MUA- Architecture & Placemaking-ისა და Tbilvino-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყვარელში ღვინის მარანი და ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნება. შენობა 1670 კვ.მ ფართობს დაფარავს. არქიტექტურული კომპანიის მიხედვით, ნაგებობის კონცეფცია “კონტექსტის ანალიზით და ინტუიციური განწყობების ერთობლიობით ჩამოყალიბდა”. მშენებლობაში გამოყენებული იქნება ადგილობრივი სამშენებლო მასალები.
საპროექტო ტერიტორია კახეთში, ქალაქ ყვარელში, ნეკრესის მონასტრისა და ილიას ტბას შორის მდებარეობს და სწორედ ამ ადგილმდებარეობამ განაპირობა დიდწილად სამშენებლო მასალის შერჩევა. შენობის ძირითად კონსტრუქციულ მასალად ტკეპნილი მიწა - ადგილობრივი თიხის, სილის, ხრეშის და მიწის ნარევი იქნება გამოყენებული. განცხადების მიხედვით, ადვილად ხელმისაწვდომი ბუნებრივი ნიადაგის გამოყენების გამო მშენებლობას გარემოზე უარყოფითი გავლენა არ ექნება. ამასთანავე შენობა დღის მანძილზე ბუნებრივი განათებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო შენობის ცენტრში მოთავსებული აუზით წვიმის წყალი შეგროვდება, რითაც ენერგეტიკული მოთხოვნილებების შემცირება იგეგმება. ამასთანავე, გამჭოლი სტრუქტურა და ღიობები ბუნებრივ განიავებას უზრუნველყოფს, ხოლო სამხრეთ ნაწილში განთავსებული ფოტოვოლტარული, ეგრეთ წოდებული მზის პანელები შენობას ენერგეტიკულად დამოუკიდებელს გახდის.
MUA - Architecture & Placemaking-ის მიხედვით, შენობის მთავარი ფუნქციები ჩრდილოეთ ნაწილში იქნება, სადაც გაკეთდება სტუმრების მისაღები, ღვინის ბარი, ბუხარი და სადეგუსტაციო სივრცე. ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებული იქნება წრიული კიბე, რომელიც სტუმრებს ტერასასთან დააკავშირებს, საიდანაც ვენახების ხედები და საქვევრე სივრცე ჩანს.
პროექტზე მუშაობენ: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, მარია ფელანგია, დაჩი ჭეჟია, სალი კაცაძე, მარიამ გონგლაძე, თეო რეხვიაშვილი და ლილი ჯოხაძე. პროექტის ავტორების მიხედვით, “მთლიანობაში, შენობის მიმართება გარემოსთან და მის შინაარსთან, ერთგვარი პერფორმანსული აქტია, ნიშნებით და სიმბოლოებით დატვირთული სამეტყველო ენა, რაც თითოეულ არქიტექტურულ ელემენტში ისახება და შენობის დანიშნულებას პოეტურად ავლენს”.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი