მიწაზე დაგებულ ხალიჩაზე საშუალო ზომის დათვის ტყავი გამიფინეს პატივისცემის ნიშნად. ზედ საძილე ტომარა მივაგდე და ის იყო, მეგონა, მზად ვიყავი დასაძინებლად, რომ გავიაზრე: „ოთახში“ ყველანი ერთად ვიყავით.

მე, მასპინძელი ცოლ-ქმარი, მათი სამი შვილი, ცხენების პატრონი და გიდი. შვიდივე წყვილი თვალი ისეთივე ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს თითოეულ მოძრაობას, როგორი ცნობისმოყვარეობითაც მე - მათ. ტანსაცმლის გამოსაცვლელად მხოლოდ ორი გზა მრჩებოდა - გარეთ, ტყეში, მაგრამ უკვე ისე ციოდა, გაღუღუნებული კარვიდან (მონღოლები ორთცს ეძახიან არყის ხის ტოტებისგან შეკრულ სამკუთხა კონსტრუქციას) შუაგულ ტყეში გასვლის წარმოდგენაზეც კი ჟრუანტელმა დამირბინა; ან შიგნით, საძილე ტომარაში. რა თქმა უნდა, მეორე გზა ვარჩიე. იმის იმედად, რომ მასპინძლებს მოერიდებოდათ და თვალს ამარიდებდნენ. შენც არ მომიკვდე! ასე აბრეშუმის ჭიასავით ვიბზრიალე ჩემს „პარკში“ და თან მადლობას ვუხდიდი განგებას, რომ ამ მოგზაურობის დაწყებამდე თბილისის მაღაზიებში ჩემი ზომის საძილე ტომარა ვერსად ვიშოვე.    

გათენებამდე რამდენჯერმე გამეღვიძა. ვეღარ ვითმენდი. ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემ ირგვლივ მორბენალ ლამაზ ირმებს ჯადოსნური რქებით.  ჯინაზე ღამე უსასრულოდ გაიწელა. როგორც კი ირიჟრაჟა, წამოვხტი და გარეთ გავვარდი. შორს წასვლა არ დამჭირვებია. იქვე, ხეების ძირში ოცდაათამდე ირემი იყო მიწოლილი. უმეტესობა თეთრი, ზოგი სერ-ფერ-ნარევი.

მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი. აქეთ-იქეთ ვიხედებოდი და თავი სიზმარში მეგონა. მერე უცებ ცრემლები წამსკდა. მულტფილმებში რომ ასხამენ თვალების კუთხეებიდან, ხომ გახსოვთ - აი, ზუსტად ეგრე. ჩემი თავის წარმოდგენაზე რაღაც მომენტში სიცილიც ამიტყდა. სიხარულის ცრემლებს ვღვრიდი და თან ირმებს შორის ფეხაკრეფით დავსეირნობდი. ვცდილობდი, არ მეხმაურა. ტაიგის დედოფლები ჯერ კიდევ თვლემდნენ და არ მინდოდა დამეფრთხო. რამდენიმემ მაინც გაიღვიძა, გაოცებული მზერა მომაპყრო და ისევ ძილი გააგრძელა.

ერთ-ერთი სანუკვარი ოცნების ასრულებით გამოწვეულმა მოჯადოებამ რომ გადამიარა და კარგად დავაკვირდი, ირმები ხეებზე იყვნენ მიბმული. როგორც ცხოველთა უფლებების თავგამოდებულ დამცველს, ბრაზი შემომაწვა. ემოციები დავიოკე, კარავში მივბრუნდი და გიდს ვთხოვე, აეხსნა, რატომ იყო ეს საწყალი ველური ცხოველი დატყვევებული. როგორც მან განმიმარტა, მდედრი ირმები წელიწადში მხოლოდ სამი თვის განმავლობაში, შემოდგომაზე იწველებიან. მართალია, ძალიან ცოტას, მაგრამ ეს რძე ცაატანის მომთაბარე ტომისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარსებო პროდუქტია (გაგიკვირდებათ და ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭამენ, თუ ირემი ბუნებრივი მიზეზებით კვდება). ამ განმარტებამ ჩემში ახლა ქალთა უფლებების დამცველი გააღვიძა. არ მესიამოვნა იმის გააზრება, რომ მამრები სრულიად თავისუფლად დანავარდობდნენ, სანამ მდედრებს ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა.

