თანამედროვე მოდის სახლებს, რომლებმაც უკვე შეძლეს და თავიანთ სფეროში წარმატების ყველაზე მაღალ საფეხურს მიაღწიეს, ხშირად უჩნდებათ სურვილი, გარდა მოდისა, სხვა სახელოვნებო სფეროებიც მოიცვან. ბევრ მათგანს მრავალფუნქციური კულტურული ცენტრები და მუზეუმები მსოფლიოს არაერთ ქალაქში აქვს გახსნილი, სადაც ხშირად მასპინძლობენ სხვადასხვა გამოფენებსა თუ პროექტებს და მუდმივად ცდილობენ, თანამედროვე ხელოვნების მიმდინარე მოვლენებში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.

 

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული გახლავთ მილანში მდებარე პრადას სახელოვნებო ცენტრი - Fondazione Prada. საინტერესოა შენობის ისტორიაც -  1900-იან წლებში იქ ქარხანა იყო, 2015 წლიდან კი ოფიციალურად ფუნქციონირებს, როგორც პრადას კულტურული ცენტრი. შენობაში, რომელიც შვიდი ძირითადი ნაწილისგან შედგება, მუდმივად იმართება გამოფენები, სხვადასხვა ღონისძიებები და სახელოვნებო შეხვედრები. ცენტრი ხელოვნების მრავალ სფეროს მოიცავს - მათ შორის, ლიტერატურას, თეატრს, კინოსა, მუსიკას, ასევე ფილოსოფიასა და მეცნიერებასაც. როგორც თავად მიუჩია პრადა ამბობს,  Fondazione Prada არ არის მხოლოდ მუზეუმი მისი კლასიკური, ვიწრო გაგებით,  ეს არის სივრცე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ინტელექტუალური პროცესები -  ახალი აღმოჩენები და ძიებები.


კიდევ ერთი მრავალფუნქციური Foundation პარიზში მდებარე ლუი ვიტონის სახელოვნებო მუზეუმი და კულტურული ცენტრია, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ხშირად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო არტისტებს და მათ გამოფენებს. საინტერესოა შენობის დიზაინიც, რომლის არქიტექტორი  Frank Gehry გახლავთ. შენობა, რომელსაც ხშირად გემსაც ამსგავსებენ, 11 ძირითადი ნაწილისგან შედგება და რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციის მქონე დარბაზს მოიცავს  - აქვს საკონცერტო დარბაზიც, სადაც კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება, ასევე შეხვდებით ბიბლიოთეკასა და კინოდარბაზს, ხშირად იმართება საცეკვაო დადგმები და საბავშვო შეხვედრებიც. ლუი ვიტონის Foundation ხშირად იწვევს ხელოვანებსა და ინტელექტუალებსაც სხვადასხვა საკითხის შესახებ სასაუბროდ - ეწყობა კონფერენციები და დისკუსიები, რომლებიც ყოველთვის მიმართულია თანამედროვე ხელოვნების განვითარებისკენ. 


La Galerie Dior-ის ისტორია საკმაოდ ადრე იწყება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში, თავად კრისტიან დიორმა, სანამ დიზაინერი გახდებოდა, თავის მეგობართან ერთად არტ-გალერეა გახსნა. დიორი და მისი პარტნიორი გატაცებული იყვნენ იმ დროის ფერმწერებით. 1931 წელს სწორედ დიორის გალერეაში მოეწყო სალვადორ დალის პერსონალური გამოფენა. კრისტიან დიორს იმ პერიოდში რამდენიმე სამხატვრო გალერეა ჰქონდა, მოგვიანებით კი, 1946 წელს, პარიზის ცენტრში დამკვიდრდა და სწორედ იმ შენობაში, სადაც ახლა ცნობილი მუზეუმი მდებარეობს, დაიწყო მისი მოდის სამყაროს ისტორია. შენობა მე-19 საუკუნეშია აგებული და იმ პერიოდის ფრანგული არქიტექტურის კარგი ნიმუშია თავისი აივნებით, მოაჯირებითა და სვეტებით. La Galerie Dior-ში შეხვდებით ცნობილი მოდის სახლის საუკუნოვან ისტორიას. გამოირჩევა შესასვლელი და შიდა კიბე, რომელიც ათასობით მინიატიურული სიმბოლური ნივთებითაა გარშემორტყმული. მუზეუმი 13 თემატური ოთახისგან შედგება და თითოეული მათგანი ზედმიწევნით აცოცხლებს დიორის მოდის ისტორიას - ყველა მნიშვნელოვან კოლექციასა თუ ხელოვანს, ვინც ამ ისტორიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

