ჩემი ფოტოსერია - “მილანი შიგნიდან”, აერთიანებს 2 წლის მანძილზე მილანში დაგროვებულ ფოტომასალას, რომელიც გვიყვება ქალაქის შესახებ. ამ პროექტით მსურდა, აღმეწერა და გამეზიარებინა სიტუაციები თუ გამოცდილებები, რომლებიც განსაკუთრებულად აღვიქვი და რამაც ჩემში თავისებურად განსხვავებული, საინტერესო ემოციები გამოიწვია. ყველა ფოტო გადაღებულია ფირზე, რამაც სახასიათო ფერების საშუალებით მომცა შესაძლებლობა გადმომეცა ის ესთეტიკა, რომლის აღბეჭდვასაც ვცდილობდი. მილანი საკმაოდ ძველი, თუმცა ამავდროულად პროგრესული ქალაქია, საინტერესო მაცხოვრებლებითა და ურბანული ქსოვილით. ამ ყოველივეს ერთობლიობა ჩემთვის ასოცირდება თანამედროვე ფილმთან ვინტაჟური ესთეტიკით. აღსანიშნავია, მილანისთვის სახასიათო ქაოსისა და წესრიგის სინთეზი, რაც ქალაქს საკმაოდ ეკლექტიკურად წარმოაჩენს. ფოტოსერიაში ძირითადად ვხვდებით მოულოდნელად, უმეტესწილად სეირნობისას გადაღებულ კადრებს. იმის მიუხედავად, რომ, ისევე, როგორც მილანი, ჩემი მშობლიური ქალაქი - თბილისიც მულტიკულტურულია და დღემდე ძველისა და ახლის სინთეზით შემოინახა, მილანში ცხოვრებისას ამ ურბანულ თავისებურებას უცხო თვალით ვაფასებდი და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პირველი შთაბეჭდილების აღბეჭდვა. ვინაიდან, მილანი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქია, მის ყოველდღიურობაში დიდი ადგილი უჭირავს განსხვავებული კულტურული, ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანების მშვიდობიან და კომფორტულ თანაარსებობას. ჩემს ფოტოსერიასაც ზუსტად ეს მრავალფეროვნება გასდევს მთავარ ხაზად.
დაწერე კომენტარი