ბოლო დროს ანიმე მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ის ანიმაციის შედარებით გამიჯნული სტილი იყო, რომელიც დასაბამს იაპონიიდან იღებს. 80-იანების მიწურულს Neon-Genesis Evangelion-ის, Akira-ს და მოგვიანებით Ghibli-ის ანიმაციების წარმატებასთან ერთად, ანიმე გლობალურ ფენომენად იქცა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ იაპონური ანიმაციის უნიკალური ესთეტიკა შთაგონების წყაროდ გახდა არა მხოლოდ ანიმატორებისა და მხატვრებისთვის, არამედ მოდის სამყაროსთვისაც. 


ამას ყველაზე ნათლად მოწმობს სხვადასხვა ევროპული მოდის სახლების თანამშრომლობა იაპონურ ანიმაციურ სტუდიებთან, მაგალითად,  Loewe-ს და Ghibli-ის რამდენიმეწლიანი კოლაბორაცია, როცა სპეციალურ კოლექციებში Ghibli-ის მულტფილმების პერსონაჟებია გამოყენებული.



მეორე მხრივ, ტანსაცმლის დიზაინი 90-იანების ანიმეში ხშირად დასავლური მოდის სახლებით არის შთაგონებული. ამის ნათელი მაგალითებია Sailor Moon და Nana. მაგალითად, უსაგი ცუკინოს თეთრი კაბა პრაქტიკულად პირდაპირ Dior-ის 1992 წლის კოლექციიდანაა აღებული, ხოლო NANA-ს მთავარი პერსონაჟის ჩაცმულობა ბრიტანული პანკით, კერძოდ, ვივიენ ვესტვუდის ტანსაცმლით დიზაინით არის შთაგონებული. 



მოდის სამყაროს ერთგვარი ციკლური ბუნება აქვს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ NANA-ს და არაერთი სხვა ანიმეს ტანსაცმლის დიზაინი ბრიტანული პანკით იყო შთაგონებული, თანამედროვე “დასავლურ” პანკში, “ძველი” პანკით შთაგონებული ანიმეს ელემენტები ბრუნდება.





ანიმეების უმეტესობაში პერსონაჟებს ხშირად ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ, რაც ზოგადად ანიმაციაში ხშირად თანხების დაზოგვის პრაქტიკაა. მიუხედავად ამისა, ზოგი ჩაცმულობა ან “ლუქი” პრაქტიკულად პერსონაჟის სინონიმურია. მაგალითად, Neon-Genesis Evangelion-იდან მისატო კაცურაგის წარმოდგენა მისი წითელი ტყავის ჟაკეტის და კისერზე დაკიდებული ჯვრის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.



ზოგი პერსონაჟის ერთფეროვანი ტანსაცმელი ხშირად მათი ინდიფერენტული ხასიათის წარმოსაჩენად გამოიყენება.  Evangelion-ში მთავარ პროტაგონისტს, შინჯი იკარის მუდმივად ერთი და იგივე თეთრი პერანგი აცვია, რაც ასუკას ჩაცმულობის კონტრასტულია, რომელიც სხვადასხვა კაბებს იცვამს.





უბრალო თეთრი პერანგი ანიმეში მუშათა კლასის პერსონაჟებისთვის სახასიათოა და ასეთი ჩაცმულობის პროტაგონისტები იაპონურ მულტფილმებში ხშირად გვხვდება. მაგალითად, Ghibli-ის Wind Rises-ში თვითმფრინავების დიზაინზე მომუშავე ინჟინრებს მუდამ თეთრი პერანგები აცვიათ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სამუშაო “დრეს კოდს” იდეალურად გადმოსცემს. 



Sailor Moon-ში, სადაც პერსონაჟები  ხშირად გვხვდებიან ყოველდღიურ და “ზებუნებრივ” გარემოში, ყველა მათგანის ჩაცმულობა განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ანიმეში მოქმედება ფენტეზის სამყაროში ვითარდება, ახალგაზრდა პერსონაჟების ჩაცმულობა 80-იანების მიწურულს გავრცელებული მოდის ტრენდებით არის შთაგონებული, იქნება ეს კროპტოპები, მაღალწელიანი შარვლები თუ ვინტაჟური კაბები წელზე შემოჭერილი ქამრებით.




ანიმეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ესთეტიკა “კიბერპანკია”, სადაც ტანსაცმელი ხშირად მონოქრომულია და 90-იანების “ბაიკერების” სტილით არის შთაგონებული. იაპონური კიბერპანკი შთაგონების წყარო იყო ისეთი ფილმებისთვის, როგორიცაა Blade Runner, Alien და ზოგადად მეოცე საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკისთვის.





Akira ერთ-ერთი საკულტო ანიმეა, რომელმაც მოდაზეც იქონია გავლენა. 2017 წელს Supreme-მა Akira-ს თემატიკის კოლექცია გამოუშვა, სადაც მანგადან აღებული სცენები ფიგურირებს და წითელი ფერის ტანსაცმელი ხშირად გვხვდება.


2010 წლიდან მოყოლებული მოდის “მეინსტრიმში” ანიმეს ელემენტებს სულ უფრო ხშირად ვხვდებით. Moschino-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შოუს Anime Antoinette ერქვა და კაბებში, რომლებიც ვესტვუდის ნამუშევრებით და ანიმეს მოდის დიზაინით იყო შთაგონებული, ხშირად მის პერსონაჟებს ვხედავთ.





აღსანიშნავია Louis Vuitton-ის 2016 წლის გაზაფხულის კოლექციაც, სადაც ტანსაცმლის დიზაინში 90-იანების ანიმეს გავლენა იკვეთება. შარვლები და ჟაკეტები Neon-Genesis Evangelion-ის პილოტების საბრძოლო კოსტიუმებით არის შთაგონებული. ამავე კოლექციაში გვხვდება მზის სათვალე, რომლის შთაგონებაც Ghost in the Shell-იდან მოდის და ტიარა, რომელიც ისევ Sailor Moon-იდან არის აღებული.




მიუხედავად იმისა, რომ ანიმეს გავლენის ჩვენება თანამედროვე მოდაზე კონკრეტული მაგალითებით შეიძლება, იაპონური ანიმაციის სტილი და ესთეტიკა თანამედროვე ტანსაცმლის დიზაინში უფრო ირიბადაც ჩნდება. გლობალიზაციასთან და ონლაინ სტრიმინგ სერვისებთან ერთად, ანიმე “მეინსტრიმის” ნაწილი გახდა და შესაბამისად, თანამედროვე მოდაშიც დაიმკვიდრა თავი, იქნება ეს 2000-იანების ნოსტალგიით განპირობებული Grungecore და Avant Apocalypse თუ ცნობილი მოდის სახლების კოლექციები. 

ავტორი: ტატო ანთაძე