ყოველთვის, როცა მოდის ინდუსტრიასა და ამ სფეროს გამორჩეულ სახეებს ვიხსენებთ, პირველ რიგში აუცილებლად 90-იანი წლების სუპერმოდელები, დიზაინერები და საკულტო კოლექციები გვიტივტივდება გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოდის სამყარო მანამდეც აქტიურობდა და 90-იანი წლების შემდეგ უფრო მეტადაც განვითარდა, ეს ათწლეული მაინც ყველაზე კაშკაშა, ცოცხალ და ჯადოსნურ წლებად დარჩა მის ისტორიაში. ბოლო პერიოდში ეს ინტერესი ერთიორად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 90-იანების მოდის ელემენტებს ნელ-ნელა კვლავ დაუბრუნდა აქტუალობა.

 

ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომელიც იმ ეპოქის თითქმის ყველა წამყვანი დიზაინერის მთავარ სახეს წარმოადგენდა, რაღა თქმა უნდა, ქეით მოსია. რთულია მისი მრავალი ,,ლუქიდან” რომელიმეს გამორჩევა, თუმცა Versace-ს 1995 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სადაც ქეითი მბრწყინავი საქორწინო კაბით წარდგა, ნამდვილად იმსახურებს ცალკე აღნიშვნას.

 

გრძელი, თავისუფალი სტილის სარაფნით ქეით მოსი, სხვა სუპერმოდელებთან ერთად, ვერსაჩეს 1995 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებაზეც გამოჩნდა.  ჩვენებაზე, სადაც მკაცრი კლასიკური სტილი და მსუბუქი, ქალური, ყვავილებით გაწყობილი კაბები ერთმანეთს ანაცვლებდა, 90-იანების თითქმის ყველა ვარსკვლავი მონაწილეობდა. მათ შორის კლაუდია შიფერი თეთრი, კლასიკური პიჯაკითა და ვიწრო ქვედაბოლოთი. გამოირჩეოდა ლინდა ევანგელისტაც, რომელიც ჭიამაიებით დაფარულ თეთრ საგაზაფხულო ხალათში იყო გამოწყობილი. ჩვენებაზე წარდგნენ ნაომი კემბელიც - საცურაო კოსტიუმით და კარლა ბრუნი ცისფერი, წელში გამოყვანილი კაბით.

იმავე წელს ახალი გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა შანელმაც. ვერსაჩესგან განსხვავებით, მეტად ფერადოვანი და გამომწვევი სამოსით  - მოკლე ქვედაბოლოებითა და ტოპებით, ვიწრო ქამრებით, ფერადი ჩანთებით - ყველა იმ ძირითადი დეტალით, რაც დღეს 90-იანი წლების მოდის მთავარ შტრიხებად ითვლება. შანელის ჩვენებაზე ასევე თითქმის უკლებლივ იყო წარმოდგენილი 90-იანების ყველა წამყვანი სუპერ-მოდელი - კლაუდია შიფერი, სტეფანი სეიმური, ნაომი კემბელი, ლინდა ევანგელისტა, კარლა ბრუნი და სხვა.

თუ უფრო წინა წლებს გადავხედავთ, ვერსაჩეს სხვა კოლექციებშიც ხშირად ვაწყდებით ცნობილ სახეებს - ნაომი კემბელს, სინდი კროუფორდს თუ კლაუდია შიფერს. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ვერსაჩეს 1991 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სადაც ძირითადად დომინირებდა შავ ფერთან შერეული შემოდგომის ტონალობები  - წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი. ასევე, დროდადრო გაიელვებდა მკაფიო ფერებიც. ჩვენებაზე გამოირჩეოდა ფინელი მოდელი - ანჯელიკა კალიო, რომელიც შემოდგომის ფერთა პალიტრაში იისფერი სამოსით იქცევდა ყურადღებას. 

 


 

1993 წლის Perry Ellis-ის გახმაურებული საგაზაფხულო კოლექცია მარკ ჯეიკობსის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ნამუშევრად ითვლება, რომელმაც, შეიძლება ითქვას, მისი კარიერის ბედი განსაზღვრა. მოკლე სარაფანსა და Dr. Martens-ის ბათინკებში გამოწყობილი კარლა ბრუნი, ქეით მოსის მოშვებული კაბა და ზოგადად, მთელი კოლექციის თავისუფალი და ბუნებრივი სტილი ალბათ ყველაზე ზუსტად ასახავს 90-იანი წლების კულტურულ თავისებურებებსა და ტენდენციებს.

 

 

პრადას 1996 წლის გაზაფხულის კოლექციას ნამდვილად ახლავს თან გაზაფხულის შესაბამისი, სიცოცხლით სავსე, მსუბუქი ჰაერი. ავოკადოსფერი მწვანე, ჭუჭყიანი ყავისფერი, რძისფერი თეთრი და მდოგვისფერი ყვითელი - ის ძირითადი ფერებია, რითაც კოლექციის სამოსია გადაწყვეტილი. ქეით მოსი ამ ჩვენებზე რამდენიმე განსხვავებული ,,ლუქით” წარდგა. მოდელების ვარცხნილობებში ხშირად დომინირებდა მოკლედ შეჭრილი თმა. 

90-იანი წლების მოდის ისტორია წარმოუდგენელია დიორის ჯადოსნური გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის გარეშე, რომლის ჩვენებაც 1998 წელს შედგა. ჯონ გალიანომ, რომელმაც სპეციფიკური გემოვნებითა და თეატრალურობით გაითქვა სახელი, 20-იანი წლების კოსტიუმებით შთაგონებული სანახაობა პარიზში, სახელგანთქმულ ოპერა გარნიეში (Palais Garnier) მოაწყო. ოპერის ინტერიერი, განსაკუთრებით კი მარმარილოს კიბეები, სადაც მოდელები მოძრაობდნენ, სრულიად შეესაბამებოდა კოსტიუმების სტილსა და მთლიანი ღონისძიების ესთეტიკას. ღონისძიების კულმინაცია გახლდათ ათასობით ოქროსფერი ქაღალდის წვიმა, რამაც ეს ზღაპრული ჩვენება დააგვირგვინა. 

შეუძლებელია 90-იანი წლების მოდაზე საუბარი ალექსანდრ მაკ-ქუინის შემოქმედების გარეშე. დიზაინერმა შემოქმედებით პიკს 90-იანი წლების მიწურულს მიაღწია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისი გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, რომლის ჩვენებაც 1999 წელს შედგა. კოლექციაში ჭარბობს როგორც შავი და ყავისფერი, ასევე რძისფერი თეთრი და ვერცხლისფერი. მსუბუქ და ჰაეროვან ნაჭრებს მტკიცე, ტყავის ვიწრო სამოსი ერწყმის. აღსანიშნავია მოდელების ვარცხნილობაც - ყოველ მათგანს სახეზე აქვს თმა ჩამოშლილი, რომელიც ზოგჯერ სახის ნაწილსაც კი ფარავს.  ექსპერიმენტების სიყვარულით განთქმულმა დიზაინერმა კოლექციის ჩვენება პერფორმანსით დაასრულა. მოდელსა და ბალეტის მოცეკვავეს - შალომ ჰარლოუს ორმა რობოტმა თეთრი კაბა ყვითელი და შავი საღებავებით მოუხატა. ეს დაუვიწყარი შოუ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მოვლენად ითვლება არა მხოლოდ 90-იანი წლების, არამედ მსოფლიო მოდის ისტორიაში.

ალექსანდრ მაკ-ქუინის ინტერესი თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი კიდევ ერთხელ აისახა Givenchy-ის 1999 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაშიც, სადაც მოდელების სახის გამომეტყველებაც და სამოსიც რობოტებს მოგვაგონებენ. ჩვენებაზე მოდელების სხეულები მანათობელი სამოსით იყო დაფარული.

ეს კონკრეტული ნიმუშები ალბათ ყველაზე ზუსტად ესადაგება 1999 წლის მიწურული სეზონის კოლექციას, რომლითაც თითქოს დიზაინერი მე-20 საუკუნეს დაემშვიდობა და ახალ, ტექნოლოგიებითა და განვითარებით სავსე 21-ე საუკუნეს გაუღო კარი.

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Vogue