Anobanoo, იგივე ანანო დოლაბერიძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქართველი წარმატებული მოდის ბლოგერია, იგი უკვე დიდი ხანია, რაც მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობს და უამრავ ადამიანს თავი დაამახსოვრა თავისი განსაკუთრებული ხედვითა და სტილით. ანანო უკვე საკმაოდ ცნობილი ციფრული პლატფორმის, Phubber-ის თანადამფუძნებელია, რომელიც ნებისმიერ მსურველს, როგორც ონლაინ შოპინგის, ასევე ციფრული მაღაზიის შექმნის საშუალებასაც აძლევს. დღეს Phubber-ზე უამრავ საინტერესო, ხარისხიან და გემოვნებიან მეორად და მაღალი მოდის ბრენდების აუთლეტ პროდუქციასაც აღმოაჩენთ, რაც ამ პერიოდში შოპინგს უსაფრთხოსა და კიდევ უფრო მარტივს ხდის.
Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად გთავაზობთ ანანო დოლაბერიძის კინორეკომენდაციას, სადაც მოდის ინდუსტრიის შესახებ შექმნილი გამორჩეული ფილმებია თავმოყრილი.
The Day Before
დოკუმენტური ფილმების სერია, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიაა. ეს არის ფრანგი რეჟისორის ნამუშევარი, რომელიც რვა დიზაინერს აერთიანებს. ეს სერია გადმოსცემს შოუმდე დარჩენილ 24 საათს, რეალურად რა ხდება ატელიეში, რამხელა სტრესია მზადების პროცესი, რა გადაწყვეტილებებს იღებენ დიზაინერები ამის ფონზე, როგორ ემზადებიან შოუსთვის და ასე შემდეგ. გამოვარჩევდი Alexander Wang-ის სერიას, სადაც ის თავისი პირველი ჩვენებისთვის ემზადება და Donatella Versace-ს, სადაც დონატელას სრულიად სხვა სახე არის წარმოჩენილი და ძალიან შემაყვარა ამ ფილმმა ეს ქალბატონი. გირჩევთ აუცილებლად ნახოთ.
Dior and I
დიორი ჩემთვის განსაკუთრებულია და ეს ფილმიც სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული.
The September Issue
ეს ფილმი ძალიან მიყვარს და ყველა ადამიანი, ვისაც მოდის ინდუსტრია აინტერესებს და სურს სამომავლოდ ამ სფეროს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება, ყოველთვის ვურჩევ მის ნახვას. ეს გახლავთ დოკუმენტური ფილმი 2006 წლის ამერიკული VOGUE-ის გამოცემაზე. რეალურად ასახავს მოდის ინდუსტრიის ძალიან სტრესულ და დადებით მხარეებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მოდის ინდუსტრიის მიმზიდველი ნაწილის უკან ძალიან დიდი ღელვა და სირთულეებია.
Marc Jacobs & Louis Vuitton
ეს ფილმიც ძალიან მიყვარს. დოკუმენტური ფილმი ისეთი დიდი და ცნობილი სახლის შესახებ, როგორიც LOUIS VUITTON-ია, მართლაც ძალიან საინტერესოა, თანაც ფილმში აღწერილია მარკ ჯეიკობსის პირველი ნაბიჯები ამ უდიდესი მოდის სახლისთვის, რომელმაც 16 წელი უხელმძღვანელა ბრენდს.
Diana Vreeland: The Eye Has to Travel
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქალბატონი მოდის ინდუსტრიაში დაიანა ვრილენდია, რომელიც გახლდათ ამერიკული Harper’s BAZAAR-ის მთავარი რედაქტორი და ამერიკული მოდის ინდუსტრიის შემქმნელი. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დაიანას ამერიკული სტილის, მოდის ინდუსტრიის განვითარებაში. მან პირველმა აღიარა ფრანგების საკულტო დიზაინერი ივ სენ ლორანი, მან შემოიტანა ნაქსოვი, ცხოველური პრინტი, როგორც ტრენდი და შექმნა მოდის სამყარო, რომელიც უფრო მეტი იყო, ვიდრე ხელოვნება. ფილმი დაიანას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზეა, ბევრ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ მისი შემოქმედების შესახებ.
Yves Saint Laurent
სიმართლე რომ გითხრათ, სანამ ამ ფილმს ვნახავდი, მის ტრეილერზე უფრო გავგიჟდი, ვიდრე ფილმზე. თუმცა მაინც გირჩევთ, რადგან დეტალურად გაიცნობთ ივ სენ ლორანის სხვა მხარეებს და მის ბიოგრაფიას, ასევე გამოვარჩევდი პიერ ნინეს, რომელიც განსაკუთრებულად ასრულებს ივ სენ ლორანის როლს.
The True Cost
ამდენ სასიამოვნოდ სანახავ ფილმებთან ერთად არ შემიძლია, რომ ეს ფილმი არ გამოვყო, რომელიც ასახავს რეალურად როგორ აზიანებს მოდის ინდუსტრია და განსაკუთრებით კი სწრაფი მოდა გარემოს. ფილმი გახლავთ დოკუმენტური, სადაც რეალური კადრებია ნაჩვენები როგორ ნადგურდება ყოველდღიურად ტონობით ტანსაცმელი და რა საშინელ გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობასა და ზოგადად ბუნებაზე. ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებიან ადამიანები ბევრ საკითხზე და მათ შორის ყველაზე მთავარზე - როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი მოდის განვითარებას. უნდა გავითავისოთ, რომ თითოეულმა ჩვენმა სწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს და ერთად შევძლოთ შევამციროთ მოთხოვნა სწრაფ მოდაზე, რაც ასე ძალიან ვნებს გარემოს.
Breakfast at Tiffany’s
კლასიკა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთ მოწინავე ადგილას ჩემს სიაში. ოდრი ჰეპბერნი, ქალბატონი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა დახვეწილობითა და ელეგანტურობით. ფილმში განსაკუთრებულად არის წარმოჩენილი ოდრის სტილი და ჰუბერ დე ჟივანშის ულამაზესი კაბები.
დაწერე კომენტარი