ბრიტანელი არქიტექტორი - ნორმან ფოსტერი, რომელმაც 1990 წელს თავად ელისაბედ მეორისგან მიიღო რაინდის წოდება, მრავალი საერთაშორისო, პრესტიჟული პრემიის მფლობელია და არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხ და უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლება. სწორედ ნორმან ფოსტერი გახლდათ პირველი, ვინც არქიტექტურაში მინის - როგორც ექსტერიერისთვის გადამწყვეტი მასალის მნიშვნელობა მაღალ საფეხურზე აიყვანა და მეტი ყურადღება დაუთმო დეტალებს. მისი ნამუშევრები მიეკუთვნება ე.წ. მაღალტექნოლოგიურ არქიტექტურას, რომელსაც ხშირად ისე მოიხსენიებენ, როგორც სტრუქტურულ ექსპრესიონიზმს და მოდერნიზმისგან წარმოშობილ სტილად მოიაზრება.
ნატიფად ჩამოთლილმა და მსუბუქმა დიზაინმა, რომელიც ბუნებრივად ერწყმის თანამედროვე ფორმებსა და ორიგინალურ სტრუქტურებს, ნორმან ფოსტერის სახასიათო სტილი შექმნა. მისი ნამუშევრები ძირითადად შუშითაა დაფარული, შესაბამისად, ნაგებობები დღის ნებისმიერ მონაკვეთში კაშკაშებს და პრიზმასავით გარდატეხს არეკლილ სინათლეებს. დღისით მზის შუქითაა აბრჭყვიალებული, ღამით კი - დატვირთული ქალაქის მუდმივი ციმციმით.
არ არის გასაკვირი, რომ ბრიტანელი არქიტექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები სწორედ ლონდონის ცენტრშია თავმოყრილი. გამოირჩევა გერკინის შენობა, 41-სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც რაკეტისებურ ფორმას იმეორებს და რამდენიმე განსხვავებული სახეობის შუშისგან არის დაფარული. ასევე, აღსანიშნავია ლონდონში მდებარე სითი ჰოლის შენობაც, რომელიც ამჯერადაც არქიტექტორისათვის დამახასიათებელ სტილს გამოკვეთს - თანამედროვე, ორიგინალურ ფორმებსა და სიმეტრიულად გაწყობილ შუშის ორნამენტულ ექსტერიერს. გამოირჩევა სითი ჰოლის ინტერიერიც, დახვეული სპირალისებური კიბეებით, რომელიც შუშის გამჭვირვალე დეტალებისა და ფანჯრების მეშვეობით საოცარ სივრცით ეფექტს ქმნის. ფოსტერის ტიპური, გამაოგნებელი ნამუშევარია ლონდონში მდებარე ბრიტანული მუზეუმი და მისი ბადისბური შუშის ჭერიც.
1967 წლიდან ნორმან ფოსტერმა საკუთარი არქიტექტურული კომპანია Foster Associates დააარსა. დღეს ის Foster and Partners-ის სახელით არის ცნობილი და დღემდე ბრიტანეთის ყველაზე დიდ არქიტექტურულ კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი ოფისები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს.
კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ აშენებულა, კოშკი, სახელწოდებით - ტიტაა. ნაგებობას ყვავილის სახელი იქიდან გამომდინარე ეწოდა, რომ მისი სტრუქტურა სწორედ ამ ყვავილის მოყვანილობას იმეორებს.
ნორმან ფოსტერის ნაგებობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვხვდება. მათ შორის გამოირჩევა კალიფორნიაში მდებარე Apple Park და 2003 წელს აგებული ნიუ-იორკში მდებარე Hearst Tower, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ მთავარ და ღირსშესანიშნავ შენობას წარმოადგენს. ასევე, საინტერესო ნამუშევარია მეტროს დიზაინი ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში, რომელიც არქიტექტორისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული მასალებით - შუშითა და მეტალით არის დამზადებული.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს აბუ დაბიში დაგეგმილი Zayed-ის ნაციონალური მუზეუმი, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს და 2024 წელს დასრულდება. ასევე, პეკინის გრანდიოზული აეროპორტი, საფრანგეთის Millau Viaduct-ის ხიდი და რაიხსტაგში მდებარე გერმანიის პარლამენტის გუმბათოვანი შენობაც.
60 წლიანი კარიერის განმავლობაში ნორმან ფოსტერმა 250-მდე ნამუშევარი შექმნა, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილშია მიმოფანტული და მიუხედავად რთული კონსტრუქციული გდაწყვეტილებებისა, ყველა მათგანში ადვილად ამოიცნობა ავტორი. თითეოულ დიზაინში მკვეთრად იგრძნობა ყველა ის პრინციპი თუ სტილური თავისებურება, რომლითაც ნორმან ფოსტერმა საკუთარი, ჩაუნაცვლებელი ადგილი დაიმკვიდრა თანამედროვე არქიტექტურაში.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი