დაჰკვირვებიხართ რამდენჯერ იყენებთ გუგლის საძიებო სისტემას დღის განმავლობაში? მე პირველად მონღოლეთში მივხვდი, რამდენ პასუხს ვეძებ და რამხელა ინფორმაციას იღებს ჩვენი ტვინი შეუჩერებლივ, ავტომატურად, გააზრებულად თუ გაუაზრებლად.

ეს დაკვირვება მაშინ ჩავატარე, როცა ექვსი დღე გარე სამყაროსთან კავშირის გარეშე დავრჩი. ექვსი დღე, ცნობიერ ცხოვრებაში პირველად, ყველაზე ახლოს ჩემს პირვანდელ, ადამიანურ საწყისებთან. უკვე არც მახსოვს, რამდენჯერ ავიღე მობილური ხელში სხვადასხვა ინფორმაციისდასაგუგლადდა იმდენჯერვე ჩავაბრუნე უკან ზურგჩანთაში. რა ჰქვია გირჩს, რომლის მარცვლებსაც ვჭამ? მართალია თუ არა, რომ ირმების მწყემსები ყოველ ორ კვირაში ერთხელ იცვლიან ბანაკს? სად სიამოვნებს ცხენს მოფერება ყველა ძალიან? რას ეძახიან ხის ტოტებისგან შეკრულკარავსქართულად? როგორ ასაფლავებენ ცატანის ტომის ბელადებს ძველი ტრადიციის მიხედვით? როგორ შევაშინო მგელი? საიდან მოდის შეძახილიაჩუ“ / „ჩუ“? ეს და კიდევ სხვა ნაკლებად აბსურდული კითხვები ვიპოვე უსაქმურობის ჟამს ჩანიშნული ჩემი მანამდე თითქმის ცარიელი ბლოკნოტის ფურცლებზე

ულან-ბატორს, მონღოლეთის დედაქალაქს, როგორც კი გასცდებით, მობილური ოპერატორების სიგნალი ნელ-ნელა იწყებს გაუარესებას და რომელი მიმართულებითაც უნდა მიდიოდეთ, სანამ ქალაქი ან მოზრდილი სოფელი არ შემოგხვდებათ, დიდი შანსია, რომ 3G-ი არ დაიჭიროს. სამანქანო გზის გაქრობასთან ერთად გარე სამყაროსთან კონტაქტიც წყდება. ვიცოდი, წინ დიდი ტესტი მელოდა, მაგრამ აღელვებას ის ემოცია ფარავდა, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნების ასრულებისგან სულ რამდენიმე ასეული კილომეტრი მაშორებდა. ის ნაღდად ვერ გავთვალე, რომ ეს ასეულობით კილომეტრი ცალკე ცხოვრებისეულ გამოცდად თუ გადამექცეოდა. პირველად ვიყავი ქვეყანაში, სადაც ცხრა მთას იქეთ გადაკარგვაც უფრო ახლოა, ვიდრე ცატანის ტომის ადგილსამყოფლამდე ჩაღწევა.

დედაქალაქიდან გიდთან ერთად პრიუსით დავიძარი. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს თავგადასავლებში, როცა პროფესიონალ დამხმარესთან ერთად გადავწყვიტე მოგზაურობა. ამის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ენობრივი ბარიერი იყო. ძალიან მინდოდა ადგილობრივებთან მაქსიმალურად ბევრი საუბრის საშუალება მქონოდა და მხოლოდ სხეულის ენის იმედად არ ვყოფილიყავი. გაგიკვირდებათ და მონღოლეთში, ბევრისთვის, ჩემი მოგზაურობაში გამოწვრთნილი სხეულის ენაც კი არაფრის მთქმელი იყო. არც მათი ჩემთვის. ისე, ძალიან გულწრფელად რომ გამოგიტყდეთ, გიდიც ვერ გამომადგა მაინცდამაინც მონდომებული თარჯიმანი. ერთი უცნაურობა შევნიშნე მონღოლებს - სახეში გიყურებენ, გისმენენ, თითქოს ინგლისურიც ესმოდათ 2 წუთის წინ და უცებ ისე დაგაიგნორებენ, შეგაქცევენ ზურგს და თავის საქმეს გააგრძელებენ, თითქოს მოჩვენება ყოფილიყავი (ჩემი გიდი არც პირველი შემთხვევა ყოფილა და არც უკანასკნელი, ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას - სრულიად ერზე განვაზოგადო).

