დღის პირველი კერძი ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის მომდევნო საათებში ხშირად ჩვენს განწყობას და პროდუქტიულობას განსაზღვრავს. ბოლო დროს თბილისში სულ უფრო და უფრო მეტი სპეციალურად საუზმისთვის განკუთვნილი ადგილია, სადაც დღე შეგიძლიათ კომფორტულად დაიწყოთ და მიირთვათ უგემრიელესი საუზმე, რომელიც საღამომდე შეგიქმნით განწყობას.
Slink Cafe
გარდა იმისა, რომ ეს მყუდრო კაფე სტუმრებს კლასიკურ საუზმის მენიუს სთავაზობს, ის გამოირჩევა ხარისხიანი, ადგილობრივი პროდუქციით. მენიუ მოსაწყენი არასდროს არის და სტუმრებს მუდამ სიახლეებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Slink დღის დასაწყებად ძალიან კომფორტული ადგილია და შუშაბანდის კაფეში მაგიური, მზით განათებული გარემო იქმნება.
Chicos
პატარა კაფე ჭავჭავაძის 11-ში მდებარეობს, სადაც უგემრიელესი საუზმე კვირის დღეებში შეგიძლიათ 1-ელ საათამდე მიირთვათ. ხოლო შაბათ-კვირას საუზმის მენიუს დაგემოვნება 3 საათამდე შეგიძლიათ. დღის გემრიელად დასაწყებად კომფორტული გარემოც აუცილებელია, Chicos-ის ინტერიერი კი ისეა მოწყობილი, რომ დღე მშვიდად დაიწყოთ. სივრცის დიზაინი და ავეჯი კაფეს დამფუძნებლების დიზაინ-სტუდიოს - tamashi studios-ს შექმნილია. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ მოდის და დიზაინის ჟურნალები - Dazed, Kinfolk და არამხოლოდ.
Bagels
ზანდუკელის ქუჩაზე Bagels Tbilisi-ში დღე შეგიძლიათ ნიუ-იორკის სტილის ბეიგელებით დაიწყოთ. აქ პრაქტიკულად ყველანაირი ბეიგელი შეგიძლიათ მიირთვათ, იქნება ეს უბრალოდ გამომცხვარი ხვეულა ყავასთან ერთად ან დამატებითი ინგრედიენტებით - რძის პროდუქტებით, ბოსტნეულით და ლორით.
They Said Books
They said Books წიგნების მაღაზია და ამასთანავე კაფეცაა, რომელსაც უგემრიელესი საუზმის მენიუ აქვს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ საინტერესო წიგნების და ჟურნალების თანამედროვე ულამაზესი გამოცემები. კაფეში ლეგენდარული five elephant-ის ყავა შეგიძლიათ დააგემოვნოთ, რომელიც მთელი დღისთვის საჭირო ენერგიით მოგამარაგებთ.
პური გულიანი
რთულია ზაარბრიუკენის მოედანზე მოხვდეთ და “პური გულიანი” ვერ შეამჩნიოთ. პატარა კაფედან, რომელსაც არაჩვეულებრივი საუზმის მენიუ აქვს, ახლად გამომცხვარი პურის სურნელი იფანტება. ზამთრის ცივი დღეები აქ შეგიძლიათ ცხელი პომიდვრის სუპით დაიწყოთ, თქვენს საყვარელ პურთან ერთად. ან თუ დღის დაწყება შემწვარი კვერცხით გიყვართ, “პური გულიანს” დიდი არჩევანი აქვს. უგემრიელეს ყავასთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ Eggs Benedict ან თუ რამე უფრო მარტივი გსურთ, უბრალოდ ათქვეფილი კვერცხი შეუკვეთოთ. პატარა კაფეში ყოველთვის დიდი არჩევანია.
სტამბა
“სტამბაში” კერძების მრავალფეროვანი არჩევანი და ახალი სპეციალური საუზმის მენიუცაა. კლასიკურ კერძებთან ერთად, მენიუ სავსეა ჯანსაღი და ადგილობრივი ინგრედიენტებით. ჯადოსნური და სიცოცხლით სავსე ატმოსფერო კი იდეალური ადგილია გემრიელ საჭმელთან ერთად დღის დასაწყებად.
Coffee Lab
ბევრისთვის დღის დასაწყებად ყავა საუზმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. Coffee lab ორივეს დიდ ყურადღებას უთმობს, აქ თქვენს საყვარელ ყავასთან ერთად შეგიძლიათ უგემრიელესი საუზმეც დააგემოვნოთ, რომელიც სავსეა მსუბუქი, გემრიელი კერძებით და ტკბილეულით.
Holy
Holy ღვინის ქარხანაში მდებარე მყუდრო კაფეა, რომელიც უგემრიელესი საუზმის მენიუთი და კერძების ფართო არჩევანით გამოირჩევა. თუ დღეს მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად იწყებთ, შეგიძლიათ საზიარო კერძები მიირთვათ, როგორიცაა Holy-ის საფირმო ჰუმუსი ან უგემრიელესი ტკბილეული. საღამოს კი შეგიძლიათ Holy-ის ისევ ეწვიოთ და ნატურალურ ღვინოსთან ერთად გემრიელი სადილი მიირთვათ.
ქიქოძე
ქიქოძე მყუდრო კაფეა, რომელსაც მრავალფეროვანი საუზმის მენიუ აქვს სადაც განსაკუთრებული ადგილი უკავია eggs Benedict-ს ბრიოშზე, რომელიც შეგიძლიათ ორაგულით ან დასუვიდებული საქონლის ხორცით მიირთვათ. საღამოობით ყავის და საუზმის არომატებით გაჯერებული მშვიდი კაფე, სიცოცხლით სავსე ბარად გარდაიქმნება.
რესპუბლიკა
თუ თქვენი დილა განსაკუთრებით დატვირთული იყო და საუზმობა ვერ მოახერხეთ, “რესპუბლიკაში” შეგიძლიათ საუზმე 11-იდან 3-მდე მიირთვათ. აქ შეგიძლიათ მარტო მყუდროდ მოკალათდეთ ან გვიანი საუზმით მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად დატკბეთ.
დაწერე კომენტარი