,,მინდა, რომ ნამუშევრები, რომლებსაც ვქმნი, კომერციული იყოს, ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში ბინძური სულაც არ არის” - ეს სიტყვები თანამედროვე მოდის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას - ჟანპაოლო სგურას ეკუთვნის და ზუსტად გადმოსცემს ფოტოგრაფის აღქმასა და დამოკიდებულებას საკუთარი შემოქმედებითი პროცესის მიმართ. ჟანპაოლო არ ერიდება პირდაპირ, დაუფარავად გადმოსცეს ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანია - მოდის ტენდენციები, ვიზუალური სილამაზისა და ელეგანტურობის მნიშვნელობა თუ თანამედროვე სამყაროს კომერციული ღირებულებები.
წარმოშობით იტალიელი ფოტოგრაფი 20 წელიწადზე მეტია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფოტოგრაფად ითვლება. ჟანპაოლოს მოდის სფერო ადრეული ასაკიდანვე აინტერესებდა და ბავშვობიდან გამოყოლილი ეს ვნება, ცნობისმოყვარეობა და დაუცხრომელი სურვილი, საკუთარი ხელწერით აღბეჭდოს სილამაზე, მის ყოველ ნამუშევარს ეტყობა. გამოირჩევა თავისებური მუშაობის სტილითაც. არ უყვარს, როდესაც უკვე გამზადებულ სცენასა და გამოწყობილ მოდელს ახვედრებენ და მას, როგორც ფოტოგრაფს, მხოლოდ კამერის ჩართვა და გადაღება ევალება. უყვარს, როდესაც გადასაღები მოედნის მოწყობასა და სამზადისში თავიდანვეა ჩართული და ყველაფერი მის თვალწინ იქმნება. როგორც თავად აღნიშნავს, მის ფოტოებს ბევრი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება არ ესაჭიროება. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, როცა მაყურებელი თავის წარმოსახვას მოუხმობს და კონკრეტულ ფოტოსურათს პირადი გამოცდილებებიდან გამომდინარე გრძნობს.
მისი ნამუშევრები შეგხვდებათ ესპანურ, ბრაზილიურ, ფრანგულ, გერმანულ თუ იაპონურ ვოგის ჟურნალებში. არაერთი ფოტოსესია გადაუღია მოდის ინდუსტრიის წამყვან ვარსკვლავებთან - ჯიჯი და ბელა ჰადიდებთან. ასევე, თანამედროვე კინოსა და ხელოვნების ისეთ წარმომადგენლებთან, როგორებიც არიან: ტიმოთი შალამე, რაიან გოსლინგი, ორლანდო ბლუმი, ქეით ვინსლეტი და უმა თურმანი. უსასრულოა იმ ბრენდების ჩამონათვალიც, ვისთვისაც ჟანპაოლოს არაერთი კომერციული კამპანია შეუქმნია - არმანი, რალფ ლორენი, ვერსაჩე და კიდევ მრავალი სხვა.
ჟანპაოლოს სურათებში მკვეთრად იგრძნობა მოდის კლასიკოსი ფოტოგრაფების - რიჩარდ ავედონისა და ირვინგ პენის დიდი გავლენა. იტალიელი ფოტოგრაფისთვის დიდი დატვირთვა აქვს საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ისტორიასაც. როგორც თავად აღნიშნავს, მის ფოტოგრაფიაში ხშირად შევხვდებით იტალიელი კინორეჟისორების - ფედერიკო ფელინისა და ვიტორიო დე სიკას გავლენას. მართლაც, ჟანპაოლო სგურას შავ-თეთრი ფოტოების სერიაში ხშირად იკვეთება იტალიური ნეორეალიზმისთვის დამახასიათებელი სტილი და გამომსახველობა.
ჟანპაოლო სგურას სურათებში მთელი ეპოქაა აღბეჭდილი - თანამედროვე კულტურული მოვლენები და ადამიანები, რომლებიც მოდისა და ხელოვნების ისტორიას ქმნიან. მისი ნამუშევრების ნახვისას აუცილებლად გიჩნდება იმის განცდა, თითქოს ჟანპაოლომ, სასწაულებრივად, მოახერხა ყველა მნიშვნელოვან წერტილში ერთდროულად მოხვედრა და ყველა გარდამტეხი მოვლენის აღბეჭდვა. მისი ფოტოსერიების შემხედველს ჩვენც ადვილად შეგვიძლია შეგვექმნას წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ ვითარდება, რა მოთხოვნები აქვს და როგორ მუშაობს 21-ე საუკუნის ქაოსური მოდის ინდუსტრია.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი