ამერიკელი მსახიობი და მოგვიანებით მონაკოს პრინცესა გრეის კელი ლეგენდარული რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის მხოლოდ სამ ფილმში თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ქერა “მიმზიდველი” პერსონაჟი ქალები, როგორც ჰიჩკოკი ეძახდა მათ, ამერიკელი რეჟისორის ფილმების ერთ-ერთი მახასიათებელია, გრეის კელის მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მეორე მხრივ, M for Murder-ში და Rear Window-ში შესრულებული როლებისთვის კელიმ საყოველთაო პოპულარობა და კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა, რამაც ის ერთ-ერთ პირველ დამოუკიდებელ მსახიობ ქალად აქცია. ჰოლივუდის ადრეულ წლებში სტუდიებს ძალიან დიდი ძალაუფლება ჰქონდათ, შესაბამისად, ჰიჩკოკთან თანამშრომლობამდე კელი როლებს სტუდიების დაკვეთით ასრულებდა. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ჰიჩკოკი “რთულ რეჟისორად” ითვლებოდა და მსახიობებისადმი ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, კელიმ მასთან ერთად სამ პროექტზე იმუშავა და მსახიობობის მიტოვების შემდეგ, ის ჰიჩკოკთან თანამშრომლობას კიდევ გეგმავდა.
კელი სრულად ენდობოდა ჰიჩკოკს და ამას მოწმობს მსახიობის გადაწყვეტილება უარი ეთქვა Waterfront-ში როლის შესრულებაზე მარლონ ბრანდოსთან ერთად. ამის ნაცვლად, კელიმ Rear Window-ში ლიზა ფრემონტის როლი ითამაშა. Dial M for Murder-ის გადაღების დროს ჰიჩკოკი სულ Rear Window-ზე მელაპარაკებოდა, სანამ საერთოდ ჩემი ამ ფილმში მონაწილეობა განიხილებოდა”. ამ უკანასკნელში მონაწილეობის შემდეგ კელი მალევე იქცა “სექსსიმბოლოდ”.
Rear Window კელის შესანიშნავი შესრულების გარდა, ტანსაცმლის დიზაინის გამოირჩეოდა, რომელზეც ლეგენდარული დიზაინერი ედიტ ჰედი მუშაობდა. ჰიჩკოკის თქმით, ჩანაფიქრის მიხედვით, კელის პერსონაჟს ერთხელაც არ უნდა სცმოდა “ერთი და იგივე კაბა”. ეს ფრაზა ფილმშიც ჟღერს, როცა ლიზა ფრემონტი კადრში პირველად ჩნდება და ჯეფრისი ეკითხება:
“ნუთუ ეს ლიზა ფრემონტია, რომელიც ერთი და იმავე კაბას ორჯერ არ იცვამს?”.
ტანსაცმლის დიზაინის მხრივ Dial M for Murder-იც გამორჩეულია, სადაც კელი მარგოს როლს ასრულებს. პერსონაჟის ჩაცმულობაზე კელი დიზაინერთან და ჰიჩკოკთან ერთად მუშაობდა. კერძოდ, კელის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი ჩანაფიქრი, რომ მას მკვლელობის სცენაში წითელი თავსაბურავი კეთდებოდა, შეიცვალა და ფატალურ სცენაში კელი მხოლოდ საღამურით გამოჩნდა, რადგან სხვაგვარად, კელის მტკიცებით, სცენა არარეალისტური იქნებოდა.
გრეის კელის და ჰიჩჰოკის უკანასკნელი ფილმი To Catch a Thief იყო, სადაც კელი ფრანცეს სტივენსის როლს ასრულებს. ფილმის გადაღებისას კელის მონდომება კიდევ ერთხელ იკვეთება. კერი გრანტის თქმით, რომელიც ჯონ რობის როლს ასრულებს,
“გრეისი არასდროს გამოთქვამდა პრეტენზიებს… ერთად გვქონდა სცენა სადაც მხრებით ვიჭერ და კედელს ვაჯახებ. ეს სცენა ერთი რვაჯერ გადავიღეთ, მაგრამ ჰიჩჰოკი ისევ და ისევ გვამეორებინებდა. გრეისი კარის უკან გადიოდა სადაც სცენა იწყებოდა და მოვკარი თვალი როგორ იზელდა მაჯებს და ტკივილისგან აშკარად შეწუხებული იყო, მაგრამ როგორც კი გადაღება იწყებოდა გამოდიოდა და თითქოს არაფერი, ახლიდან იწყებდა”
სამივე ფილმში ჰიჩკოკისთვის კელის სილამაზის წარმოჩენა მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, კელი როლებისთვის იდეალური იყო, რადგან მას “არაპირდაპირი მიმზიდველობა ჰქონდა”.
“სექსი ეკრანზე დაძაბული უნდა იყოს, - ამბობს ჰიჩჰოკი ინტერვიუში. - თუ სექსუალურობა ზედმეტად აშკარაა, ეს დაძაბულობა ქრება. იცით რატომ მირჩევნია დახვეწილი ქერები ჩემი ფილმებისთვის? იმიტომ, რომ ჩვენ რეალური ქალები გვაინტერესებს, რომლებიც საძინებელში მეძავები ხდებიან. საწყალ მერლინ მონროს სექსი სულ სახეზე ეწერა და ბრიჯიტ ბარდოც არც ისე მოკრძალებულია… ეს მსახიობები ძირითადად ცუდ ფილმებში თამაშობენ. იცით რატომ? იმიტომ, რომ სიურპრიზის და დაძაბულობის გარეშე სცენები უაზრო ხდება. სექსის აღმოჩენა კი შეუძლებელია”.
ჰიჩკოკის ფილმებში პერსონაჟი ქალების სექსუალიზაცია და მათი “ზედაპირულობა” ხანდახან კრიტიკის საგანი არის ხოლმე, თუმცა დეტალებისადმი ყურადღების დათმობით მალევე იკვეთება, რომ ჰიჩკოკის ხელოვნებაში პერსონაჟ ქალებს დიდი ყურადღება ეთმობათ მაშინაც კი, როცა ისინი თითქოს მხოლოდ მაჩო პროტაგონისტის რომანტიკულ ინტერესებად გვევლინებიან. ეს ყველაზე უკეთ გრეის კელის პერსონაჟ ქალებში იკვეთება.
1956 წელს გრეის კელი მონაკოს პრინცს, რაინიერ მესამეს გაჰყვა ცოლად და ოფიციალურად მონაკოს პრინცესა გახდა და ფილანთროპიულ საქმიანობას მიყო ხელი, თუმცა, როგორც ჩანს, კელის 26 წლის ასაკში სამსახიობო კარიერის მიტოვება მაინცდამაინც არ სურდა. 1961 წელს ჰიჩკოკი და კელი პარიზში შეხვდნენ და მალევე ცნობილი გახდა, რომ კელი ამერიკელი რეჟისორის კიდევ ერთ ფილმში გამოჩნდებოდა.
“მე მას და პრინცს პარიზში რამდენიმეჯერ შევხვდი, - ამბობს ჰიჩკოკი, - საკმარისი ჯენტლმენობა მაქვს, რომ პრინცესასთან სამსახურზე არ მელაპარაკა. ეს უადგილო იქნებოდა. ამიტომ უბრალოდ ველოდი, სანამ ჩემთან მოვიდოდა, და ასეც მოხდა. ნაყიდი მქონდა ნოველა, სახელწოდებით Marnie და ვერაფრით ვერ ვპოულობდი შესაფერის მსახიობს ქალის როლისთვის, ამიტომ წიგნი ნიუ-იორკში მის აგენტებს გავუგზავნე. კელის აგენტები მაინც ჰყავდა და ეს წიგნი გადასცეს. ერთი კვირის შემდეგ პასუხი მივიღე, რომ კელი როლს შეასრულებდა. მასთან პირისპირ ამაზე არ მისაუბრია, არც კი მიმიწერია. ალბათ მისალოცი ბარათი უნდა გავუგზავნო ან რამე”.
კელის და ჰიჩკოკის მზადყოფნის მიუხედავად, პროექტი ჩავარდა. მონაკოს მოსახლეობას არ მოსწონდა იდეა, რომ მათ პრინცესას კლეპტომანი ქალის როლი უნდა ეთამაშა, რომელსაც ფილმში აუპატიურებენ. ამასთანავე, 60-იანებში საფრანგეთს და მონაკოს შორის პოლიტიკური დაძაბულობა იყო, რის გამოც მონაკოს სპეციალურ სტატუსს საფრთხე ემუქრებოდა. კელის ჰიჩკოკისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ:
“ძვირფასო ჰიჩ, ჩემთვის გულგასატეხი იყო ფილმის მიტოვება. ძალიან აღტყინებული ვიყავი, განსაკუთრებით შენთან ერთად მუშაობის პერსპექტივით… როცა შევხვდებით, ჩემით აგიხსნი ყველა მიზეზს, რისი გადმოცემაც წერილით ძალიან რთულია. სამწუხაროა, რომ ასე გამოვიდა ყველაფერი და ძალიან ვწუხვარ. გმადლობ, ძვირფასო ჰიჩ, რომ ასეთი გამგებიანი ხარ და არ მომწონს, როცა გაწყენინებ… ასევე არ მომწონს ფაქტი, რომ ალბათ სხვა “საქონელიც” მოიძებნება, რომელიც როლს არანაკლებ კარგად შეასრულებს, მაგრამ იმედია, ერთ-ერთ წმინდა ძროხად დავრჩები”. კელი “საქონელს” აქ მსახიობებს ეძახის, რადგან რამდენიმე წლის ადრე ჰიჩკოკმა აღნიშნა, რომ მსახიობები უბრალოდ მსხვილფეხა საქონელია და ფილმში მთავარი მხოლოდ რეჟისორია. ჰიჩკოკმა კელის მალევე უპასუხა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომ საბოლოოდ ეს “მხოლოდ ფილმი” იყო.
ხანმოკლე კარიერის მიუხედავად, გრეის კელი ისტორიას დარჩა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი მსახიობი და ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ქალი ჰოლივუდში. კელის შესრულებული როლები მსახიობებისთვის შთაგონების წყაროდ დღემდე რჩება და ჰიჩკოკის კინემატოგრაფიაში გრეის კელის მონაწილეობით გადაღებულ ფილმებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი