ქართული სამზარეულო საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომლის მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება. ბოლო დროს თბილისში არაერთი ახალი რესტორანი გაიხსნა, სადაც ტრადიციულ სამზარეულოს ახლებურად, სხვადასხვა თანამედროვე ინტერპრეტაციით გვთავაზობენ. მრავალი გემო - ძველი და კარგად ნაცნობი თუ ახალი და მოულოდნელი, ქართულ კერძებს მეტად მრავალფეროვანს ხდის და ამით ქართულ სამზარეულოზე ჩვენს წარმოდგენასაც აფართოებს.
თამარა
ეს რესტორანი ქართული კულტურის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. “თამარას” მენიუ განსაკუთრებული იმითაა, რომ კლასიკური კერძების გარდა, განახლებულ ტრადიციულ სამზარეულოსაც გაეცნოთ, როგორიცაა ხაჭაპური შავი ტრიუფელით და გამომცხვარი ბადრიჯანი მაყვლის სოუსით. აღსანიშნავია, რომ “თამარაში” ცოცხალი მუსიკის საღამოებიც ეწყობა, ამიტომ ეს რესტორანი იდეალურია უქმე დღეების ხალისიანად და გემრიელად გასატარებლად.
იასამანი
“იასამანი” მყუდრო რესტორანია, რომელიც სტუმრებს გემრიელი და საინტერესო მენიუს სთავაზობს. კლასიკური კერძების გარდა, რომელიც სამზარეულოდან იდეალურ ულუფებად გამოდის, შეგიძლიათ ახალ გემოებსაც გაეცნოთ, როგორიცაა გრილზე შემწვარი ქათამი ტყლაპის და ყურძნის სოუსით. ამასთანავე, "იასამანში" კოქტეილების ფართო არჩევანი და ნატურალური ღვინოც აქვთ.
გუნდა
“გუნდა” ახალი სახაჭაპურეა, სადაც ამ ერთი შეხედვით მარტივ კერძს სხვადასხვანაირად ამზადებენ. ცომეულის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს “ძველებური” მეთოდით ღუმელში გამომცხვარი ხაჭაპური მსუბუქი, მაგრამ კნაწუნა ცომით და უგემრიელესი ყველით. ამასთანავე, გუნდაში ათობით სხვადასხვა ტიპის ხაჭაპურია, რომელიც საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით და ინგრედიენტებით მზადდება, მაგალითად "რაჭული ხაჭოვანი", რომელშიც ყველი "წყალდასხმულა" და თეთრი დიკა არის გამოყენებული.
ნინიას ბაღი
“ნინიას ბაღი” ჯერ ორი წლისაც არ არის, თუმცა ის უზნაძის ქუჩის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა. "ნინიას ბაღის" უნიკალური მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც ძირითადად ქართულ და აღმოსავლურ კერძებს მოიცავს. ამ მხრივ, "ნინიას ბაღში" დამზადებული კერძები ქართული და აღმოსავლური სამზარეულოს იდეალური ნაზავია.
მეფე და ჩიტი
“მეფე და ჩიტი” თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების გარდა, უძველეს აღმოსავლურ კერძებსაც სთავაზობს. ამასთანავე, “მეფე და ჩიტში” დესერტის ფართო არჩევანიც აქვთ, მაგალითად, საფირმო ფელამუში კომშით. აღსანიშნავია, რომ აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაწურული ნატურალური ღვინის დაგემოვნებაც შეგიძლიათ.
Craft Wine
Craft Wine-ში ქართული ტრადიციული კერძების გარდა ნატურალური ღვინის ძალიან ფართო არჩევანია. ამასთანავე, Craft Wine-ს აქვს სადილის მენიუ, ხოლო შაბათ-კვირას, 3-დან 6 საათამდე კი შეგიძლიათ ბრანჩის მენიუ მიირთვათ, რაც პარასკევის ნაბახუსევისთვის იდეალურია.
მარგო - ძველი თბილისი
“მარგო - ძველი თბილისი” პეიზაჟებით გარშემორტყმული სასტუმროა, რომელსაც ულამაზესი რესტორანიც აქვს, სადაც თითოეულ ინგრედიენტს და თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება ეთმობა. მენიუ კი შეფ თინა ვაშაკაძის საავტორო ხედვით შეიქმნა და გათანამედროვებულ ქართულ კერძებს მოიცავს.
დაწერე კომენტარი