციული გიგანტების მიერ შექმნილი იდეალური ცხოვრების მიღმა დარჩენილი ადამიანები და ხელოვნური რეალობა, რომელსაც მარტოსული მთავარი გმირი უპირისპირდება. მთავარმა გმირმა იცის, რომ არაფერსა და არავის უნდა ენდოს - ინფორმაციითა და ადამიანის გონებით მანიპულატორთა მიერ შეთხზულ რეალობაში სინამდვილესა და ილუზიას შორის ზღვარი დიდი ხნის წინ წაიშალა.
ეს სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი - კიბერპანკისთვის დამახასიათებელი გარემოა, რომელიც გარეგნულად უსაზღვრო შესაძლებლობებით სავსე და თვალისმომჭრელია, თუმცა მას, ვინც მის სიღრმეში ჩახედვას გაბედავს, უკონტროლო შიში, ტერორი და ისედაც მყიფე რეალობისა და საკუთარი პიროვნების დაშლა მოელის.
ტერმინი “კიბერპანკი” ორი სიტყვის - კიბერნეტიკისა და პანკის - ერთგვარი შერწყმის შედეგია. კიბერპანკი ერთდროულად სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრსა და კულტურას აღნიშნავს, რომელიც ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე სოციუმის ვარდნასა და დეგრადირებას გულისხმობს. ტერმინი პირველად 1983 წელს ამერიკელმა მწერალმა ბრიუს ბეთკემ საკუთარი მოთხრობის სათაურად გამოიყენა. კიბერპანკისთვის ერთ-ერთი წამყვანი ხაზი მკვეთრად გამოხატული სოციალური უთანასწორობაა: ერთმანეთს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და შესაძლებლობებით შეიარაღებული მსხვილი კორპორაციები და იაფფასიან ნარკოტიკებსა და სხვადასხვა სახის კომპიუტერულ პროგრამებზე დამოკიდებული, სოციუმის ფსკერზე მცხოვრები ადამიანები უპირისპირდებიან.
თავდაპირველად კიბერპანკი ლიტერატურულ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, რომელმაც ფეხი მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აიდგა. მიუხედავად იმისა, რომ კიბერპანკისთვის დამახასიათებელი ცალკეული თემები და პრობლემატიკა სხვა ავტორების შემოქმედებაშიც გვხვდება, ლიტერატურაში კიბერპანკის სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრად ჩამოყალიბება უილიამ გიბსონის სახელს უკავშირდება. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი “ნეირომანსერი” კი კიბერპანკის, როგორც ლიტერატურული ჟანრის ბიბლიადაა მიჩნეული. ჟანრის სხვა გავლენიან ავტორებს შორის არიან: ფილიპ კ. დიკი, ბრიუს სტერლინგი, რუდი რიუკერი და ა.შ.
მალე კიბერპანკმა წიგნის ფურცლებიდან ეკრანებზე გადაინაცვალა. მიმდინარეობამ საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ დაიმსახურა, როცა მაყურებლებმა რიდლი სკოტის ფილმი “დანის პირზე მორბენალი” პირველად იხილეს. რეჟისორმა ფილმი ფილიპ კ. დიკის გახმაურებული ნაწარმოების, “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” მიხედვით გადაიღო. ფილმი მაყურებელს ადამიანის ფსიქოლოგიაზე ტექნოლოგიის გავლენის კვლევის პარალელურად თავბრუდამხვევი ქუჩებით, განათებებითა და პერსონაჟების დასამახსოვრებელი ვიზუალითაც ხიბლავს. რიდლი სკოტის ნამუშევარი და მომავლის სამყარო, რომელიც “დანის პირზე მორბენალში” ასე ცხადადაა დახატული, ფაქტობრივად, კიბერპანკის ჟანრში შემდგომ შექმნილი სურათებისთვის მთავარი სახელმძღვანელო და მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა.
დასავლეთის პარალელურად ჟანრით თანდათანობით იაპონიაშიც დაინტერესდნენ, განსაკუთრებით, ანიმატორები, რომელთა წყალობითაც 1988 წელს მაყურებლებმა პირველად იხილეს “აკირა”. ანიმაციამ მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება. ნამუშევარმა იაპონური ანიმესა და მანგას ინდუსტრიის გარდა, დასავლურ კინემატოგრაფიასა და მუსიკაზეც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია და აქტუალურობას დღემდე, 30 წლის შემდეგაც კი არ კარგავს.
არანაკლები წარმატება და აღიარება ხვდა წილად ანიმეს “მოჩვენება ჯავშანში”, რომელიც უხვი დეტალებით გაჯერებული ანიმაციითა და თავბრუდამხვევი ბრძოლის სცენებით მაყურებლის მოხიბვლის გარდა, მრავალ მნიშვნელოვან კითხვასა და პრობლემას წამოჭრის: რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? როგორი და რამდენი ტექნოლოგიური ჩარევა გვაშორებს ადამიანობის დაკარგვისგან? ნამუშევარი ჟანრის კლასიკად ითვლება, რომელიც “აკირასთან” ერთად ყველასათვის საყვარელი “მატრიცის” შთაგონების წყაროც აღმოჩნდა.
ბნელი, ფუტურისტული მომავლის საშინელება ყველაზე მძაფრად საზოგადოებამ მაინც “მატრიცის” წყალობით აღიქვა. სწორედ მას შეგვიძლია კიბერპანკის სუბკულტურად ჩამოყალიბება დავუკავშიროთ. ცვალებადი რეალობა, ტყუილი, რომელშიც ვცხოვრობთ და მომავალი, რომელიც შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ - “მატრიცამ” საზოგადოებას წინ ლურჯი და წითელი აბები დაუდო და მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა.
“მატრიცის” შემდეგ კიბერპანკმა აქტუალურობა და მაყურებელი დროებით დაკარგა, რადგან ჟანრმა ფილმის მდიდარი მემკვიდრეობის სათანადოდ გამოყენება ვერ შეძლო და კინემატოგრაფიის ზედაპირულ, გასართობ მიმდინარეობად იქცა, თუმცა ბოლო დეკადამ ჟანრს ახალი სიცოცხლე აჩუქა. კიბერპანკის მეორე ტალღის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრებად ნეონის განათებებითა და გამოუთქმელი მარტოობის შეგრძნებით სავსე “დანის პირზე მორბენალი 2049”, შემაშფოთებლად რეალური და ახლობელი “შავი სარკე” და იდენტობის, მოგონებებისა და არჩევანის თავისუფლების თემების ღრმა ანალიზით გამორჩეული “ველური დასავლეთის სამყარო” ითვლება. აღნიშნულმა სურათებმა ჟანრს სული ხელახლა შთაბერეს და კიბერპანკის, როგორც კულტურის მნიშვნელობა და პოპულარობა უკან დააბრუნეს.
ვინ არიან კიბერპანკ კულტურის წარმომადგენლები?
ზოგადად, მათი მთავარი ნიშანი ავტორიტეტების უნდობლობაა. ისინი ტექნოლოგიების ეპოქის შვილები არიან, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ სისტემას, ამჩნევენ თანამედროვე საზოგადოების დეგრადირების შეუქცევად პროცესს, ეწინააღმდეგებიან მსხვილ კორპორაციებსა და საზოგადოებაზე მათ გავლენას.
თანამედროვე ტექნოლოგიები და გაჯეტები, ნეონის ფერები და თვალშისაცემი აქსესუარები, ხელოვნება და მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება - თანამედროვე საზოგადოებაში კიბერპანკებად ხშირად ე.წ. ჰაკერებს, კომპიუტერულ თამაშებზე, მანგასა და ანიმეებზე დამოკიდებულ ადამიანებს, ე.წ. რეივერებს და ა.შ. მოიხსენიებენ. ზოგიერთი მათგანი თავს კიბერპანკ კულტურის წარმომადგენლად მიიჩნევს, ზოგიერთი კი - არა, შესაბამისად. კონკრეტული ჯგუფების კიბერპანკ კულტურის წარმომადგენლებად იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია.
მიუხედავად იმისა, რომ კიბერპანკი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა და ლიტერატურასა თუ კინემატოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებიც, სულ მცირე, ათეული წლის წინ შეიქმნა, კიბერპანკის მნიშვნელობა და აქტუალურობა თანამედროვე ეპოქაში ყოველდღიურად იზრდება. მიზეზი მარტივია: რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, დღეს ჩვენ კიბერპანკში ვცხოვრობთ. მართალია, არც მოციმციმე ჰოლოგრამები გვიღობავენ გზებს და ოფიციალურად არც სხვათა მოგონებებით ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ უამრავი დეტალი, რაც კიბერპანკის ჟანრის მწერლებმა და რეჟისორებმა იწინასწარმეტყველეს, დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია: მსხვილი კორპორაციების რაოდენობისა და გავლენის ზრდა, ტექნოლოგიების სინათლის სისწრაფით განვითარება, ადამიანების გაჯეტებზე დამოკიდებულება, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.
კიბერპანკი ინფორმაციების ერაა, დღეს კი ძალაუფლება იმის ხელშია, ვინც ინფორმაციას ფლობს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: ახლა კიბერპანკია.
დაწერე კომენტარი