საქართველოში ღვინოს დიდი კულტურული დატვირთვა აქვს და ცხადია, რომ ეს სასმელი ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბოლო დროს თბილისში უფრო და უფრო მეტი ადგილი გამოჩნდა, სადაც ქართული და უცხოური ღვინის მრავალფეროვანი არჩევანია და სადაც შეგიძლიათ გასინჯოთ ტრადიციული მეთოდებით დამზადებული, ნატურალური ღვინო. კერძოდ, გთავაზობთ ღვინის ბარების ჩამონათვალს, რომლებსაც მარტო ან მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ ეწვიოთ და მყუდრო გარემოში საყვარელი სასმლით დატკბეთ.



Vino Underground

Vino Underground საქართველოში ნატურალური ღვინის პირველი ბარია, სადაც ბუნებრივად დაწურული ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სწორედ აქ იყრის თავს. სწორედ აქ, გალაკტიონ ტაბიძის 15-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი ქართულის “სახლის” ღვინო. Vino Underground იდეალური ადგილია ღვინის მოყვარულთათვის, რომლებიც ნაცნობ, მაგრამ ახალ გემოებს ეძებენ.




Saamuri Wines

საამური -  ქართული ნატურალური ღვინის ბარი და მაღაზიაა ფაბრიკაში, რომელიც მაია ჭოხონელიძემ და ნიკი ანთაძემ დააარსეს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთ წარმოებული ნატურალური ღვინო. საამურის ღვინოები იდეალურ საჩუქრადაც გამოდგება თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის, რადგან თითოეული ღვინის ბოთლი, რომელიც ბარში იყიდება, ყურადღებით არის შერჩეული. 




Craft Wine bar

ეს ღვინის ბარი ქალაქის გულში, ეგნატე ნინოშვილის 54-ში მდებარეობს და ღვინის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. გარდა იმისა, რომ Craft Wine bar-ში ბევრნაირი ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ, ბარს უგემრიელესი კერძების მუდმივად განახლებადი მენიუ აქვს. დღის საათებში ბარი სიმყუდროვით გამოირჩევა, ხოლო საღამოს, სიცოცხლით სავსე თავშეყრის ადგილად იქცევა. 




პოლიფონია

ეს ღვინის ბარი ძველი თბილისის გულში, ჭონქაძის 29-ში მდებარეობს და ღვინის ფართო არჩევანის გარდა, სამზარეულოთიც გამოირჩევა, რომელიც ძირითადად  ქართული კერძებისგან შედგება. ბარს ასევე აქვს საუზმის მენიუ, რომელიც დღის დასაწყებად და ნაბახუსევიდან გამოსასვლელად იდეალურია. 

 




Zero

ღვინის ბარი Zero სტუმრებს ნატურალური ღვინის გარდა, უგემრიელეს კერძებს და ჯაზის საღამოებს სთავაზობს. ეს ღვინის ბარი, რომელიც ქალაქის ცენტრში, ლეო ქიაჩელის 10-ში მდებარეობს, იდეალურია მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გასატარებლად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს აქ გამართული ჯაზის საღამოები, რომელიც ღვინოსთან ერთად, ცოცხალი მუსიკით დატკბობის საშუალებას გაძლევთ. 



Pet-Nat Wine Shop

გარდა იმისა, რომ Pet-Nat ღვინის ბარი და მაღაზიაა, სადაც ნატურალური სასმლის ფართო არჩევანია, ბოლო დროს ბარი ღვინის ენთუზიასტების თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც მოწვეული სტუმრები, სომელიეები და მეღვინეები სტუმრებთან ერთად ღვინოს აგემოვნებენ და ახალ გემოებს ეცნობიან. ბარის სახელი - Pet Nat ფრანგული ტერმინის, Pétillant-Naturel-ის აბრევიატურაა და ბუნებრივად შუშხუნა ღვინოს ნიშნავს.  

g.Vino

ღვინის ბარი g.Vino ჭავჭავაძის 37-ში, Axis Tower-ის ღია სივრცეში მდებარეობს. თანამედროვე დიზაინის ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ კლასიკური ნატურალური ღვინოები და ამასთანავე გაეცნოთ შედარებით იშვიათ გემოებს. ღვინის ნატურალური გზით დაყენება ძალიან რთული და არაპროგნოზირებადი პროცესია, რის გამოც ერთი ჩამოსხმიდან ორი სხვადასხვა ბოთლიც კი განსხვავებულია.

ავტორი: ტატო ანთაძე