მთელი ასწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი სტილი - არტ-დეკო გამოჩნდა ხელოვნებაში და ფესვები განსაკუთრებით არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში გაიდგა. არტ-დეკოს სამშობლოდ 10-იანი წლების პარიზი მოიაზრება, თუმცა, მომდევნო დეკადებში ახალი მიმდინარეობა მალევე გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოშიც, განსაკუთრებით კი ამერიკაში. 


არქიტექტურის ეს სტილი, კარგად გამოკვეთს იმ პერიოდის ტექნოლოგიური პროცესების განვითარებას და ამავდროულად, ძველ, ტრადიციულ ელემენტებსაც მოიცავს. ნაგებობებში ხშირად შევხვდებით დეკორატიულ შუშასა და  ალუმინს. ასევე, ჭარბობს ორნამენტები და გეომეტრიული ფიგურები.


მე-20 საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც არტ-დეკო ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში გამოჩნდა, გამონაკლისი არც კინემატოგრაფია ყოფილა. კინოსა და არტ-დეკოს გადაკვეთა იმ ეპოქის ნამუშევრებში კიდევ უფრო საინტერესოდ აისახა, რადგან ამ ახლად გაჩენილ მიმდინარეობასაც, ისევე როგორც კინემატოგრაფიას - სულ ახლახან დაეწყო არსებობა და ორივე მათგანი ნელ-ნელა ცდილობდა საკუთარ ადგილის დამკვიდრებას. არტ-დეკოს გავლენით შექმნილ ფილმებში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰოლივუდის ოქროს ხანის ნამუშევრები, სადაც ჯერ კიდევ უხმო, შავ-თეთრ ფილმებში ხშირად შევხვდებით არტ-დეკოს ელემენტებს.  ვინაიდან კინემატოგრაფიის განვითარების პირველ ეტაპზე ფილმებს ძირითადად პავილიონებში იღებდნენ, ამ პერიოდის კინოს არტ-დეკო უფრო ინტერიერის დიზაინით შემოიფარგლება.


ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა Metro-Goldwyn-Mayer-ის მხატვარი - სედრიკ გიბონსი გახლდათ, რომელიც 37-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე მის მიერ შექმნილი გასაოცარი სასცენო დეკორაციების დამსახურებით. სედრიკის მთავარ შთაგონებასა და გატაცებას სწორედ არტ-დეკო წარმოადგენდა. ისეთი ფილმებში, როგორებიცაა Grand Hotel, The Kiss, Our Dancing Daughters და A Woman of Affairs ყველაზე ნათლად იკვეთება 20-იანი წლების არტ-დეკოს მთავარი შტრიხები - ფართო, მაღალჭერიანი დარბაზები, თაღიანი შესასვლელები, მარმარილოს ქანდაკებები, თანამედროვე, მინიმალისტური ავეჯი, მძიმე დაშვებული ფარდები და მდიდრულ ჩარჩოებში მოქცეული ნახატები. 

არტ-დეკო აქტიურად ვითარდებოდა ევროპულ კინოშიც. შეიძლება თამამად ითქვას ისიც, რომ ავსტრიელი რეჟისორის - ფრინც ლენგის Metropolis ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია, სადაც პირველად და ყველაზე ცხადად გამოჩნდა არტ-დეკოს არქიტექტურული ნიმუშები. 1927 წელს შექმნილ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში მოქმედება უტოპიურ ქალაქ - მეტროპოლისში ხდება. ფილმი, რომლის ესთეტიკაშიც ნათლად ჩანს ბაუჰაუსის, კუბიზმის და ფუტურიზმის გავლენა, არტ-დეკოს არქიტექტურული სტილის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს კინემატოგრაფიის ისტორიაში.

 

 

ასევე, ამ ეპოქის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფილმია 1933 წელს გადაღებული Flying Down To Rio, რომლის მასშტაბური, შთამბეჭდავი სცენები რაღაცით აუცილებლად მოგვაგონებს 2013 წელს გადაღებულ The Great Gatsby-ს, სადაც მოქმედება სწორედ წინა საუკუნის 30-იან წლებში ვითარდება და შესაბამისად, ფილმში უხვად ვხვდებით არტ-დეკოს ელემენტებს როგორც არქიტექტურაში, ასევე ინტერიერში. ფილმის მხატვარ-დიზაინერმა - კატერინ მარტინმა ოსკარის ჯილდოც კი დაიმსახურა ფილმის დეკორაციების შექმნისთვის.

 

 

მოგვიანებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორივე - კინემატოგრაფიაც და ინდუსტრიული მშენებლობაც სწრაფი ტემპით განვითარდა, კინოში სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით არტ-დეკოს არქიტექტურულ ნიმუშებს. ამ მხრივ, შეუძლებელია პირველ რიგში არ გაგვახსენდეს ნიუ-იორკში აღმართული ცნობილი Empire State Building, რომელიც 1930-1931 წლებში აიგო და დღემდე არტ-დეკოს ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად ითვლება. ათწლეულების განმავლობაში საკულტო შენობამ სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა და უდიდესი გავლენა მოახდინა პოპკულტურაზე. თითქმის მაშინვე, რაც მისი მშენებლობა დასრულდა, Empire State Building ამერიკული კინოს ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. 1933 წელს გადაღებულ ფილმში King Kong თავად ეს კონკრეტული შენობა არ ჩანს, მაგრამ მისი გადასაღები მოედანი სწორედ Empire State Building-ში მოეწყო. ასევე, აღსანიშნავია  ფილმები - On the Town და An Affair to Remember- ერთ-ერთი პირველი ნამუშევრები, სადაც ისტორიული შენობა პირველად ჩნდება კინოფირზე.

 

 

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - Empire - 1964 წელს ენდი უორჰოლის მიერ გადაღებული ექსპერიმენტული უხმო ფილმი, რომელიც 8 საათი და 5 წუთი გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში მაყურებელი Empire State Building-ის უწყვეტ კადრს უყურებს. 

 

 

Empire State Building-ს ვხვდებით მომდევნო პერიოდის ფილმებშიც. მაგალითად, მეგ რაიანისა და ტომ ჰენკსის მონაწილეობით გადაღებულ 1993 წლის ფილმში -  Sleepless in Seattle, რომელიც ზემოთ ნახსენები 50-იანი წლების ფილმის, An Affair to Remember-ის  გავლენით შეიქმნა. ორივე ფილმის კულმინაციური, რომანტიკული ფინალი სწორედ ამ შენობაში ვითარდება.

 

 

90-იან წლებიდან არტ-დეკო მრავალ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჟანრის ფილმებში გვხვდება. როგორც უკვე აღინიშნა, მას ჰქონდა რომანტიკული დატვირთვაც, თუმცა, ამავდროულად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მარველის კომიქსების ცნობილ ეკრანიზაციებშიც. ასევე, არტ-დეკოს ხშირად ვხვდებით სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებშიც, როგორიცაა 1997 წელს გადაღებული დისტოპია - Gattaca ითან ჰოუკისა და უმა თურმანის მონაწილეობით. ფილმში საუცხოოდ ჩანს არტ-დეკოსთვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი არქიტექტურული შტრიხი - თაღიანი დარბაზები, დახვეული კიბეები, მაღალი სვეტები. ასევე, ამ ეპოქის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია -  The Shadow, Dark City, Batman and Robin და, რაღა თქმა უნდა, ძმები კოენების The Hudsucker Proxy.

 

 

კინოსცენებში ხშირად გამოჩენილი არტ-დეკოს ნიმუშია სან-ფრანცისკოში მდებარე ,,ოქროს კარიბჭეც”, რომელიც Empire State Building-ის მსგავსად მრავალ ფილმში წარმოადგენს მნიშვნელოვან როლს. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია 1955 წელს გადაღებული It came from beneath the sea, სადაც წყნარ ოკეანეში მცხოვრები მონსტრი ოქროს კარიბჭეს ესხმის თავს. სწორედ ოქროს კარიბჭეზე თამაშდება ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა ფილმიდან A View to a Kill. არ არის გასაკვირი, რომ ,,ოქროს კარიბჭე” ხშირად ხდება მსგავსი ეპიკური და დაძაბული ბრძოლების მთავარი სცენა ისეთ ფილმებშიც, როგორებიცაა - X-Men: The Last Stand, ასევე, 2014 წელს გადაღებულ Godzilla-ში, 2011წლის  Rise of the Planet of the Apes-ში.

არტ-დეკოს გავლენას ხშირად ვაწყდებით თანამედროვე კინოშიც. ამ მხრივ, ერთ-ერთი საინტერესო ფილმია 2017 წლის The Shape of Water, რომლის მხატვარმა ნაიგელ ჩარჩერმა საოცარი ოსტატობით შეძლო 60-იანი წლების არტ-დეკოს გაცოცხლება. თანამედროვე ფილმებიდან ასევე მნიშვნელოვანი ნამუშევარია გილიერმო დელ ტოროს - Nightmare Alley ქეით ბლანშეტისა და ბრედლი კუპერის მონაწილეობით, სადაც 20-იანი წლების არტ-დეკოს ავეჯი და ინტერიერის დიზინი  ფილმის მხატვარმა -  თამარა დევერელმა შექმნა.

თანამედროვე ფილმებიდან შეუძლებელია არ აღინიშნოს 2011 წელს გადაღებული ფრანგული კომედიური დრამა - The Artist, რომელშიც მოქმედებაც 20-იანი წლების ჰოლივუდში ვითარდება და ფილმის შავ-თეთრი მუნჯი სტილი სწორედ ამ ეპოქისა და არტ-დეკოს პირდაპირი გავლენით არის შექმნილი. 

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ არტ-დეკოს საუკუნის შემდეგაც არ ამოუწურავს ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები. მისი მთავარი სტილისტური ნიშან-თვისებიდან გამომდინარე, რაც თანამედროვეობისთვის მუდმივად ფეხის აწყობას გულისხმობს, არტ-დეკო ჯერ კიდევ ბევრი რეჟისორისთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი