კშიშტოფ კიშლოვსკის შთაგონება საფრანგეთის დროშიდან მოდის - როგორც ფერთა წყობით, ასევე, შინაარსობრივად. სამივე ფერი გამოხატავს საფრანგეთის რევოლუციის მიზანს: თავისუფლებას, თანასწორობასა და მეგობრობას. რეჟისორი უკავშირდება იმ იდეებს, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინეს ევროპისა და ამერიკის კულტურაზე.
“როდესაც საქმე ეხება ფასეულობებს, პრაქტიკულად, არ იცი როგორ იცხოვრო მათ გარეშე. ნამდვილად სურს ხალხს თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა? არის თუ არა საუბრის ასეთი ხერხი მათთვის გასაგები?” - თქვა კიშლოვსკიმ.
ტრილოგიის ერთიანი სურათის აღქმა თითოეული ნაწილის ნახვის შემდეგაა შესაძლებელი.
ლურჯი 1993 (თავისუფლება)
პირველ ფილმში “ლურჯი” მთავარი პერსონაჟი, ჯული (ჟულიეტ ბინოში), ქმრისა და შვილის გარდაცვალების შემდეგ, თავიდან იწყებს სამყაროსთან ურთიერთობას. რეჟისორი გმირის გადაჭარბებულ სევდას, იმედს, გამოღვიძების ძლიერ სურვილსა და მუსიკალური სიმფონიის დასრულებას ლურჯი ფერით გადმოსცემს.
ფილმი აბსტრაქტულად გულისხმობს რაღაც ტრანსცენდენტალურსა და სულიერ რწმენას, რაც არ ირეკლავს კიშლოვსკის აგნოსტიკურ შეხედულებას. ლურჯი არც ამტკიცებს და არც ხსნის, რატომ ინება ღმერთმა ჯულის ოჯახის სიკვდილი, მაგრამ ფილმში მინიშნებაა, რომ არსებობს რაღაც სულიერი ძალა, რაც ბრუნავს ქალში და მის ირგვლივ.
ფილმში ხშირად ვხვდებით დეტალების კადრებს. ერთ-ერთ დასამახსოვრებელ სცენაზე რეჟისორი ამბობდა: “ვცდილობთ, ძალიან მარტივად ვაჩვენოთ გმირის მიერ აღქმული სამყარო… მაგალითად, ახლო კადრი, რომელშიც შაქრის კუბი სველდება და შემდეგ ყავაში იძირება, იმის საჩვენებლადაა, რომ ჯულის მის გარშემო არაფერი აინტერესებს… არც სხვა ადამიანები, მათი საქმეები, არც კაცი, რომელიც დიდი ხნის ძიების შემდეგ იპოვა და უყვარს. მაინც მხოლოდ შაქარზე კონცენტრირდება, რათა გათავისუფლდეს ყველაფრისაგან.”
თეთრი 1994 (თანასწორობა)
ტრილოგიის მეორე ნაწილში “თეთრი”, ერთი შეხედვით ფერს არ აქვს კონკრეტული დატვირთვა. მაყურებელი ხედავს ტუალეტს, ჩიტებსა და თოვლს, რაც გაურკვეველს ხდის ფერის მნიშვნელობის გაგებას. თუმცა სცენაში, სადაც მთავარ გმირს, ქეროლს (ზბიგნევ ზამაჰოვსკი), თეთრი ფერის ფონზე, მისი და ყოფილი ცოლის ქორწილის დღე ახსენდება, ფერი თემატურ დატვირთვას იძენს.
ჯეფ ენდრიუმ კიშლოვსკის ფილმის მიხედვით, წიგნში “სამი ფერის” ტრილოგიის ანალიზი გააკეთა:
“თეთრი წარმოადგენს სიყვარულს, სადაც ემოცია შეიძლება იყოს, როგორც ბრმა, დაუნდობელი, მესაკუთრე, განუვითარებელი, ასევე - თბილი, მკურნალი და სარგებლიანი. თეთრ ფერს აქვს ორმხრივი დატვირთვა, ის გამოხატავს როგორც სისპეტაკეს, ასევე - სიბინძურეს.
ფილმში ფერი აჩვენებს ადამიანების ურთიერთობის ჩახლართულობას, არაპროგნოზირებასა და მის ამოუხსნელობას.
წითელი 1994 (მეგობრობა)
ტრილოგიის ბოლო ნაწილში - “წითელი”, ფილმი მოგვითხრობს მოდელის, სახელად ვალენტინას (ირენე ჯეიკობი) ამბავს, რომელიც გადაეყრება ყოფილ მოსამართლეს, კერნის (ჟან ლუი ტრენტინიანი), ვისთანაც იწყებს უჩვეულო მეგობრობას. ამავდროულად, პერსონაჟი ავგუსტი (ჟან პიერ ლორიტი) არის ახალგაზრდა მოსამართლე, რომლის ცხოვრებაც იმდენად ეხმიანება კერნის ცხოვრებას, რომ თითქოს მისი ორეული ყოფილიყოს.
წითელი ფერი გამოხატავს სიყვარულს, ცხოვრებას და, ამავდროულად, სიბრაზეს, გაფრთხილებას, ვნებასა და სიკვდილს…
ერთხელ კიშლოვსკიმ თქვა: “მე მჯერა, ბედისწერა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბუნებრივია, ადამიანს შეუძლია, საკუთარი გზის არჩევა. მაგრამ იმის გააზრება, თუ სად ხარ დღეს, საჭიროებს შენივე ცხოვრების კვალდაკვალ მიყოლას.”
ბოლო ფილმში სხვადასხვა ფერი გვხვდება წინა ორ ნაწილთან შედარებით, რადგან ხაზს უსვამს ტრილოგიის პერსონაჟებს შორის არსებულ კავშირს, რომელსაც, საბოლოოდ, ბედისწერის იდეასთან მივყავართ.
დაწერე კომენტარი