მინერალური წყალი ,,ლიკანი” და Hammock Magazine წარმოგიდგენთ არტისტებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის ქუჩებში თავიანთ ისტორიებს კედლის მხატვრობით მოგვითხრობენ, მათი ხელოვნება კი კულტურული მეხსიერების ნაწილია.

 

„ლიკანის“ მხარდაჭერით Hammock Magazine-ის მიერ მომზადებულ ვიდეოებში ნინა ხურცილავა, მუსია ქებურია და გამეზა გვესაუბრებიან საკუთარ გამოცდილებაზე, ნამუშევრებზე და ზოგადად კედლის მხატვრობის დატვირთვაზე მათ შემოქმედებაში.

ნინა ხურცილავა მხატვარი და გრაფიკული დიზაინერია, რომელიც თბილისის ქუჩებშიც ხატავს. თავისი ნამუშევრებიდან ის „ოლიჩკას“ გამოარჩევს, მურალს, რომელზეც მისი ბებიაა ასახული. ის უკრაინაში ჰოლოდომორის დროს 12 წლის ასაკში დაობლდა. არტისტის სიმბოლიზმით დატვირთული ნამუშევარი საქართველოს და უკრაინელი ხალხის საერთო წარსულს ქალაქის განუყოფელ ნაწილად აქცევს. არტისტის თქმით, კედლის მხატვრობა “საკუთარი თავის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალებაა… ქუჩის ხელოვნება არის დიდი გალერეა, რომელსაც ძალიან ბევრი შემფასებელი და დამთვალიერებელი ჰყავს”

გამეზა კედლის მხატვრობით სტუდენტობის პერიოდიდანაა დაინტერესებული და ის ძირითადად დიდ მასშტაბებზე მუშაობს. მისი ნამუშევრები უცნაურ და საყვარელ პერსონაჟებს წარმოგვიდგენს, რომლებიც ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში იჩენენ თავს, ისეთი როგორიც, მაგალითად, ყველაზე ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი ძაღლის, კუპატას მურალია ბათუმში. არტისტი აღნიშნავს, რომ კედლის მხატვრობა “რაღაც ისეთის შექმნის საშუალება არის რაც დროსა და სივრცეში საკუთარ კვალს დატოვებს”.

 


მუსია ქებურია დიზაინერი და მხატვარია, რომელიც კედლის მხატვრობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. მუსიას შემოქმედებას საქართველოს 12 ქალაქში და საზღვარგარეთაც შეხვდებით. არტისტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კედლის მხატვრობამ ემოცია გადმოსცეს, და ამით დამთვალიერებელს და მხატვარს შორის უხილავი კავშირი გააჩინოს: “საინტერესოა, როდესაც ნამუშევარში ფარულად აქსოვ შენს ემოციებს, აზრებს თუ შინაარსს, ამ დროს თითქოს დამთვალიერებელს და მხატვარს შორის რაღაც უხილავი ხიდი ჩნდება და ისინი იწყებენ არამარტო ნახატის დათვალიერებას, არამედ მასზე ფიქრსაც”.

მინერალური წყალი „ლიკანი“ წლებია მხარს უჭერს კედლის მხატვრობის განვითარებას საქართველოში და - არტისტებს, რომლებიც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი შემოქმედებით ესაუბრებიან. ამ კვირაში ჩვენი და „ლიკანის“ ერთობლივი ვიდეოების სერიის პირველ გმირს, ნინა ხურცილავას გაგაცნობთ.

 

 

ავტორი: ტატო ანთაძე