ვიჯექი ასე, ჩუმად, ჩემთვის, პრიუსში, რომელიც თბილისელი ტაქსისტების გადამკიდე ერთადერთი თბილი და ახლობელი იყო იმწამს ჩემს ცხოვრებაში. ვაკვირდებოდი შუშის მიღმა გადაშლილ სივრცეს. აქ მოგზაურობამდე სიზმარშიც არ მენახა ტბის ნაპირზე ერთად მობალახე გედი, ცხენი, იაკი და თევზი. აღარ მახსოვს ზუსტად ვინ იყო, მაგრამ ადრე ერთ ბლოგერთან წავიკითხე, მონღოლეთში ხედები ვინდოუსის სქრინსეივერს ჰგავსო. ღაჟღაჟა მწვანე ბალახს ვერ მივუსწარი სექტემბერში, მაგრამ ფითქინა თეთრი ღრუბლებით მოფენილი ტოპაზისფერი ცა ჩემს ფოტოებს მართლაც ხშირად ანებივრებდა.

ტრანსპორტის პირველი ცვლილება: გადაჯდომა პრიუსიდან უაზში. აქედან გზაც გართულდა და ხედებიც კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი გახდა. სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა სიტყვებმა - ველური, შორი, თავგადასავალი, შიმშილი, უწყლობა.

ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ აგნებენ აქაურები თავიანთ ბანაკებს. მანქანების, მოტოციკლეტების და ცხოველების გაკვალული ნაკვალევი ათობით სხვადასხვა მიმართულებით იშლება და უსასრულობაში იკარგება. დახმარება რომ დაგჭირდეს, მინიმუმ რამდენიმე საათი უნდა ელოდო გამვლელს. აქეთ სტუმარი ისეთი იშვიათობაა, რომ ყველა შემხვედრი ჩვენით ინტერესდებოდა. მეც შანსს არ ვუშვებდი ხელიდან ფოტოების გადასაღებად

ცხრა მთა და ცხრა ზღვა რომ გადავიარეთ, ღამეც ჩამოწვა. ის ღამე მოკლე იყო. უაზის ჭერზე თორმეტსაათიანი თავის რტყმის და მინგრეული გვერდების მიუხედავად, მოუთმენლობისა და მღელვარებისგან დაძინება გამიჭირდა. გერ-ის (ტრადიციული გადასატანი სახლი მონღოლეთში) კედლებზე გაკრულმა ქაღალდმა ბავშვობის მოგონებები ამოატივტივა. ასე წარსულსა და მომავალს შორის გაჩხერილი კარგა ხანს ვუღიმოდი შეშის ფეჩის საკვამურის გარშემო ზედმეტად ამოჭრილი სივრციდან დაჭერილ ვარსკვლავებს.   

დილას ცხენების ჭიხვინმა გამაღვიძა. მასპინძლებს ცეცხლი დაენთოთ და საუზმისთვის ემზადებოდნენ. კაცები ცხენებს კაზმავდნენ ჩვენი მგზავრობის დარჩენილი მონაკვეთისთვის. სამანქანო გზა დარხადის ტომის საბინადროსთან დასრულდა. წინ ტაიგა გადაჭიმულიყო და მისი გადაჭრა მხოლოდ ცხენების საშუალებით იყო შესაძლებელი.   

მე ყველაზე ზანტი ცხენი შემხვდა. უფრო სწორად, შემახვედრეს. უფრო სწორად, მე მეგონა, პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში, რომ ასე იყო, მაგრამ როგორც კი ჩემმამეგობარმაგაშლილი მინდორი დაინახა, აჩუ- გაგონებაც არ დასჭირვებია, ისე მოწყდა ადგილიდან. გამოცდილი მხედარი არ ვარ და ცხოვრებაში არასდროს მიჯირითია, ამიტომ თავიდან გემრიელად შემეშინდა. მეგონა, ვერ შევძლებდი და შუა გზიდან მოგვიწევდა უკან დაბრუნება. საბედნიეროდ, ჩემი გიდი ინსტრუქტორიც აღმოჩნდა (როგორც, ალბათ, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მონღოლების აბსოლუტური უმრავლესობა) და მისი რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით, მე და ჩემმა ოთხფეხამ მალე ვიპოვეთ საერთო ტემპი.

მივაჭენებდი ასე, სადღაც შუაგულ სტეპში ჩემს რაშს და ვფიქრობდი ჩინგიზ ხანზე. ვიცი ჰო, მეტი საქმე არ მქონდა. უბრალოდ, დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ ამ პატარა ცხენებით მონღოლი მებრძოლები ათასობით კილომეტრს გადიოდნენ და ლამის მთელი კონტინენტი აიკლეს. წარმოვიდგენდი, როგორ ტვირთავდნენ მოხვეჭილი სხვადასხვა სარგებლით ამ საწყალ ცხოველს და გული მეწურებოდა.  

ქალაქში რომ დავბრუნდით, დავგუგლე და აღმოვაჩინე, რომ თურმე პატარა ზომის მიუხედავად, მონღოლური ჯიშის ცხენი ყველაზე მეტი გამძლეობით გამოირჩევა. მაგალითად, შეუძლია 10 კილომეტრი შესვენების გარეშე იჯირითოს. ურემში შებმულ 4 ცხენს ერთად შეუძლია 2 ტონა ტვირთი დღეში 50-60 კილომეტრის მანძილზე გადაზიდოს. განსაკუთრებული ძალით დარხადის ხალხის ცხენები გამოირჩევიან. ისინი თავიანთ საშუალო წონაზე (250 კგ) მეტის ტარებაში არიან გაწაფული. ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე, მაშინ მივხვდი, რატომაც ხითხითებდნენ ჩუმად ცხენის პატრონი დარხადი ძმები ჩემს რეაქციაზე - ორი დღე როგორ უნდა მატაროს ამ საწყალმა ცხენმა-მეთქი. მაგრამ მე მაინც არ მჯერა, რომ ველურ ცხოველს, რომელსაც ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის ათვინიერებს, რაიმე ფორმით შეიძლება სიამოვნებდეს მასზე აკიდებული ჩემი 60 კილო. საკუთარი თავი ტრანსპორტირების ამ ხერხზე მხოლოდ იმიტომ დავითანხმე, რომ ციმბირის საზღვართან მისაღწევად და უღრან ტყეში გზის გასაკვალად სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობდა.

ველური ცხოველის გამოვარდნის მოლოდინში განცდილი თმის ყოველი ყალყზე დადგომა მახსოვს. მახსოვს ნაპერწკლები ჩემი მასპინძლის თვალებში, როცა მორიგი გიჟური გაჯირითებიდან სიამაყით სავსე უკან ვბრუნდებოდი და ისიც უცნაური კივილნარევი ბავშვური შეძახილებით მამხნევებდა. ზღაპარს ჰგავდა შემოდგომის ლამაზ ფერებში გადაწყვეტილი მონღოლეთი და მე ერთი პატარა, მეოცნებე ბავშვი ვიყავი ამ ზღაპარში, კეთილი დასასრულის მოლოდინში.

გაგრძელება შემდეგ თავში

 

ავტორი და ფოტოგრაფი: თაკო კობახიძე

 

რუბრიკის მხარდამჭერია The Body Shop