დაკვირვებული თვალი, რომლისთვისაც მოდის სფეროც და კინემატოგრაფიაც თანაბრად მნიშვნელოვანია, ადვილად შეამჩნევდა, რამხელა გავლენა აქვს ალექსანდრ მაქუინის კოლექციებზე კონკრეტულ ფილმებში გამოყენებულ კოსტიუმებსა თუ დეკორაციებს. როგორც წესი, ხშირად პირიქით ხდება ხოლმე - რეჟისორებისა და კინოს მხატვრებისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევარი. თუმცა, ალექსანდრ მაქუინისთვის სწორედ კინემატოგრაფიისადმი სიყვარულმა განაპირობა მისი მრავალი კოლექციის ძირითადი თემა და ესთეტიკა.
შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანელ დიზაინერზე ყველაზე დიდი გავლენა ბრიტანელმა რეჟისორმა - ალფრედ ჰიჩკოკმა მოახდინა. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მაქუინის 1995 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, სადაც დიზაინერმა ჰიჩკოკის 1963 წელს გადაღებული The Birds გააცოცხლა - სამოსზე გამოსახული ჩიტების შავი სილუეტები პირდაპირ გვახსენებს კადრებს ამ ფილმიდან. აღსანიშნავია მოდელების ვარცხნილობაც, რომელიც ჩიტების თავდასხმისგან აშლილ თმას მოგვაგონებს.
ჰიჩკოკის კიდევ ერთ რეფერენსს ვაწყდებით 2005 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაშიც, სადაც 60-იანი წლებისათვის დამახასიათებელ სამოსში - კლასიკურ ვიწრო ქვედაბოლოსა და პიჯაკში - გამოწყობილი მოდელები მაქუინს Vertigo-ს პერსონაჟებისგან აქვს ნასესხები.
მაქუინი დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ ძველი, კლასიკური კინემატოგრაფიისაც. აღსანიშნავია ძმები ლუმიერების ერთ-ერთი პირველი მოძრავი სურათი - Serpentine dance, სადაც კოსტიუმებში გამოწყობილი მოცეკვავეები და მათი მოძრაობები პეპლებს მოგვაგონებენ. 2006 წელს მაქუინმა სწორედ ამ სურათებით შთაგონებულმა შექმნა შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, სადაც მოდელების კაბები და მათი აქსესუარები ლუმიერების ადრეული შემოქმედების განწყობას აცოცხლებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენების ხის იატაკიც, თითქმის იდენტურია იმ პარკეტის, რაც ლუმიერების ჩანაწერებში ჩანს.
არ არის გასაკვირი, რომ ალექსანდრ მაქუინის კინოგემოვნება არ შემოიფარგლებოდა რამდენიმე კონკრეტული ჟანრით. მაგალითად, Givenchy 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ვხვდებით პირდაპირ რეფერენსებს რიდლი სკოტის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიდან - Blade Runner. ფილმის კოსტიუმების დიზაინერი Michael Kaplan გახლავთ, სწორედ მისი შექმნილია ფილმის მთავარი პერსონაჟის, Sean Young-ის უნიკალური ,,ლუქი” - ფართომხრებიანი კოსტიუმი და სახასიათო ვარცხნილობა. Michael Kaplan-მა აღნიშნა ისიც, რომ ფილმის გამოსვლის შემდეგ ბევრმა დიზაინერმა სცადა ამ სტილის გამოყენება, თუმცა მაქუინი იყო ერთადერთი, ვინც ეს სწორად და საინტერესოდ გააკეთა.
Ken Hughes-ის 1968 წელს გადაღებული საბავშვო მუსიკალურ-ფანტასტიკური ჟანრის ფილმი - Chitty Chitty Bang Bang მაქუინისთვის შთაგონების წყარო 2001 წელს გახდა, როდესაც შემოდგომა/ზამთრის კოლექციაზე მუშაობდა. მაქუინმა ამ კოლექციაში ბავშვობის ბნელი მხარის წარმოჩენა სცადა, რისი მიღწევაც მარტივად შეძლო მთავარი სცენით - საბავშვო კარუსელით, სადაც გატეხილი სათამაშოები იყო მიმობნეული, მოდელები კი კარნავალური და ელეგანტური, თუმცა მაინც საშიში მაკიაჟითა და კლოუნის შესაფერისი ვარცხნილობით გამოდიოდნენ.
მაქუინის 1999 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება და თოვლით დაფარული პოდიუმი ნამდვილად მოგვაგონებს სტენლი კუბრიკის ყველასათვის ნაცნობი ფილმის - The shining-ის ფინალურ, თოვლიან სცენას. ის ეჭვი, რომ მაქუინის ეს კონკრეტული ჩვენება ნამდვილად კუბრიკის ფილმით იყო შთაგონებული, კიდევ ერთხელ დასტურდება მაშინ, როდესაც ჩვენებაზე ხელჩაკიდებული ტყუპი მოდელები გამოდიან ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობილნი.
სტენლი კუბრიკის კიდევ ერთი ფილმის - Barry Lyndon-ის გავლენას ვაწყდებით მაქუინის 2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაშიც. ჩვენების სათაურიც - Sarabande - სწორედ იმ მუსიკალური ნაწარმოების სახელია, რომელიც ფილმის საუნდტრეკს წარმოადგენს.
სიდნი პოლაკის ფსიქოლოგიური დრამა - They Shoot Horses, Don't They? მძიმე, დამქანცველი და ტრაგიკული საცეკვაო მარათონის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც დიდი დეპრესიის პერიოდში ვითარდება. მაქუინის 2004 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ პერფორმანსი, პირდაპირ აცოცხლებს ფილმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სცენას.
ხელოვნების სხვადასხვა სფერო ყოველთვის ახერხებს ერთმანეთზე ზემოქმედებას. ალექსანდრ მაქუინის შემოქმედება კარგი მაგალითია იმისა, თუ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს წინა საუკუნის კინემატოგრაფიას თანამედროვე მოდის სამყაროზე. მით უმეტეს, რომ მაქუინის შემთხვევაში, ეს ყველაფერი პირად გამოცდილებას, დამოკიდებულებას და მის საყვარელ ფილმებს უკავშირდება. შესაბამისად, მისი ყოველი კოლექცია, რომლებიც ფილმების გავლენითაა შექმნილი, გულწრფელი და ბუნებრივია.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Vogue, Neil Murray, Rotten Tomatoes, Andrew Wallace, Stranger Than Cinema, Bio.se
დაწერე კომენტარი