ერთი შეხედვით, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრენდსა და ძველბერძნულ მითოლოგიას, თუმცა ვერსაჩეს ლეგენდარულ ლოგოს, რომელზეც მედუზა გორგონას გველებშემოხვეული თავია გამოსახული, დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს მოდის სფეროში სახელგანთქმული იტალიური ოჯახისთვის.
თანამედროვე სამყაროში, სხვადასხვა მიზეზით, ხშირად ხდება ძველი, ტრადიციული ლოგოების განახლება, გამარტივება თუ გადასხვაფერება. ძირითადად, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ესა თუ ის პროდუქტი უფრო ადვილად აღქმადი გახდეს. ვერსაჩეს ლოგო, რომელიც ბოლო 30 წელია უცვლელად ამშვენებს ვერსაჩეს თითქმის ყველა კოლექციასა და პროდუქტს, ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია.
ლოგოს ისტორია, რომლის გარეშეც ვერსაჩეს ბრენდის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, 1993 წელს იწყება და მისი იდეა თავად ჯანი ვერსაჩეს ეკუთვნის. ცნობილია, რომ იტალიელი შემოქმედი დიდი თაყვანისმცემელი იყო ბერძნული და რომაული მითების. მრავალი პერსონაჟიდან და ისტორიიდან ჯანიმ საკუთარი ბრენდის ლოგოდ სწორედ მედუზა გორგონას მომნუსხველი სახე აარჩია, რადგან სჯეროდა, რომ მისი მომაჯადოებელი მზერის წინაშე მთელი სამყარო უძლური იქნებოდა. ასეც მოხდა - ვერსაჩეს მოდის სახლს ჯანის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვეტია პირველობა. დონატელამ, გარდა იმისა, რომ ძმის საქმიანობას ჩაუდგა სათავეში, ბოლომდე გაითავისა ამ ლოგოს მნიშვნელობა და ძალა. შესაბამისად, ის დღემდე უცვლელად წარმოადგენს ვერსაჩეს მთავარ სავიზიტო ბარათს.
ამ ლოგოს შეხვდებით ვერსაჩეს თითქმის ყველა პროდუქტზე - ტანსაცმლიდან და აქსესუარებიდან დაწყებული, წვრილი საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია და ამ კოლექციის ფარგლებში შექმნილი კამპანია ჯანი ვერსაჩეს ეძღვნებოდა. რამდენიმეწუთიან ვიდეორგოლებში ვერსაჩეს ახალ კოლექციაში გამოწყობილი მოდელები მედუზა გორგონას მითოლოგიურ ისტორიას კითხულობდნენ.
ჯანი ვერსაჩესთვის მედუზა გორგონას სახე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი იყო, რომელიც მისი ცხოვრების ყველა ასპექტში ფიგურირებდა. სიმბოლოს მოზაიკური ვერსია მილანში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოშიც კი იყო გამოსახული. დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ ჯანი ვერსაჩემ ზუსტად იცოდა, ინტუიციითა და გამოცდილებით გრძნობდა, თუ რა ძალა ექნებოდა მის გადაწყვეტილებას, როცა მედუზა გორგონას მაცდუნებელი სახე თავისი ბრენდის მთავარ სიმბოლოდ აქცია.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი