თანამედროვე კინოში პოლ ტომას ანდერსონის ფილმებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამერიკელი რეჟისორის 2007 წლის There Will be blood ბევრისთვის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია და უკვე უნივერსიტეტებში ასწავლიან საგანს, რომელიც მთლიანად პოლ ტომას ანდერსონის შემოქმედებას ეძღვნება.
მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონის ფილმები ხშირად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, რეჟისორის შემოქმედებაში კონკრეტული თემები, მაგალითად, ეგზისტენციალიზმი და აბსურდიზმი, ხშირად იჩენს თავს როგორც ფილმებში, ისე არაერთი მუსიკალურ ვიდეოში, როგორებიცაა Radiohead-ისთვის გადაღებული Daydreaming და მოკლემეტრაჟიანი ფილმი Anima ტომ იორკის შექმნილი მუსიკით და მისივე მონაწილეობით
Daydreaming-ში კამერა ტომ იორკს მიჰყვება, რომელიც სხვადასხვა კარში შედის და თითქოს რაღაცას ეძებს ისე, რომ გარშემო მყოფებს ყურადღებას არ აქცევს და ხალხიც მისადმი თითქოს ინდიფერენტულია, ბოლოს კი სიმშვიდეს გამოქვაბულში, მარტოობაში პოულობს. Anima-შიც შთამბეჭდავი ცეკვების და დისტოპიური გარემოს ფონზეც ტომ იორკი შავი ჩანთის ხელში ჩაგდებას ცდილობს, თუმცა პროცესში სიმშვიდეს საყვარელ ადამიანთან ერთად პოულობს.
პოლ ტომას ანდერსონის ფილმებში პერსონაჟების მოტივაცია ხშირად თითქოს სამყაროში ადგილის ან ყველაზე მცირე, რაღაც კანონზომიერების პოვნაა, რომელიც მათ სიმშვიდეს მიანიჭებს. პოლ ტომას ანდერსონის The Master ხოაკინ ფენიქსის მონაწილეობით, ფრედი ქუელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ომის ვეტერანია და ჩვეულებრივ მოქალაქედ ცხოვრება უჭირს, ფილმის განმავლობაში კი ცხოვრებაში აზრის პოვნას და ტრავმების დაძლევას ცდილობს.
ეგზისტენციალური კრიზისის თემატიკა ასევე კარგად იკვეთება პოლ ტომას ანდერსონის შედარებით “მსუბუქი” შინაარსის ფილმებში, როგორებიცაა 2002 წლის Punch Drunk Love, ადამ სენდლერის მონაწილეობით, და 2021 წლის Licorice Pizza.
სიყვარული პოლ ტომას ანდერსონის ფილმებში სამყაროს აბსურდულობიდან და ეგზისტენციალური კრიზისიდან გაქცევის საშუალებაა. თუმცა, ის თითქმის არასდროს არის “ჯანსაღი” და ხშირად პერსონაჟების ტრავმული გამოცდილებებით არის შთაგონებული. ამის კარგი მაგალითია რეინოლდს ვუდკოკის და ვიკი კრიპსის ურთიერთობა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო “ტოქსიკური” ხდება.
თუმცა, რაც უნდა მომწამვლელი იყოს ორი ადამიანის ურთიერთობა, ის ხშირად მაინც ჯობს აბსურდულ სამყაროში გზის ძიებას. პოლ ტომას ანდერსონის პერსონაჟებისთვის ეგზისტენციალური კრიზისისგან დაღწევის საშუალება ხშირად “მეგალომანიაა”, რაც კარგად იკვეთება There Will be Blood-შიც, სადაც დენიელ დეი ლუისის პერსონაჟი - დენიელ პლეინვიუ ხელში არნახული სიმდიდრის ჩაგდებას ცდილობს, ხშირად სხვების ხარჯზე. ხოლო ილაი კი ასევე ძალაუფლებისთვის იბრძვის, თუმცა ორი პერსონაჟის “სიგიჟე” რაღაც მხრივ ერთმანეთს კვებავს და ეს ანტაგონიზმი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.
ეგზისტენციალური კრიზისის უკეთ წარმოსაჩენად პოლ ტომას ანდერსონი პერსონაჟების გარშემო ხშირად აბსურდულ სამყაროს ქმნის, სადაც მოვლენები უფრო და უფრო ქაოსური ხდება. ეს ტენდენცია კარგად იკვეთება მის დეტექტიურ ფილმში Inherent Vice, სადაც ხოაკინ ფენიქსის პერსონაჟი 70-იანების კალიფორნიაში გაუჩინარებულ ყოფილ შეყვარებულს ეძებს.
ეგზისტენციალური კრიზისი პოლ ტომას ანდერსონის ფილმებში ხშირად ნარატიულად ჩახლართული მოვლენების ფონზე იკვეთება, თუმცა რეჟისორის ზოგი ნამუშევარი ყოველდღიურობის აუტანლობასა და უაზრობაზე აკეთებს აქცენტს, მაგალითად, Haim-ისთვის გადაღებული მუსიკალური ვიდეო Man from the Magazine ან ფილმი Punch Drunk Love ადამ სენდლერის მონაწილეობით.
ეგზისტენციალური კრიზისი პოლ ტომას ანდერსონის ფილმებში მხოლოდ პერსონაჟების მოტივაციებით და ქმედებებით არ იკვეთება, ის თითქოს რეჟისორის შექმნილი სამყაროს ნაწილიც არის, რასაც ფილმებში გამოყენებული მუსიკაც კი ცხადყოფს. სწორედ ამიტომ პოლ ტომას ანდერსონის მოთხრობილი ისტორიები ყოველთვის ჩამთრევია და მაყურებელს პერსონაჟებთან ერთად უწევს ქაოსში აზრის ძიება.
ავტორი: ტატო ანთაძე
დაწერე კომენტარი