უნდა ვაღიარო, რომ მათთან გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აქ ირემი და ადამიანი ერთმანეთზეა დამოკიდებული. მათ შორის უცნაური, ენით აღუწერელი ურთიერთობა და ჰარმონია სუფევს. მართალია, ირმები მოშინაურებული ჰყავთ, მაგრამ ამ ცხოველს დიდ პატივს სცემენ და ოჯახის წევრებივით ეპყრობიან.

როცა ტაიგას ვახსენებ, ციმბირის უზარმაზარ ტყეს ვგულისხმობ, რომელიც რუსეთის საზღვრიდან მონღოლეთის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში გადმოდის. ამ ორი ქვეყნის გამყოფიდან კუვსგულის (ხუვშგულის) ტბამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ დღეს ცაატანები. „ცაატანი“ მონღოლურიდან ითარგმნება როგორც „ხალხი ირმებით“. ამ ხალხს იცნობენ როგორც ყველაზე მისტიკურ და ხელშეუხებელ ტომს, რადგან მათი ერთ ადგილას გამოჭერა მართლაც რომ რთული საქმეა. განსაკუთრებით, მიგრაციის პერიოდში, როცა ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ ბარგს იკრეფენ და ირმებს დაჰყვებიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან (ტუვის დასახლება) სხვადასხვა მიზეზით მონღოლეთში გადმოსახლებული ეს რამდენიმე ათეული ოჯახი თანამედროვე მონღოლეთში ბევრის უკმაყოფილებას იწვევს. მათ ზარმაცებს ეძახიან და გადასახადების გადაუხდელობისთვის აკრიტიკებენ. 

სიზარმაცის რა გითხრათ და პურის გამოცხობა ამ ოჯახში ყველაზე პატარამ, 9 წლის ტურ-ერდენმაც კი იცის. ისე მონდომებით და ოსტატურად ზელდა თავისი პატარა ხელისგულებით ცომს, რომ შემრცხვა. ცხოვრებაში პური არ გამომიცხვია. ტურ-ერდენი და მისი 12 და 14 წლის ძმები - ტუვშინი და ტურმენი სკოლაში არასდროს ყოფილან. ფერად წიგნებს ხანდახან ჩემნაირი სტუმრებისგან საჩუქრად იღებენ, მაგრამ ხრაშუნა ვაშლი ბევრად ურჩევნიათ (ხილ-ბოსტნეული მონღოლეთში ძალიან ძვირი ღირს და მხოლოდ დიდ ქალაქებში/სოფლებში იყიდება). ახალგაზრდა დედ-მამამ მარტო ყველაზე უფროსი შვილის, 17 წლის გოგონას სწავლის დაფინანსება მოახერხა. იმედი აქვთ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გათხოვდება და კომფორტულ ცხოვრებას მოიწყობს. ბიჭებს კი მემკვიდრეობის გაგრძელება მოუწევთ.

ცაატანების ტომის ახალ თაობას დიდი პასუხისმგებლობა ერგო. კლიმატური ცვლილებების გამო, ირმების მთავარი საკვები - ლიქენი (ირმის ხავსსაც ეძახიან) გაქრობის პირასაა. ირმების გამოკვება ყოველ წელს უფრო რთულდება. მათ გადაშენებასთან ერთად კი, ცაატანების ტომის არსებობაც აზრს კარგავს. მანამდე იმედს არ კარგავენ და პოზიტიურ განწყობასაც ინარჩუნებენ. ცდილობენ, არსებულით დატკბნენ, გასართობად ყოველთვის იცლიან და არც ღიმილს იშურებენ სტუმრებისთვის. სანამ დალაი (მამა) და ბოლრო (დედა) ჩამავალი მზის ბოლო სხივებით თბებიან და ნახირის დაბრუნებას ელოდებიან, პატარები მშობლებთან ერთად აწყობილ საქანელაზე ერთობიან. სხვადასხვა აკრობატული ილეთების გამოგონება აქ მათი ერთადერთი გასართობია. კარავთან ახლოს მდინარე ჩამოდის, მაგრამ წყალი თითქმის დამშრალია და ასეც რომ არ იყოს, ისეთი გაყინული მოედინება, მდინარეში ორ წამზე მეტხანს გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია.

ბოლრო (დედა) ცაატან ბიჭზე სხვა ტომიდან გამოთხოვდა და ძროხები მზითვად მოაყოლეს. ისე, ამ ტყეში და ამ ტომის ხალხთან ძროხას იშვიათად ნახავთ. საღამოს, როცა ნახირი ბრუნდება, დღის ყველაზე დატვირთული ნაწილი იწყება. როლები ისეა გადანაწილებული, რომ დაბნელებამდე ყველა თავის სახლში უნდა შეიყუჟოს - ცხოველიც და ადამიანიც. გარეთ, ხეზე მიბმულ ირმებთან მხოლოდ ძაღლები რჩებიან. მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. ველური ცხოველის, ძირითადად დათვის ან მგლის, მოახლოებისთანავე პატრონს უნდა აცნობონ საფრთხის შესახებ.

ღამე ტაიგაში ადრე დგება. მზე რომ ჩადის, ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა და ხის ღუმელსაც დიდხანს არ ტოვებენ ანთებულს. მხოლოდ რამდენიმე საათით, სანამ ტელევიზორს უყურებენ. უფროსები, ჩემდა გასაკვირად, უკრაინის ომით ინტერესდებიან და ათას რამეს მეკითხებიან. ბავშვები “მაშას და დათვს” უყურებენ და ვინ იცის რას, მაგრამ დაუსრულებლად მეტიტინებიან.

„რამდენიმე დღის წინ დედას ძუძუზე ვუკბინე და ჯერ კიდევ სტკივა“, - ასეთი შინაარსი გამოვიტანე ტურ-ერდენის საუბრიდან. უფრო სწორად, ჩემი გამომეტყველებით როცა მიხვდა, ვერაფერი გავიგე, დედას მაისური ახადა და გაწითლებულ ნაიარევზე მიმანიშნა. მე ძალიან დავიბენი. დედას რეაქცია არ ჰქონია. ამ შემთხვევამ და მანამდე თავს გადახდენილმა სხვა ამბებმა, რომელსაც სადმე ოდესმე აუცილებლად მოვყვები, იმ ღამით ცხოვრებისა და მოგზაურობის უამრავ ასპექტზე ჩამაფიქრა.

მონღოლეთმა ჩემთვის ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც წლევანდელ მოგზაურობაში პირველად და რამდენჯერმე საკუთარ თავს ვეჯუჯღუნე. მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო. ისევ და ისევ  სირთულეების წინაშე თავის დაყენება და მათ გადასალახად ეფექტური გზების გამოძებნა - ფიზიკურის თუ ფსიქოლოგიურის.

იმიტომ, რომ მერე მოდის სიმშვიდე. ისეთი, როგორიც მანამდე არასდროს და ასეა სულ. ახლა, როცა თვეების შემდეგ ამ ყველაფერზე ვწერ, თავი ისევ სიზმარში მგონია. თითქოს, რაც მოხდა, სხვა ცხოვრებაში, სხვა თაკოს გადახდა თავს და ამ ყველაფერმა ეს „დაკარგული სული“ სრულიად ახალ, კიდევ უფრო ძლიერ და კიდევ უფრო ცნობისმოყვარე ადამიანად აქცია. ...და ეს მხოლოდ წინა სიზმრის გაგრძელებაა.

 

ავტორი და ფოტოგრაფი: თაკო კობახიძე

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია The Body Shop