დევიდ ფინჩერი ამერიკელი რეჟისორია, რომელიც ფილმებს ძირითადად ფსიქოლოგიური ტრილერის ჟანრში იღებს. საერთო ჯამში რეჟისორის პროექტები ოსკარის 40 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და ფინჩერი სამჯერ იყო ნომინირებული საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. ამასთანავე ფინჩერს 50-ზე მეტი მუსიკალური კლიპი აქვს გადაღებული და Netflix-ის არაერთი პროექტის, House of Cards-ის, Mindhunter-ის და Love, Death & Robots-ის აღმასრულებელი პროდიუსერი იყო.

ფინჩერის ფსიქოლოგიური ტრილერები მაყურებელს უცნაურ სამყაროებში ითრევს, სადაც კლასიკური დიქოტომიები “სწორს” და “არასწორს” შორის ირღვევა და პერსონაჟებს ემოციური ლაბირინთებიდან თავის დაღწევა უწევთ. რეჟისორის თითქმის ყველა ფილმში რაღაც დაძაბულობაა, რომელიც ხშირად მისტიკური სიუჟეტით და პერსონაჟების ბუნდოვანი მოტივაციებით არის განპირობებული, თუმცა “ფინჩერის ეფექტი”, ანუ ის, რაც მის ფილმებს ტრილერებად აქცევს, დიდწილად შესანიშნავი კინემატოგრაფიით არის განპირობებული. 




ფინჩერმა კინოინდუსტრიაში მუშაობა ვიზუალური ეფექტების პროდიუსერად დაიწყო და მოგვიანებით Industrial Light & Magic-ში ოპერატორი და ვიზუალური ეფექტების გუნდში ფოტოგრაფი იყო. კამერებთან მუშაობის გამოცდილება ფინჩერს მოგვიანებით თავისი უნიკალური სტილის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ფინჩერის ფერთა გამა კარგად იკვეთება მის პირველივე ფილმში, Alien 3-ში. 

ფინჩერი კინემატოგრაფიაში ძირითადად ორი “კომპლემენტური” ფერის, ლურჯის და ყვითლის შეთანხმებას იყენებს. ხელოვნებაში “კომპლემენტური ფერების” გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. თუმცა, ფინჩერის ფილმებში ეს ფერთა შეთანხმება ძალიან ექსპრესიულია, რის გამოც სცენებში ხშირად ამ ორის გარდა სხვა ფერები თითქმის არ ფიგურირებს.




ფინჩერის დახატული მონოქრომული სამყარო რეჟისორს საშუალებას აძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში კონტრასტული ფერების შემოღებით მაყურებლის ყურადღება პერსონაჟებზე მიაქციოს. ამ კონტრასტს ფინჩერის ფილმებში ხშირად პერსონაჟების ჩაცმულობა ქმნის. ეს ტენდენცია რეჟისორის თითქმის ყველა ფილმში იკვეთება, მაგალითად, Gone Girl-ში, Zodiac Killer-ში და Seven-ში. 






მეორე მხრივ, ფინჩერის მონოქრომული სამყარო რეჟისორს პერსონაჟების ბუნდოვანი მორალის და მოტივების წარმოჩენაში ეხმარება. შესაბამისად, ფერთა გამა ერთგვარი ნარატიული ინსტრუმენტიცაა.





The Curious case of Benjamin Button-ში ფილმის მსვლელობასა და მთავარი პროტაგონისტის, ბენჯამინ ბატონის გაახალგაზრდავებასთან ერთად ფერები უფრო ექსპრესიული ხდება, ბოლოსკენ კი ისევ მონოქრომულია, რაც იდეალური ქვეტექსტია ბრედ პიტის და კეიტ ბლანშეტის პერსონაჟების ურთიერთობის განვითარებისთვის. 






სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღებამდე ფინჩერი ძირითადად მუსიკალურ კლიპებზე მუშაობდა, სადაც რეჟისორის ესთეტიკისადმი ყურადღება კარგად იკვეთება. ფინჩერს მუსიკალური ვიდეოები გადაღებული აქვს Madonna-სთვის, Nine inch nails-ისთვის, მაიკლ ჯექსონისთვის და სხვ.

ფინჩერის და მადონას ერთობლივი პროექტები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან რეჟისორის ესთეტიკაა სწორედ ის, რაც მადონას კლიპების განწყობას ქმნის და მუსიკოსის 90-იანების სტილს იდეალურად უთავსდება. Madonna-ს 1989 წლის მუსიკალური ვიდეო Express Yourself ჯერ კიდევ 80-იანებისთვის სახასიათო პომპეზურობით და ლურჯად განათებული ღამეებით გამოირჩევა. 


ხოლო ფინჩერის გადაღებული კლიპი Vogue-ისთვის ხშირად რეჟისორის საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოდ მოიაზრება. Vogue-ის კლიპი შავ-თეთრია და მადონას ათვისებულ მერლინ მონროს სტილს იდეალურად გამოხატავს.




მიუხედავად იმისა, რომ ფინჩერი ბოლო ორი ათწლეულია ძირითადად ფილმებზე მუშაობს, შიგადაშიგ ის მუსიკალურ ვიდეოებსაც იღებს. მაგალითად, რეჟისორის მუსიკალურ კინემატოგრაფიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჯასტინ ტიმბერლეიკის სინგლისთვის 2013 წელს გადაღებული კლიპი, რომელიც Vogue-ით არის შთაგონებული.





მიუხედავად იმისა, რომ ფინჩერის დამოკიდებულება ვიზუალებისადმი მისი კარიერის მანძილზე პრაქტიკულად უცვლელია, ყოველ ახალ პროექტში რეჟისორი რაღაც განსხვავებულს გვთავაზობს, რადგან “კომპლემენტური ფერების” და მონოქრომული ფერთა გამის გამოყენება მრავალნაირად შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ფინჩერის მიდგომა ესენციურად ახალი არ არის, რეჟისორი კინემატოგრაფიის კლასიკურ მიდგომებს ყოველ ჯერზე ახლებურად იყენებს.