მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეებში მომხდარი სასიხარულო და შემზარავი ამბები ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებად აღწევს. Magnum Photos-ის არქივში არსებული ფოტოები ამ ამბებს თითქოს კონტექსტს და სიღრმეს მატებს, რაც საშუალებას გვაძლევს ნაწილობრივ მაინც განვიცადოთ მომენტები, რომლებიც ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იქნება ეს ტრაგედია და ომი, თუ ადამინური სულისკვეთების ტრიუმფი.



Magnum Photos ფოტოგრაფების საერთაშორისო კოოპერატივია, რომლის წევრი ფოტოგრაფები კომპანიის საქმიანობას თავისით განაგებენ. ის თავდაპირველად 1947 წელს პარიზში, რობერტ კაპას, დევიდ სეიმურის, ჰენრი კარტიე-ბრესონის, ჯორჯ როჯერის და ვილიამ ვანდივერის მიერ დაარსდა. Magnum-ის მიზანი თავიდანვე “ადამიანური გამოცდილების” ფოტოებზე აღბეჭდვა იყო. 40-იანი წლების ტურბულენტური მოვლენებიდან გამომდინარე, Magnum-ის ფოტოგრაფების ლინზა ხშირად ომისკენ იყო მიმართული. 




რობერტ კაპა, რომელიც ფოტოჟურნალიზმის და ომის ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებშია ნამყოფი და მის ნამუშევრებში ისტორიული ბრძოლები, რომლებიც ეპიკურ თხზულებებად ისწავლება სკოლებში, ამ მოველნებში პირდაპირ ჩართული ადამიანების თვალით არის დანახული. ამის განსაკუთრებული მაგალითებია მისი ფოტოები მოკავშირეების ნორმანდიის იერიშიდან და ფირზე აღბეჭდილი ესპანეთის სამოქალაქო ომი. 




მიუხედავად იმისა, რომ Magnum Photos ხშირად რადიკალურად განსხვავებულ ფოტოგრაფებს აერთიანებს, კოოპერატივი ერთგვარ ინსტიტუციად იქცა, რაც Magnum-ის ფოტოებს მომენტალურად ცნობადს ხდის: მცირე დეტალებისთვის ყურადღების გამოკვეთა, რომლითაც ფართო კულტურული სურათი იხატები, Magnum-ის ფოტოგრაფების ერთ-ერთი ინსტიტუციური ტრადიციაა. ეს იდეალურადაა გადმოცემული ფოტოსერიაში “Heels: Through Magnum Archive”.





მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ქუსლიანი ფეხსაცმელი შეიძლება იყოს მაღალი ხელოვნების ნაწილი, პატრიარქატის სიმბოლო თუ თვითგამოხატვის საშუალება იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის შეზღუდული. სხვადასხვა ფოტოგრაფები, მაგალითად ბრიუს დევიდსონი, პიტერ მარლოუ და ჰიროჯი კუბოტა "ქუსლებს" სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში წარმოაჩენენ.





Magnum-ის ფოტოარქივი გლობალური მოვლენების ყოველდღიურობის პერსპექტივიდან დანახვის საშუალებას გვაძლევს, თუმცა კოოპერატივის სტრუქტურის გამო, საშუალება გვეძლევა საპირწონე პერსპექტივაც ვიხილოთ, ანუ გლობალური მოვლენების გავლენა ყოველდღიურობაზე.





50-იანები და 70-იანები აშშ-ში მასობრივ პროტესტებს და სოციალურ ცვლილებებს უკავშირდება. Magnum-ის ფოტოგრაფთაგან ზოგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს პირდაპირ აშუქებდა, ზოგი კი ამ პოლიტიკმის მიღმა მიმდინარე ცხოვრებას აკვირდებოდა.






50-იანების მიწურულს, თანამედროვე პოპ-კულტურას დაედო საფუძველი, სადაც ცნობილი კინოვარსკვალავების გარდა, პოლიტიკური ლიდერებიც გამოჩდნენ, რაც მაგნუმის პირველმა ქალმა ფოტოგრაფმა, ივ არნოლდმა აღბეჭდა.







ლეგენდარული ფოტოგრაფი ელიოტ ლენდი იგივე პერიოდში მუშაობდა და ძირითადად ამერიკულ კონტრ-კულტურას აკვირდებოდა, რომელიც დღეს “მეინსტრიმის” ნაწილია, თუმცა თავის დროზე, “კონტროვერსიის” საგანი იყო.




ლენდის ფოტოებზე აღბეჭდილმა “ვუდსტოკმა”, რომელიც ანტი-საომარი მოძრაობების და ჰიპი კულტურის კულმინაცია იყო თავის მხრივ დიდი გავლენა იქონია ამ პერიოდის აღქმაზე მომავალ თაობებში. რთულია წააწყდე რომელიმე მუსიკალურ ფესტივალზე გადაღებულ ფოტოებს, რომელიც მიზნად “ვუდსტოკის” განწყობას არ გადმოსცემდეს, განწყობას რომელიც ლენდის ფოტოგრაფიამ დაგვამახსოვრა.





საბოლოო ჯამში, ფოტოგრაფებმა რომლებიც “ცენტრალური მენეჯმენტის” გარეშე მუშაობდნენ და მათთვის საინტერესო კადრებს აღბეჭდავდნენ, სრულიად სპონტანურად მსოფლიოს ისტორიის სურათი შექმნეს.
Magnum-ის სახასიათო სულისკვეთება ფოტოჟურნალიზმისადმი და ისტორიისადმი კარგად იკვეთება კრის სტილ-პერკინსის ფოტოგრაფიაში, რომელიც “ცვალებადი მსოფლიოს” აღბეჭდვით არის დაინტერესებული. 80-იანებში სტილ-პერკინსი მუშაობდა საბჭოთა კავშირში, სამხრეთ აფრიკაში, ავღანეთში და იაპონიაში. ფოტოგრაფის ნამუშევრებზე ქრონოლოგიურად დაკვირვებით, თანამედროვე ეპოქის დადგომას ვხედავთ, თავისი ახალი გამოწვევებით.







აღსანიშნავია, რომ თავისი 70 წლიანი არსებობის მანძილზე, Magnum-ის ფორმულა უცვლელი დარჩა. ამას ისიც მოწმობს, რომ 2000-იანებიდან მოყოლებული, Magnum Photos-ის თანამშრომლებმა უკვე შექმნეს ისტორიული ფოტოები, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოს სურათს გვიქმნის. ამის ნათელი მაგალითია სტივ მაქქერის და ტიმ ჰეტერინგტონის ნამუშევრები, სადაც ერაყის და ავღანეთის ომებია ასახული.





Magnum-ის ფოტოებზე აღბეჭდილი ცნობილი ისტორიული მოვლენების და მის უკან მყოფი ადამიანების გარდა, Magnum-ის ზოგი ფოტოგრაფისთვის უბრალო ადამიანების ყოველდღიურობაც საინტერესოა, რომელსაც შეიძლება ითქვას ანთროპოლოგიური ღირებულებაც აქვს, რადგან საშუალება გვეძლევა ცვალებადი მსოფლიოს უცვლელი ყოველდღიურობა დავინახოთ. ამის ყველაზე ნათელი დემონსტრაცია მარტინ პარის ნამუშევრებია, რომელიც ცხოვრების “ნაკლებად სერიოზულ” ასპექტებს გვაჩვენებს.



აღსანიშნავია, რომ
21-ე საუკუნის Magnum-ის ფოტოგრაფების ნამუშევრებში ფერს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რაც ხშირად დიდ როლს თამაშობს ფოტოზე ასახული მოვლენის ან გარემოს განწყობის გადმოცემაში. რენე ბურის, ნიკოს ეკონომოპულოსის და კონსტანტინ მანოსის ფოტოგრაფიაში ფერთა გამით მანიპულაცია ხშირად გაუცხოების ან სიმყუდროვის შეგრძნებას გვიტოვებს.






Magnum-ს ფოტოგრაფიის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, რადგან გარდა იმისა, რომ ის ხელოვანთა წარმატებული საერთაშორისო კოოპერატივია, სწორედ Magnum-ის ფოტოგრაფიამ განაპირობა როგორ გვამახსოვრდება ისტორია, ფილტრების გარეშე.


ავტორი: ტატო ანთაძე