სტივენ მეიზელი ლეგენდარული მოდის ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებშიც სოციალური და პოლიტიკური კრიტიკა ხშირად გვხვდება. ამერიკელ ფოტოგრაფს მოდის სამყაროზე დიდი გავლენა აქვს და არაერთმა მოდელმა პოპულარობა სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა. მეიზელი მუშაობდა თითქმის ყველა ცნობილი მოდის სახლის კამპანიაზე და მისი უნიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიის ოქროს სტანდარტად იქცა.



მეიზელმა მოდის სამყაროსადმი ინტერესი ბავშვობიდანვე გამოავლინა. სკოლაში სწავლისას მისი მთავარი გატაცება მოდელების ხატვა იყო, რისთვისაც შთაგონების წყაროდ Vogue-ის და Harper’s Bazaar-ის ფოტოებს იყენებდა. 12 წლის მეიზელმა რამდენიმე მეგობარი გოგო დაარწმუნა, რომ სამოდელო სააგენტოებში დაერეკათ და თავი მოეჩვენებინათ, თითქოს რიჩარდ ავედონის მდივნები იყვნენ და სხვადასხვა მოდელებთან სურდათ შეხვედრა. სწორედ ასე შეხვდა თორმეტი წლის მეიზელი ლეგენდარულ მოდელს,
Twiggy-ის.




უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მეიზელი Halston-ში და მოგვიანებით Women’s Wear Daily-ში ილუსტრატორად მუშაობდა და Elite Model Management-თან თანამშრომლობისას მოდელებისთვის ფოტოების გადაღება დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა 80-იანების მიწურულს მოიპოვა, როცა Vogue-ის გარეკანისთვის ფოტოების გადაღება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ Vogue Italia-ს თითქმის ყველა გარეკანის ფოტო 2015 წლამდე მეიზელის გადაღებულია. ამასთანავე, 1992 წელს მეიზელმა მადონასთან თანამშრომლობით ფოტოალბომი გამოუშვა, სახელწოდებით Sex. 2009 წელს Vogue-ში მეიზელზე დაწერილ სტატიაში განმარტებულია, რომ სწორედ ამერიკელმა ფოტოგრაფმა შთააგონა მომღერალს საკუთარი თავის “ახლიდან აღმოჩენა”, რასაც მადონა ინტერვიუში ადასტურებს. მადონას Like a Virgin ალბომის გარეკანი, სადაც მომღერალი საქორწინო კაბაშია “პროვოკაციულ” კავშირს აბამს მის რელიგიური ფესვების სახელს და ღვთისმშობელი მარიამის ქალწულობას შორის. ფოტოალბომი Sex იგივე დატვირთვას ატარებს, სადაც მადონას “ორი ბუნება” არის ნაჩვენები: უმანკო და სექს-სიმბოლო.




 

მადონასთან თანამშრომლობის შემდეგ მეიზელის ფოტოგრაფიაში სოციალური კომენტარი და პოლიტიკური ქვეტექსტი ხშირად იკვეთება, რაც ფოტოგრაფის კარიერაში ხშირად კრიტიკის საგანი იყო. თუმცა, მეიზელის თქმით, მისთვის პროვოკაცია მნიშვნელოვანია. 032c-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მეიზელი თავის კარიერას განიხილავს:

 

“ჩემი საყვარელი ნამუშევრები ისინია, სადაც რაღაცის თქმა შემიძლია: შავკანიანების საკითხი, ვარსკვლავების დაცინვა, პაპარაცების სერია, ფსიქიატრიული კლინიკის სერია… ის ნამუშევრები, რომლებზეც ფიქრის საშუალება მეძლევა და რომლებიც პროვოკაციულია. ეს სერიები მათი პროვოკაციულობის გამო არ მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ისინი ცოტა უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ქალი ლამაზ კაბაში. ეგეც მიყვარს, მაგრამ ჩემი მიზანი რაღაცის თქმაა”.



მეიზელის ერთ-ერთი პირველი ფოტოსერია, რომელსაც თავის დროზე ვრცელი კრიტიკა მოჰყვა, State of Emergency იყო, სადაც მოდელებზე პოლიციელები ძალადობენ ან ფოტოზე “პოლიციური სახელმწიფოს” იდეა ჩანს. ფოტოსერია 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გამოვიდა და კონსერვატიული სულისკვეთება შტატებში იმ დროისთვის ფართო პუბლიკაში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. თუმცა, ერაყის ომის და აშშ-ში გაზრდილი “უსაფრთხოების ზომების” ფონზე, მეიზელის ეს სერია მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომენტარი აღმოჩნდა, რამაც მოდა შტატებში საკმაოდ პოლიტიზებული გახადა.



მეიზელი თავის ნამუშევრებში ასევე კრიტიკულია მოდის ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მიმართ, როგორიცაა რასიზმი და მოდელების არაჯანსაღი ცხოვრება, იქნება ეს სტრესული გარემო თუ ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი მოხმარება. მეიზელის ფოტოსერია - Supermods enter Rehab სწორედ ამ უკანასკნელის ილუსტრაციაა.




მეიზელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტოსერია Vogue-ის 2008 წლის ივლისის ნომერში გამოჩნდა, სადაც მეიზელმა მხოლოდ შავკანიანი მოდელები გადაიღო. უპრეცედენტო გამოხმაურების გამო ინგლისში და ოდნავ მოგვიანებით მთელ მსოფლიოში Vogue-ის ივლისის ნომერი მთლიანად გაიყიდა. წარმოშობით ნიგერიელმა დიზაინერმა, დურო ოლოვუმ აღნიშნა, რომ სამოდელო სააგენტოებში და მოდის ჟურნალებში მომენტალურად გაჩნდა მოთხოვნა შავკანიან მოდელებზე, რაც ინდუსტრიაში არსებული რასიზმისთვის სიმპტომატური იყო. ოლოვუს თქმით, ის მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა მეტი შავკანიანი მოდელის გამოჩენას, თუმცა უშედეგოდ. “ვრეკავდი სააგენტოებში, მაგრამ სიჩუმე იყო. ახლა პასუხისმგებლობა ექნებათ, რომ შავკანიანი მოდელები შოუში გამოაჩინონ… ვინც ამას არ იზამს, იდიოტი გამოჩნდება”.




მეიზელის ფოტოგრაფიის გავლენა მოდის სამყაროზე უტყუარია, რადგან სწორედ მეიზელმა “აღმოაჩინა” ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ნაომი კემპბელი, გვინივერ ვან სინუსი, კარენ ელსონი, რაკელ ციმერმანი და კოკო როჩა. თუმცა ეს სია არასრულია.



მიუხედავად იმისა, რომ მეიზელი თავის ფოტოგრაფიაში პოლიტიკურ ქვეტექსტს ხშირად იყენებს, ის მოდის ფოტოგრაფიის “რომანტიკული” ეპოქის პრინციპებს არ უგულებელყოფს. შესაბამისად, მეიზელი მუშაობდა თითქმის ყველა ცნობილი მოდის სახლისთვის, იქნება ეს Versace, Balenciaga, Dolce & Gabbana, Louis Vuitton თუ Prada.






მეიზელის ნამუშევრები უნიკალურია იმით, რომ ის მოდის ფოტოგრაფიის კონვენციებს არ ღალატობს, მაგრამ ამასთანავე “მეინსტრიმში” შემოაქვს ელემენტები, რომლებიც მანამდე მხოლოდ ჰეტეროდოქსულ მიმდინარეობებში იჩენდა თავს. იგივე პოლიტიკური კომენტარი ან პანკი მოდის სამყაროში უცხო არ არის, თუმცა მეიზელი ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური საკითხები წინა პლანზე წამოსწია. 


ავტორი: ტატო ანთაძე