 


The Fondation d’Entreprise Hermès - ასე ეწოდება ცნობილი ფრანგული მოდის სახლის  - ჰერმესის კულტურულ ცენტრს, რომელიც მუდმივად ცდილობს თანამედროვე არტისტების განვითარებას. ჰერმესის შემოქმედებით ხელმძღვანელის, Pierre-Alexis Dumas-ს ინიციატივით, ცენტრის საგამოფენო სივრცეები წარმოდგენილია როგორც ევროპაში, ისე აზიაში. გამოირჩევა ტოკიოს ცენტრში მდებარე გალერეა, რომელიც ცნობილი იტალიელი არქიტექტორის - რენზო პიანოს დიზაინითაა შექმნილი. გალერეა მხარს უჭერს ადგილობრივ ხელოვანებს და მათ ნამუშევრებს სისტემატუად გამოფენს. ჰერმესის Foundation არა მხოლოდ სივრცეებით უზრუნველყოფს არტისტებს, არამედ აძლევს ბევრად მეტ შესაძლებლობასა და პერსპექტივას -  ამარაგებს საჭირო მასალებითა და ინვენტარით, ხელს უწყობს სხვადასხვა ექსპერიმენტების განხორციელებაში და ა.შ.


Gucci Garden - ცნობილი იტალიური მოდის სახლი - მის სამშობლოში, ფლორენციაში მდებარეობს. მე-14 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობა 1905 წელს აღადგინეს, 2011 წლიდან კი ის გუჩის მუზეუმად გადაკეთდა. Gucci Garden მოიცავს როგორც სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებს, ასევე საჩუქრების მაღაზიასა და რესტორანსაც. 100 წლის იუბილეზე Gucci-ის კრეატიულმა დირექტორმა - Alessandro Michele-მ Gucci Garden-ში გრანდიოზული გამოფენა მოაწყო, სადაც ბრენდის საუკუნოვანი ისტორია შეაჯამა. Gucci-ის აღმასრულებელი დირექტორი - François Pinault ყოველთვის იყო დაინტერესებული ხელოვნებით, სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა კამპანია "Artist in Residence", რომლის ფარგლებშიც ხელოვანები დიდ ბრიტანეთში, Chatsworth House-ში გაემგზავრნენ. რეზიდენციაში ყოფნის განმავლობაში პოულობდნენ შთაგონებას და ქმნიდნენ ნამუშევრებს როგორც ფერწერის, ისე ვიზუალური ხელოვნების ბევრ განსხვავებულ მედიუმში.

ხელოვნების სფეროში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიდან აუცილებლად აღსანიშნავია ნაიკის ცნობილი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ნაიკმა შემოიკრიბა ხელოვანები, რომლებმაც ბრენდის ახალი ფეხსაცმელი -  Air Max shoes კედლის მხატვრობაში გადმოიტანეს. ამ კამპანიით ნაიკმა კედლის მხატვრებს ღიად დაუჭირა მხარი. ეს ფაქტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯადაც ჩაითვალა, რადგან იმ პერიოდში, სან პაულოში, სადაც ეს პროექტი განხორციელდა, კედლის მხატვრობა ვანდალიზმად აღიქმებოდა და ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. 

 

თავდაპირველად, წარმატებული მოდის სახლები ძირითადად მხოლოდ მოდის სფეროთი შემოიფარგლებოდნენ, თანამედროვე სამყაროში ეს საზღვრები თითქოს გაუფერულდა და მოირღვა. სხვადასხვა ბრენდები გრძნობენ თავიანთ ძალაუფლებას, გავლენასა და პასუხისმგებლობას, შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ მონაწილეობა მიიღონ თანამედროვე ხელოვნების პროცესებში და შექმნან ისეთი გარემო, სადაც ახალგაზრდა არტისტები თავისუფლად შეძლებენ მუშაობას და განვითარებას.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Foundation Louis Vuitton, Super Future, Oma, Ars Magazine