დღითიდღე სულ უფრო მეტად იზრდება იმ ქართული ბრენდების რიცხვი, რომელთა წარმატებაც საქართველოს ფარგლებს სცდება. ნიკო კეჟერაშვილისა და ედრიენ მოკედიკის ერთობლივი წამოწყება - Moulejewelry ორიგინალური დიზაინის აქსესუარებს გთავაზობთ. ბრენდი მხოლოდ ორი წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა, დახვეწილი ფორმებითა და ნაფიქრი, შინაარსობრივად დატვირთული ნამუშევრებით Moulejewelry-მ მალევე მიიქცია ყურადღება და ამ მცირე დროის განმავლობაში ადვილად მოახერხა საკუთარი, გამორჩეული ნიშის პოვნა.


როგორ დაიწყო თქვენი ინტერესი ამ სფეროსადმი? როდის და რატომ გაგიჩნდათ იდეა -  შეგექმნათ თქვენი საკუთარი სამკაულების ხაზი.

 

ჩემი კარიერა და მოდასთან გადაკვეთა თავდაპირველად Retail-ით დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. მოდის სფეროში 10 წელიწადზე მეტი ვსაქმიანობდი და მრავალი მიმართულებით მომიწია მუშაობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ - საერთაშორისო ბრენდებისთვის. უშუალოდ სამკაულებზე მუშაობა კი პანდემიის დაწყებიდან მალევე გადავწყვიტეთ მე და ჩემმა პარტნიორმა, რადგან ორივეს გვქონდა სახელოვნებო განათლება და Retail-ის გამოცდილება. ასევე, დაემთხვა ისიც, რომ საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა სამკაულების ბიზნესის მიმართ, გადავწყვიტეთ, რეალობად გვექცია ჩვენი სურვილი და პანდემიის შეზღუდვების პერიოდში დრო ახალი საქმიანობისა და ამ სფეროს შესწავლისთვის დაგვეთმო.

 

 

როგორ შეაფასებდით თქვენს პირველ ნაბიჯებსა და ახლანდელ, ბოლო პერიოდის ნამუშევრებს? როგორია  განვითარების პროცესს მას შემდეგ, რაც ეს საქმე წამოიწყეთ.

 

რა თქმა უნდა, გამოცდილება ბევრს გვასწავლის და შესაბამისად, ჩვენივე გამოცდილების ხარჯზე განვვითარდით და გავიზარდეთ.  მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარნენ ამ სფეროში უფრო მეტად ჩახედული და მცოდნე ადამიანებიც. მათმა რჩევებმა გაგვიადვილა მუშაობის პროცესი და დროც მოგვაგებინა. ნამუშევრებიც მეტად დაიხვეწა - ფორმებით, ზომებით, მექანიზმებით და ა.შ.

 

 

თუ გაქვთ რაიმე ისეთი კოლექცია ან კონკრეტული მოდელი, რომელიც გამორჩეულად გიყვართ და განსაკუთრებული დატვირთვა ან ისტორია აქვს? 

 

იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენი ბრენდის წარმოება დავიწყეთ და ონლაინმაღაზიაც გავაკეთეთ, ორი სრული კოლექცია შევქმენით. ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ პირველ კოლექციაზე მუშაობა ახალ სფეროსთან და შეგრძნებებთან იყო დაკავშირებული, მეტად თამამი და ექსპერიმენტული გამოვიდა ჩვენთვისაც. წვეთების კაფსულ-კოლექციას გამოვარჩევდი ალბათ თავისი ელეგანტურობის, სიმარტივის და სისადავის გამო. თუმცა, მეორე კოლექციაზე მუშაობაც ასეთივე საინტერესო პროცესი იყო და ძალიან კმაყოფილები ვართ, როგორც ფინალური შედეგით, ასევე გამოხმაურებით.

 

აქსესუარები მთლიანი ,,ლუქის” მცირე ნაწილია, მაგრამ ყოველთვის დიდ როლს თამაშობს საბოლოო ხასიათის შექმნასა და სტილის გამოკვეთაში. რატომ არის თქვენთვის კონკრეტულად ეს მიმართულება ასეთი მნიშვნელოვანი და რა საინტერესო დაკვირვებებსა თუ აღმოჩენებს აკეთებთ მუშაობის პროცესში?

 

გეთანხმებით, აქსესუარები და სამკაულები ძალიან დიდ როლს თამაშობენ მთლიან ვიზუალურ პერფორმანსში და ხანდახან გადამწყვეტსაც კი. ჩემი აზრით, შეუსაბამო სამკაულმა შეიძლება მთლიანად გააფუჭოს ლამაზი ,,ლუქი” ან პირიქით, გამოასწოროს არცთუ ისე სახარბიელო ჩაცმულობა.

 

 

როცა ახალი იდეები მოგდით გონებაში, გაქვთ ხოლმე ტანსაცმლის დიზაინიც ბუნდოვნად მაინც წარმოდგენილი? როგორ სამოსსა და სტილს შეიძლება მოუხდეს ესა თუ ის სამკაული - თუ ამ არჩევანს უკვე სრულიად ანდობთ თქვენს კლიენტებს?

 

თავისთავად, მთლიანი ლუქიც წარმოდგენილი მაქვს ხოლმე და ვსვამ კონკრეტულ ესთეტიკაში, თუმცა ბევრმა კრეატიულმა ადამიანმა ჩვენი ნივთები იმდენად თავისებურად მოიხდინა და გამოიყენა, რომ სრულიად ახალი პერსპექტივიდან შეგვახედა ჩვენივე აქსესუარებზე. ამან კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩარჩოებში მოქცევა არაა საჭირო და მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ ფიქრი და გონება ამ საზღვრებისგან.

 

 

ძირითადად რა მასალასა და ფორმებს  ანიჭებთ ხოლმე უპირატესობას? როგორია მუშაობის პროცესი იდეიდან საბოლოო შედეგამდე. ასევე, რამდენადაც თქვენს ნამუშევრებზე დაკვირვება გვაძლევს ამის საშუალებას, შეიძლება ითქვას, რომ გავლენას და შთაგონებას ხშირად პოულობთ არქიტექტურაში, კერამიკასა თუ ქანდაკებაში. რამდენად ახდენს გავლენას თქვენს შემოქმედებაზე ხელოვნების სხვადასხვა სფერო? 

 

ჩვენი ინსპირაცია ძირითადად მოდის თანამედროვე სკულპტურებიდან, არქიტექტურიდან და თუნდაც საინტერესო ლანდშაფტის ფორმებიდან. ამ ყველაფრის გადატანა ხდება ჯერ ჩანახატებში, შემდგომ გადარჩევა და დამუშავება საბოლოო შედეგამდე. რაც შეეხება მასალებს, ვმუშაობთ მხოლოდ ბუნებრივ მეტალებზე. ამ ეტაპისთვის ვიყენებთ 925 სინჯის ვერცხლს და 24 კარატ ოქროს მოოქროებისთვის. თუმცა ვგეგმავთ ახალი მასალების შემოტანასაც მომდევნო კოლექციებში.

 

 

სამომავლოდ გაქვთ რაიმე ახალი გეგმა? 

 

სამომავლოდ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს, მათ შორისაა ერთ-ერთ ცნობილ ქართულ ბრენდთან კოლაბორაცია, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ამას გარდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრენდის მიმართ დაინტერესება საგრძნობლად გაიზარდა და ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვაგვარი წინადადებით, მალე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზეც განთავსდება.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი