გალერეა Window Project, რომელიც თავის სივრცეს ხშირად უთმობს VAADS-ის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, 3 თებერვლიდან 28 მარტამდე ნენე ბერიძის, მარიამ რაზმაძის, იოანა წულაიას,თეო მასპინძელაშვილის და სოფო შეითნიშვილის გამოფენას მასპინძლობს. 

 


 

გამოფენილი ნამუშევრები ერთგვარ კრიტიკულ ანალიზს გვთავაზობენ ქალის როლზე ურბანულ სივრცეში და ქალაქში არსებულ კულტურულ და იდეოლოგიურ “კოდს” ქალების თვალით გვაჩვენებენ. გალერეის მიხედვით, “ქალების პერსპექტივა სოციალურ სივრცეებზე ხშირად უგულებელყოფილია”. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები ურბანული ლანდშაფტიდან აღებული მასალებით არის შექმნილი, იქნება ეს გრაფიტი, ძველი აფიშები, პოლიტიკური პოსტერები და სხვა. საერთო თემატიკის მიუხედავად, არტისტების სტილი და ხედვა განსხვავებულია: ზოგი ნამუშევარი ხმაურიანი ქალაქიდან ესკაპიზმის (განრიდების) რომანტიზაციაა, ხოლო ზოგი არტისტი კონსუმერიზმის და მუდმივი კავშირის ანალიზს გვთავაზობს. 

გამოფენის სახელი ჯილიან როუზის პარადოქსული სივრცეების მეტაფორით არის შთაგონებული, რომლის მიხედვითაც, ქალები ურბანულ გარემოში შესაძლოა ერთდროულად ცენტრალურ და მარგინალურ სივრცეებს იკავებდნენ.

ავტორი: ტატო ანთაძე