სამხრეთაფრიკელმა მხატვარმა - მარლენ დიუმამ, რომელიც ამჟამად ამსტერდამში მოღვაწეობს, სახელი პორტრეტების სერიებით გაითქვა. მის ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებს ეგზისტენციალური თემები -  სიკვდილი, შიში, სირცხვილი, სექსუალობა. ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ემოციურ შეგრძნებებს იწვევს. ტილოებში, რომლებიც ძირითადად ზეთის საღებავითა და აკვარელითაა შესრულებული, მარლენი  ყოველგვარი შელამაზების გარეშე, პირდაპირი და სასტიკი ფორმით გვიჩვენებს ადამიანების სულიერ მდგომარეობას - იმ განცდებს, რომლებსაც შესაძლოა ხშირად ვფარავთ და გარეგნულად არ გამოვხატავთ. მარლენის შემოქმედებაში პირიქით, ყველა პერსონაჟი ბოლომდე შიშვლდება და მაქსიმალური გულწრფელობით გვიჩვენებს საკუთარი ტანჯვისა თუ შიშების სიმძაფრეს. 

პორტრეტებში იკვეთება და ერთმანეთში ირევა სხვადასხვა ემოცია - გაურკვევლობა, დაბნეულობა, ზიზღი. მაშინაც კი, როცა გამოფენაზე, ექსპოზიციურად, ეს პორტრეტები ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული, ტილოებზე გამოსახული ადამიანების მზერა, არასდროს იკვეთება. შეწუხებულ, გამწყრალ, განაწყენებულ ადამიანებს თითქოს არც ერთმანეთთან აქვთ რაიმე კავშირი და არც გარე სამყაროსთან. მხოლოდ საკუთარ თავში და საკუთარ ტკივილში იმზირებიან და იტანჯებიან მაშინაც კი, როცა სძინავთ. ხშირად ეს ტანჯვა ინდიფერენტული და გულგრილია, შეგუებული მის გარდაუვალობას. ძალაგამოცლილ, დაღლილ ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, აღარც სხვების და აღარც უკვე საკუთარი თავის.

მაყურებლის გარეშე თვალი და მისი ინტერპრეტაცია მარლენის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს. პორტრეტებზე გამოსახულ ემოციებს ყოველი მნახველი პირადი გამოცდილებების მიხედვით აღიქვამს - საკუთარ შიშებთან, ტკივილთან და სულიერ შფოთვებთან აიგივებს. 

 


 

ნახატებში ხშირად ფიგურირებენ ფერადკანიანი ადამიანებიც, რაც მარლენ დიუმას წარმომავლობიდან გამომდინარე, ორგანულად ჯდება მის შემოქმედებაში. 2007 წელს მარლენს გარდაეცვალა დედა, რამაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა მის ნამუშევრებზე და ერთი სერია სწორედ ამ მწარე ემოციის ფონზე შექმნა.

მარლენისთვის მნიშვნელოვანია გენდერული საკითხებიც. ამ მხრივ გამოირჩევა მისი  ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - ,,მხატვარი”,  რომელზეც მისი ქალიშვილი - ჰელენია გამოსახული. ბავშვს ხელები ლურჯი და წითელ საღებავებით აქვს დასვრილი. როგორც თავად მარლენი ამბობს - ,,ისტორიულად, მხატვრები და შემოქმედები ყოველთვის კაცები იყვნენ. მოდელებს კი, როგორც უბრალოდ საგნებს, ქალები წარმოადგენდნენ. ამ ნამუშევარში ჩვენ წინაშეა ბავშვი - გოგო, რომელმაც საკუთარი თავის გაფერადებით, ორივე როლი - მოდელისაც და მხატვრისაც - თავად მოირგო”.

როგორც მხატვარი აღნიშნავს, მისთვის ადამიანის ანატომიის უნაკლოდ გადმოცემა მეორეხარისხოვანია. ყველაზე მთავარი ზუსტი და მძაფრი ემოციის გაზიარებაა. მარლენის ეს დამოკიდებულება მის აბსოლუტურად ყველა პორტრეტულ ნამუშევარში ჩანს. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი