იაპონელი არქიტექტორი - კენგო კუმა, თანამედროვე იაპონური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. მისი პროექტები ბუნებრიობით, გულწრფელობითა და სიმარტივით გამოირჩევა. კენგო კუმასთვის დიდი დატვირთვა აქვს იაპონურ ტრადიციებს და ეს დამოკიდებულება იგრძნობა ყველაფერში - მის მიერ გამოყენებულ მასალებში, რომელშიც ძირითადად ხე მოიაზრება, ასევე დიზაინსა თუ წვრილმან გადაწყვეტილებებში.
კენგო კუმას მთავარ ფილოსოფიას კარგად გამოხატავს მისივე სიტყვები, რომელსაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს - ,,არქიტექტურა უნდა დაუბრუნდეს ძველებურ, ინდუსტრიალიზაციამდე არსებულ წარმოებას - გამოიყენოს ბუნებრივი მასალები და განაახლოს ხელით მუშაობა”. მის ამ იდეოლოგიას კუმას ყოველი პროექტი ადასტურებს. ხშირად იყენებს ბუნებრივ მასალებს, რომლებიც ადვილად მოიპოვება კონკრეტულ ტერიტორიაზე. კენგო კუმა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათებასაც. ღია არქიტექტურის დამსახურებით, შენობები ბუნებრივად, პირდაპირ მზის სხივებიდან იღებენ სინათლეს, რაც კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ნაკლები რესურსებითა და ბუნებრივი, ეკონომიური და მარტივი გზებით მიიღო სასურველი შედეგი.
მის არქიტექტურაში ხე არ არის მხოლოდ ფასადი და ის ხშირად ინტერიერის ნაწილიც ხდება. შენობების სტრუქტურა თითქოს მრავალი პატარ-პატარა ნაწილით იქმნება, ფაზლებივით იწყობა და ერთიანდება. მის ყოველ ნამუშევარში იგრძნობა, თუ როგორ სიამოვნებს თავადაც ეს პროცესი, ამ ხის დეტალებით ,,თამაში” და გასაოცარი კონსტრუქციების შექმნა, რომლებიც ხშირად იაპონური ორიგამის ხელოვნებასაც კი მოგვაგონებენ.
1987 წელს კენგო უმამ Spatial Design Studio დააფუძნა და მას შემდეგ მისი დიზაინით შექმნილი ნაგებობები გვხვდება როგორც იაპონიაში, ასევე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნამუშევარია Takanawa-ს სადგურის მოედანი ტოკიოში, რომლის დიზაინსაც ხშირად ისე მოიხსენიებენ, როგორც პარადოქსულს. ხმაურიან და ქაოსურ სადგურს, სადაც ყოველ წამს მატარებლების გუგუნი და ხალხის ხმაური ისმის, სრულიად ეწინააღმდეგება მისი თბილი, სახლივით მყუდრო და მშვიდი ინტერიერი. ამ განწყობის შექმნას კენგო კუმა კვლავ ხის ელემენტებითა და თბილი, ყვითელი განათებით ახერხებს.
კიდევ ერთი გამორჩეული ნაგებობა ტოკიოში Asakusa - კულტურული საინფორმაციო ცენტრია. ეს შენობაც კენგო კუმას ტრადიციულ დიზაინს იმეორებს - შენობის ექსტერიერი ხის მრავალი წვრილი დეტალისგანაა აწყობილი. მათი ასიმეტრიული განლაგება შენობას მეტად ბუნებრივს ხდის და აშორებს იმ სტერილურობასა და სიცივეს, რასაც თანამედროვე არქიტექტურაში არცთუ იშვიათად ვაწყდებით.
ტოკიოში გამოირჩევა იაპონიის ნაციონალური სტადიონიც, რომელიც გარდა დიზაინისა, მნიშვნელოვან იდეურ დატვირთვასაც ატარებს, რადგან ხის ის მასალები, რომლითაც სტადიონია აშენებული, იაპონიის ყველა წერტილიდან არის ჩამოტანილი და ამ სტადიონის კედლებში თითქოს მთელი იაპონიის ისტორია და კულტურა ერთიანდება.
კენგო კუმას შემოქმედებისა და ფილოსოფიის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია თურქეთში მდებარე Odunpazari Modern Museum, რომელიც ხის ყუთებს მოგვაგონებს. შენობა ისეა დაპროექტებული, რომ ბუნებრივი სინათლე მის ყველა ღრიჭოში აღწევს და საოცარ გეომეტრიულ ჩრდილებად ეფინება მუზეუმის ინტერიერსა და კედლებს.
კუმას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სიდნეიში მდებარე შენობაც - The Exchange, რომლის წრიული სტრუქტურა ერთი შეხედვით დამაბნეველია და მოძრაობის ილუზიას ქმნის. ეს შენობაც, როგორც კენგო კუმას სხვა ნამუშევრები, ღია, გამჭოლი არქიტექტურითა და ხის მასალებით გამოირჩევა.
კენგო კუმა ხშირად მუშაობს პატარა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პროექტებზეც. ტოკიოში მდებარე საკონდიტრო მაღაზიის შენობაც ერთ-ერთი მათგანია. მაღაზია ტოკიოს პატარა, წყნარ ქუჩაზე მდებარეობს და ნამდვილად არ გამოირჩევა მასშტაბურობით, თუმცა კენგო კუმასთვის ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. არქიტექტორისთვის თანაბრად ღირებულია როგორც მისი გრანდიოზული პროექტები, ასევე პატარა, ბევრისთვის შეუმჩნეველი ნაგებობები. მისი ნამუშევრები ძალიან გამჭოლი და ნათელია, თითქოს გამჭვირვალეც კი. თუმცა, კუმა, სხვა თანამედროვე არქიტექტორებისგან განსხვავებით, ამის მიღწევას შუშის ხარჯზე არ ცდილობს, რადგან მისთვის, ამგვარი დიზაინი მართალია, დახვეწილი და მშვენიერია, თუმცა, პირველ რიგში, სიმყუდროვეს კარგავს. კენგო კუმა ყოველთვის ხის მასალებს ანიჭებს უპირატესობას და სწორედ ამიტომ, მისი შენობები, ჩაწნული ტექნიკის გამოყენებით ბუდესაც რომ მოგვაგონებს ზოგჯერ, ყოველთვის სიმშვიდის, დაცულობისა და კომფორტის შეგრძნებას იწვევს.
კენგო კუმა არ ეძებს სრულყოფილებას. მისთვის არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი უნაკლო და შეუმცდარი იყოს. როგორც თავად აღნიშნავს, არქიტექტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს ამყარებს ადამიანებსა და მათ გარემოს შორის და მისი ნამუშევრებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შექმნას ისეთი დიზაინი, რომელიც მეტად ახლობელი და ორგანული იქნება ადამიანის ბუნებასთან და ყოველდღიურობასთან.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: NY Times, Japan Objects, Dezeen
დაწერე კომენტარი