ტადაო ანდო გამორჩეული ხელწერის მქონე, თვითნასწავლი იაპონელი არქიტექტორია, რომელმაც 1995 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. მის შემოქმედებას ხშირად ეთიკურ განცხადსაც უწოდებენ, რაც ბეტონის, ბუნებრივი განათებისა და წყლის ინტენსიური გამოყენებითაა გამოწვეული, რომლითაც ის, ერთი მხრივ, უპირისპირდება ურბანულ ქაოსს, მეორე მხრივ კი - ჰარმონიას აღწევს ბუნებასთან.
პირველი ნამუშევარი, რომლითაც ახალგაზრდა ანდომ ყურადღება მიიპყრო, ოსაკაში მდებარე “აზუმას სახლია” (იაპონურად “აღმოსავლეთის სახლი”). ანდოს აზრით, ქალაქის ხმაურიან სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია პირადი მიკროკოსმოსის არსებობა. “კედლების ნგრევა კედლების გამოყენებით”, - ასე უწოდებს ის ამ პროცესს. აღსანიშნავია, რომ ეს სახლი, ისევე, როგორც ანდოს სხვა ნამუშევრები, კომფორტით ნამდვილად არ გამოირჩევა. შენობის ოთხი დიდი სივრცე ერთმანეთს ღიაცისქვეშ მდებარე ხიდითა და კიბით უკავშირდება, რაც, მართალია, მზიან ამინდში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, თუმცა წვიმის დროს დისკომფორტის გამომწვევიც შეიძლება გახდეს. “არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განვითარდება საზოგადოება. სახლი, რომელშიც ბუნების შეგრძნება შეიძლება, ჩემთვის იდეალური ადგილია საცხოვრებლად”, - ამბობს ანდო.
არქიტექტორის ბუნებით გატაცება კარგად ჩანს მის მიერ შექმნილ რელიგიური დანიშნულების მქონე შენობებშიც. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “სინათლის ეკლესიაა”. აქ სინათლის ძირითადი წყარო ბუნებრივი განათებაა, რომელთან ერთადაც ხშირად ჰაერის სასიამოვნო ნაკადიც უბერავს. ხის იატაკი კი სენსორულ შეგრძნებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
ანდო ხშირად იყენებს წყალსაც. მისი ერთ-ერთი წყლით დომინირებული ნამუშევარი ბუდისტური “წყლის ტაძარია”. სივრცეში შესვლისას მნახველს პირველად თვალში ლოტოსის ულამაზესი ყვავილებით დაფარული ტბა ხვდება, რომლის დათვალიერების შემდგომაც, უშუალოდ ტაძართან მისასვლელად ვიწრო ბეტონის კიბის გამოყენებაა შესაძლებელი. ინტერიერში წითელი ფერი ჭარბობს, რაც ნამდვილად უცნაურია, რადგან ანდო თითქმის არასდროს იყენებს ამ ფერს. ეს ადგილი მნახველში სპირიტუალურ განცდებს იწვევს, რადგან არქიტექტურისა და ბუნების შერწყმა აქ იდეალურობამდეა მიყვანილი. ერთ-ერთ ინტერვიუში ტადაო ანდო ამბობს: “მინდა ისეთი არქიტექტურა შევქმნა, რომელიც ემოციურად დახვეწილი იქნება”. ეს ნამუშევარი ამის ბრწყინვალე მაგალითია.
კიდევ ერთი შენობა, რომელშიც შუქი და წყალი საინტერესოდაა გამოყენებული, პარიზში აგებული “მედიტაციის სივრცეა”. აქ სინათლის სხივები ნაგებობის სახურავს ეცემა, წყალი კი შესასვლელთან გვხვდება. ანდოს აზრით, არქიტექტურა გამოცდილებაა და არა ფუნქცია. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ამ შენობას პირდაპირი ფუნქცია არ აქვს, მაგრამ ის “სულის თავშესაფარია” - ადგილი, სადაც ყოფიერებაზე ფიქრი შეიძლება. ეს სივრცე ნებისმიერი რელიგიის ადამიანისთვის ქმნის ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, სინათლე და წყალი კი მათ ცოცხლად აგრძნობინებს თავს.
“ბუდას გორაკი”, რომელსაც შექმნის საინტერესო ისტორია აქვს, ანდოს ერთ-ერთი ყველაზე მასიური ნამუშევარია. ბუდას ქანდაკება დაახლოებით 15 წლის მანძილზე იდგა ღია მინდორში, არქიტექტორმა კი ის ლავანდით მოფენილი გორაკით “დამალა”. 13,5-მეტრიან ქანდაკებამდე მისასვლელად მნახველმა ჯერ ხელოვნურად შექმნილი ტბა, შემდეგ კი 40-მეტრიანი ბეტონის გვირაბი უნდა გაიაროს. ეს ნამუშევარი იდეალურად აირეკლავს თითოეულ სეზონს - გორაკი გაზაფხულზე მწვანეა, ზაფხულში იისფერი, შემოდგომაზე ყვითელი, ზამთარში კი თეთრი.
ანდოს შემოქმედებაში არის რამდენიმე შთამბეჭდავი მუზეუმიც. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 2004 წელს აშენებული ჩიჩუს ხელოვნების მუზეუმია (იაპონურად “მიწისქვეშა ხელოვნების მუზეუმი”), რომელიც თითქმის მთლიანად მიწის ქვეშაა განთავსებული და ირგვლივ არსებულ ბუნებრივ გარემოს არ აზიანებს. ეს ადგილი თავისი მოცულობითა და არქიტექტურით თავგადასავლის შეგრძნებას იწვევს სტუმრებში. ის ბუნებრივადაა განათებული, რაც სხვადასხვა დროს მისულ მნახველს ნამუშევრების დათვალიერების განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
კარგი მაგალითი იმისა, რომ დროის გასვლასთან ერთად ტადაო ანდო არ ღალატობს სტილს, მაგრამ არც სიახლეებზე ამბობს უარს, შანხაის თეატრია. ეს შენობა ხელოვნურად შექმნილ არხებს შორისაა აგებული და მის კონსტრუქციაში ძირითადად ორი მასალა - ბეტონი და მინაა გამოყენებული, რომელიც ბეტონის ჩონჩხს მცირე დაშორებით ფარავს. შენობის რამდენიმე ადგილას ღიობებია გამოჭრილი, რომლებიც საჯარო სივრცეებს ქმნიან. ეს ნაწილები ალუმინითაა გაფორმებული, მაგრამ ისეა შეღებილი, რომ ხეს ჰგავს. ერთ-ერთი ფოტოგრაფი თეატრისთვის ფოტოების გადაღების შემდეგ ამბობს: “შენობა სიმშვიდის, მაგრამ, ამავდროულად, თეატრალური მხიარულების განცდას იწვევს; ეს უცნაური და გარკვეულწილად უმიზეზო კედლები შენობას განსხვავებულ იერს აძლევს იმის მიხედვით, თუ დღის რომელი მონაკვეთია და რომელი წერტილიდან ვუყურებთ მას.”
მიუხედავად იმისა, რომ ტადაო ანდო ძირითადად ბეტონზე მუშაობს, ხანდახან ხესაც იყენებს, რისი ყველაზე კარგი მაგალითია იაპონური პავილიონი ექსპო 92, ესპანეთში. შენობა ტრადიციული იაპონური სახლითაა შთაგონებული, რომელსაც დახვეწილად დამუშავებული ხისგან აშენებდნენ. ანდოც სწორედ ასეთ სახლში გაიზარდა და ხეზე მუშაობა ბავშვობიდან აინტერესებდა. ეს ოთხსართულიანი პავილიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხის ნაგებობაა მსოფლიოში. მის დიზაინში ტრადიციულ მოუხატავ ხეს ისეთი თანამედროვე ელემენტი ერწყმის, როგორიც გამჭვირვალე ტეფლონია, რომელიც სახურავს ფარავს. ნამუშევარს მხოლოდ ერთი ღიობი აქვს, რომელშიც მზის სხივებიცა და ქარიც ორმხრივად აღწევს.
ტადაო ანდოსთვის არქიტექტურის მთავარი ფუნქცია ადამიანსა და ბუნებას შორის კომუნიკაციის დამყარებაა, რაც მის ნამუშევრებში, უმეტესად, ბეტონის გამოყენებითაა მიღწეული. მასალის სპეციფიკურობის მიუხედავად, მის მიერ შექმნილ შენობებს ხშირად “აბრეშუმივით გლუვსაც” უწოდებენ. პრიცკერის ესეში ვკითხულობთ: “ანდო ბეტონს ისე იყენებს, თითქოს ის ჩვენი დროის ტექტონიკური დემიურგია. რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, არქიტექტორი ისე ექცევა მას, როგორც სუბსტანციას, რომლისგანაც ყველაფერი უნდა შეიქმნას”.
დაწერე კომენტარი