საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში საქართველოში ნელ-ნელა განვითარდა და მეტად მრავალფეროვანი გახდა ვეგანური და ვეგეტარიანული სამზარეულო. გაჩნდა ბევრი ადგილი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი კერძების ვეგანური ვარიაციები, რომელთა გემო, მსგავსი ინგრედიენტებით, აქამდე რთულად თუ წარმოგედგინათ. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით
გამოირჩევა მუდმივი სიახლეებითა და გემრიელი, პირველ რიგში, ჯანსაღი და ხარისხიანი კერძებით.
ნამუ • namu
გარდა ვეგანური კერძებისა, რომლის მრავალფეროვანი მენიუ აზიურ - ტაილანდურ და ინდურ კერძებსაც მოიცავს, “ნამუში” დაგხვდებათ კომფორტული გარემო, სადაც მშვიდად შეძლებთ მუშაობას. “ნამუს” მენიუ გამოირჩევა იმითაც, რომ არცერთი კერძი არ მზადდება რაფინირებული პროდუქტით, შესაბამისად, თითოეული მათგანი - იქნება ეს საუზმე, დესერტი თუ წვნიანი, გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა. გარდა ამ ყველაფრისა, ,,ნამუში” შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ხილეულის კარაქი, ასევე ტაჰინი, კიმჩი და სხვა არაერთი ვეგანური პროდუქტი, რომელთა გამოყენებას სახლშიც შეძლებთ.
დუმფარა • DOOMFARA
ყოველთვის, როცა სწრაფ კვებასა და ბურგერებზე ვსაუბრობთ, იშვიათად მოვიაზრებთ, რომ შესაძლოა თბილისში არსებობდეს ვეგანური Junk food-იც. “დუმფარა” სწორედ ამგვარ მენიუს გთავაზობთ - ვეგანურ ბურგერებს, შაურმასა თუ ვრეპებს, სადაც შეძლებთ გემრიელად დანაყრდეთ და მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ დღე.
Tbili Sio
მენიუ “თბილ სიოშიც” საკმაოდ მრავალფეროვანია - შეგიძლიათ გასინჯოთ როგორც ბურგერები, ასევე ხის სოკოს ატრია, სხვადასხვაგვარი წვნიანი და, რაღა თქმა უნდა, დესერტებიც. ამჟამად, ,,თბილი სიო” მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობს, შესაბამისად, იქაური კერძების დაგემოვნებას სახლშიც მარტივად და კომფორტულად შეძლებთ.
Veganplace - Tbilisi
Vegan Place, რომელიც თავის კლიენტებს მუდმივად სთავაზობს ახალ-ახალ გამორჩეულ კერძებს, საკუთარ მენიუს ისე გვაცნობს, როგორც ვეგანურ Street Food-ს. შესაბამისად, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ან თან გაიყოლოთ სენდვიჩები, შაურმა, ფუნთუშები ან სხვადასხვა სახის ტკბილეული. მათ შორის, ვეგანური ნაყინიც კი, რომლის მსგავსსაც ალბათ სხვაგან რთულად თუ აღმოაჩენთ.
Jekuna - ჯეკუნა
“ჯეკუნას” მთავარი საიდუმლო ეგზოტიკური ხილი - ჯეკფრუტია. სწორედ ამ ხილით ამზადებენ არაერთ ჯანსაღ, სასარგებლო კერძს. აქ დაგხვდებათ როგორც ყველასათვის საყვარელი ბურგერები და ჰოთ-დოგი, ასევე ვეგანურად მომზადებული ტრადიციული კერძებიც - ჩაქაფული და ხინკალი. გარდა ამისა, "ჯეკუნას" კოქტეილ-ბარში სასმელების მრავალფეროვან არჩევანს შემოგთავაზებენ.
Muhudo • მუხუდო
ყველას, ვისაც ვეგანური სამზარეულო უყვარს, ერთხელ მაინც აქვს გასინჯული “მუხუდოს” ფალაფელი, რომელმაც მალევე დამსახურებულად გაითქვა სახელი. “მუხუდო” რამდენიმე წელია, რაც თბილისში გამოჩნდა და მას შემდეგ, მუდმივად ანებივრებს კლიენტებს გამორჩეული, მხოლოდ ამ ადგილისათვის დამახასიათებელი რეცეპტით მომზადებული ფალაფელით.
ეს იმ კაფეების ძირითადი ჩამონათვალია, სადაც ახალ-ახალ კერძების დაგემოვნებას შეძლებთ და განსაკუთრებულ გემოებთან ერთად, აღმოაჩენთ იმასაც, რამდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავი შეიძლება იყოს ვეგანური და ვეგეტარიანული სამზარეულო.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი