60-იანი წლები, თავისი ქარიზმატული და რევოლუციური ტენდენციებით, ყოველთვის გამოირჩეოდა ხელოვნების ისტორიაში. გამოჩნდნენ ახალგაზრდა, სახასიათო მსახიობები, რომლებსაც, გარდა კინოსი, დიდი გავლენა ჰქონდათ იმ პერიოდის მოდაზეც. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და შესაბამისად, ბევრი მიმართულებაც შეიცვალა, ზოგი რამ მოძველდა და ზოგიც სულ მთლად მიგვავიწყდა, თუმცა არიან 60-იანი წლების ისეთი საკულტო მსახიობებიც, რომელთა გამორჩეული სტილი დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
ერთ-ერთი ასეთი ფიგურა ამერიკელი მსახიობი და მოდელი - შერონ ტეიტი გახლავთ, რომელმაც, ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკული სიკვდილის მიუხედავად, მოახერხა და ხალხს თავისი ნიჭით, შარმითა და მომხიბვლელობით ადვილად დაამახსოვრა თავი. დღემდე მისი გრძელი, სხივებივით გაშლილი წამწამები, სახასიათო ვარცხნილობა და წვრილი, მორკალული წარბები, ხშირად ხდება შთაგონების წყარო თანამედროვე კინო-მხატვრებისთვის, შოუბიზნესის წევრებისა თუ დიზაინერებისთვის.
თავდაპირველად, ახალგაზრდა მსახიობი 1961 წელს გამოჩნდა ეკრანზე, როდესაც ენტონი ქვინთან ერთად რელიგიურ-ეპიკურ ფილმში - Barabbas - ითამაშა. მოგვიანებით, 1966 წელს, მონაწილეობა მიიღო საშინელებათა ჟანრის ფილმში - Eye of the Devil - თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა და აღიარება 1967 წელს გადაღებულმა ფილმმა - Valley of the Dolls-მა მოუტანა. შარონ ტეიტი ამ ფილმით ოქროს გლობუსზეც კი იყო წარდგენილი. ფილმი, ფერადოვანი და გამორჩეული კოსტიუმების გამო, მალევე გახდა საკულტო და შთამაგონებელი სხვა რეჟისორებისთვის, ფოტოგრაფებისა თუ დიზაინერებისთვის. ფილმის კოსტიუმების დიზაინერი - უილიამ ტრავილა გახლდათ, სწორედ მისი შექმნილია ფილმში წარმოდგენილი ყველა ის კაბა, რომელიც შერონ ტეიტის პერსონაჟს აცვია.
ასევე, შერონ ტეიტი 1967 წელს მონაწილეობდა რომან პოლანსკის ფილმში The Fearless Vampire Killers და მომავალი მეუღლეც სწორედ ამ გადაღებებზე გაიცნო. შერონი თავისი მომხიბვლელობით, რა თქმა უნდა, საკუთარ ქორწილშიც გამოირჩეოდა. 24 წლის მსახიობს სპილოსძვლისფერი, აბრეშუმის მოკლე საქორწინო კაბა ეცვა.
აღსანიშნავია ტეიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცისფერი კაბა და ფოტო, რომელიც 1968 წელს პარიზის ღია კაფეშია გადაღებული. იმ პერიოდში შერონი შეუერთდა მოძრაობას, სახელწოდებით, youthquake. ტერმინი, რომელიც ვოგის რედაქტორის - დიანა ვრელენდის შექმნილი იყო, გულისხმობდა 60-იანი წლების სექსუალური რევოლუციის პერიოდში შექმნილ მოდას, რომლის ყველაზე გამოკვეთილ ტენდენციას სწორედ მოკლე ქვედაბოლოები წარმოადგენდა. შერონ ტეიტის სტილზე საუბრისას პირველ რიგში სწორედ მოკლე ქვედაბოლოები გვახსენდება, რომელიც 60-იან წლებში ჯერ კიდევ თამამ და გაბედულ გადაწყვეტილებად ითვლებოდა. შერონი ერთ-ერთი პირველი მოდელი გახლდათ, რომელიც ხშირად ირგებდა ამგვარ ქვედაბოლოებს. მიუხედავად ამისა, ხშირად მის სტილს პრაგმატულსა და უბრალოსაც უწოდებდნენ, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში უყვარდა მოხერხებულად ჩაცმა - კომფორტული მაისურისა და ჯინსის შარვლის მორგება.
შერონის 60-იანი წლების მოდას 21-ე საუკუნის პოპ-კულტურაში, კინოსა და მოდაშიც ხშირად ვაწყდებით. შეგვიძლია გავიხსენოთ გუჩის 2014 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სადაც ცისფერ პალტოსა და ჩექმებში გამოწყობილი მოდელები ნამდვილად მოგვაგონებენ შერონ ტეიტის რამდენიმე დასამახსოვრებელ ,,ლუქს”.
შერონის მოდა შთაგონების წყარო გახდა ცნობილი ამერიკული დრამის - Mad Man-ის კოსტიუმების დიზაინერისთვისაც. სერიალში Megan Drape-ის პერსონაჟის ვარცხნილობა, სტილი და მაკიაჟი პირდაპირ იმეორებს შერონის 60-იანების მოდას. შერონ ტეიტის გავლენა იგრძნობა თანამედროვეობის ისეთ ვარსკვლავებთანაც, როგორებიც არიან ლანა დელ რეი და ლილი კოლინსი, რომელსაც 2019 წლის გალას დაჯილდოებაზე აშკარად ეტყობოდა შერონის საქორწინო ,,ლუქის” გავლენა.
შერონ ტეიტი გამოირჩეოდა თავისი ვარცხნილობითაც, რომელიც აუცილებლად გაგვახსენებს 60-იანი წლების კიდევ ერთ ვარსკვლავს - ბრიჯიტ ბარდოს. მსგავსი ვარცხნილობის მოდაში თავიდან წარმოჩენის მცდელობას ვაწყდებით ვალენტინოს 2018 წლის შემოდგომის კოლექციაშიც, სადაც მოდელების ვარცხნილობა 60-იანი წლების სტილითაა შთაგონებული. ასევე, შერონ ტეიტის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ვარცხნილობაა - გაშლილი თმა, წინ ჩამოშვებული წვრილი ნაწნავებით, რომლითაც 1968 წლის კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა. გარდა ვარცხნილობისა, შერონ ტეიტი გამოირჩეოდა სახასიათო მაკიაჟითაც, რომელიც კვლავ გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც ცნობილმა მსახიობმა და მოდელმა - ლილი-როუზ დეპმა მისი გაცოცხლება სცადა.
სამწუხაროდ, შერონ ტეიტმა ვეღარ მოახერხა კარიერის გაგრძელება და ადრეულ ასაკში ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, თუმცა იმ რამდენიმე წელიწადში, როცა აქტიურად იყო ჩართული კინოსა და მოდის პროცესებში, ნამდვილად მოასწრო წარუშლელი კვალის დატოვება და ისეთი იმიჯის შექმნა, რომელიც ნახევარი საუკუნის შემდეგაც ემოციური და აქტუალური იქნებოდა ადამიანებისთვის.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი