თანამედროვე, მუდმივად დატვირთულ და ქაოსურ ყოველდღიურობაში, პატარა კომფორტსაც კი, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს, დიდი მნიშვნელობა აქვს. Veli.store-ზე გარდა სხვა მრავალი პროდუქტისა, სხვადსხვა ჟანრისა და თემატიკის წიგნების გამოწერაც შეგიძლიათ. დღევანდელ ბლოგში გაგაცნობთ თანამედროვე ფოტოგრაფების ისეთ ალბომებს, სადაც ფოტოგრაფიის საუკუნოვანი ისტორია განსხვავებული პერსპექტივითაა წარმოდგენილი.
The Magic of Japanese Zen Gardens: A Meditative Journey
გერმანელი ფოტოგრაფი თომას კიეროკი იაპონიაში ხშირად მოგზაურობდა და სხვადასხვა სეზონზე იღებდა ძენ ბაღების ფოტოებს. ძენ ბაღი ფილოსოფიისა და იაპონური მედიტაციის მებაღეობასთან შერწყმაა, სადაც სპეციალური დაგეგმარებით შექმნილი ბილიკები და ნარგავები სწორედ მედიტაციისთვისაა განკუთვნილი. კიეროკის ალბომში ფოტოებს ცნობილი ძენ პოეტების - დოგენის, ბაშოსა და რიოკანის ლექსებიც ახლავს თან, რაც ძენ ბაღების და მედიტაციის იაპონურ პრაქტიკას ზედმიწევნით გამოხატავს.
Weston
ლეგენდარული ფოტოგრაფი ედვარდ ვესტონი მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. მისი შვილები - ბრეტი და კოულიც ცნობილი ფოტოგრაფები გახდნენ, ხოლო მოგვიანებით კოულის შვილი - კარა - ასევე ფოტოხელოვნებას გაჰყვა. ფოტოალბომი - Weston - ვესტონების სამივე თაობის არქივს მოიცავს.
New York
ჯერმანო კელანტი წიგნში New York ქალაქის კულტურულ გარდასახვებზე მოგვითხრობს. ავტორის თქმით, 1962-1964 წლებში არტისტულმა გრავიტაციამ ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლა, გაჩნდა თანამედროვე ხელოვნების გალერეები ისეთი ფორმატის ჟურნალებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, Life Magazine. წიგნში თავმოყრილია გარეკანები, ფოტოსურათები და ამონარიდები იმდროინდელი გაზეთებიდან, რომლებიც ქალაქის კულტურულ განვითარებას ცხადად გვიჩვენებს.
Dayanita Singh: Let’s See
ლეგენდარული ინდოელი ფოტოგრაფის - დაიანიტა სინქის ეს ფოტოწიგნი მის ამ დრომდე უცნობ ფოტოებს მოიცავს - სურათებს, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ არის გადაღებული, როცა სინქი თავს ფოტოგრაფად არ თვლიდა. შეიძლება ითქვას, რომ ფოტოალბომი გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია და სინქის არტისტად ჩამოყალიბების და განვითარების წლებს ქრონოლოგიურად გვიჩვენებს.
Robert Frank: Peru
1949 წელს რობერტ ფრანკმა დედამისს პერუში გადაღებული ფოტოების კრებული გაუგზავნა. ერთი ასლი კი, რომელიც თავისთვის დაიტოვა, ამჟამად ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. ამ ფოტოწიგნში გამოქვეყნებული ისტორიული ფოტოები საჯაროდ ხელმისაწვდომი პირველად გახდა.
Robert Frank: Good Days Quiet
Good Days Quiet შვეიცარიელი ფოტოგრაფის - რობერტ ფრანკის უახლესი ფოტოწიგნია, სადაც ფოტოხელოვანი თავის კარიერას მიმოიხილავს. ფოტოებს, რომლებიც ძირითადად ფრანკის აგარაკზეა გადაღებული, ავტობიოგრაფიული ტექსტებიც ახლავს.
Orhan Pamuk: Orange
ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ნობელიანტი მწერალი ორჰან ფამუქი ხშირად, ტექსტებზე მუშაობის შემდეგ, სტამბოლის ქუჩებში სეირნობდა და ფოტოებს იღებდა. მწერლის ეს ჰობი ბოლო დროს პრაქტიკულად მეორე პროფესიად იქცა. Orange-ში ძირითადად სტამბოლში გადაღებული ღამის ფოტოებია თავმოყრილი, სადაც ჩაბნელებულ ქუჩებში ნარინჯისფერი ნათებები გამოსჭვივის.
Orhan Pamuk: Balkon
Balkon ორჰან ფამუქის კიდევ ერთი ფოტოგრაფიული წიგნია, რომელიც 2011 წელს გამოსცა. თავისი აივნიდან ფამუქმა 8500 ფერადი კადრი გადაიღო, შემდეგ ამ ობსესიური ფოტოსერიიდან 500 ფოტო აარჩია, რომლებიც საბოლოოდ ერთ წიგნად შეიკრა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები მხოლოდ ერთი წერტილიდან - აივნიდანაა გადაღებული, მაინც ტოვებს იმის განცდას, თითქოს ეს ალბომი მთელ სტამბოლს გვაცნობს.
Robert Adams: Cottonwoods
ამერიკელი ფოტოგრაფის - რობერტ ადამსის განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის იქცევდა ბამბის ხეები. 35 წლის განმავლობაში, რაც მან კოლორადოში გაატარა, ადამსი ხშირად იღებდა ბამბის ხეებს, რომლებიც სწორედ ამ ფოტოწიგნშია თავმოყრილი.
The Street Photographer’s Manual
ეს ფოტოწიგნი, გარდა იმისა, რომ ისეთი ცნობილი ქუჩის ფოტოგრაფების ნამუშევრებს მოიცავს, როგორებიც არიან - ბრიუს გილდენი, ნილს ჯორგენსენი, ტრენტ პარკე და სხვები, შეიძლება ერთგვარ სახელმძღვანელოდაც ჩაითვალოს მოყვარული ქუჩის ფოტოგრაფებისთვის.
Forever Saul Leiter
ამ წიგნში ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და მხატვრის - სოლ ლეიტერის ისეთი ფოტოებია თავმოყრილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფერადი ფოტოგრაფიის განვითარებაში. ამ მხრივ ლეიტერი ერთ-ერთი პიონერი იყო. ალბომში შეხვდებით სოლის ფერწერულ ნამუშევრებსაც.
Body: The Photobook
არ არის გასაკვირი, რომ ადამიანის სხეული ფოტოგრაფებისთვის ყოველთვის საინტერესო მასალას წარმოადგენდა. ფორმებისა და ესთეტიკის გარდა, ადამიანის სხეული საინტერესოა იმითაც, რომ ის ხშირად ექცევა პოლიტიკური, კულტურული თუ სხვადასხვა ტიპის გავლენის ან წნეხის ქვეშ. ეს წიგნი მოიცავს ისეთი ფოტოგრაფების ნამუშევრებს, როგორებიც არიან - ნობოიოში არაკი, ბეტინა რეიმსი, ლორენ გრინფილდი და სხვები, რომლებიც ფოტოგრაფიის მედიუმის დახმარებით ადამიანის სხეულს და შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, ადამიანის შინაგან სამყაროს იკვლევენ.
The Unseen Saul Leiter
დღეს საულ ლეიტერი ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ ფოტოგრაფად მიიჩნევა, თუმცა მისი ნამუშევრები დიდი ხნის განმავლობაში იყო უყურადღებოდ. ფოტოგრაფმა სახელი 80 წლის ასაკში გაითქვა. ამ წიგნში არტისტის რამდენიმე ათეული ფოტოა თავმოყრილი, რომელიც მანამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
Liam Wong: After Dark
ლიამ ვონგის ფოტოგრაფიაში ღამე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ წიგნში თავმოყრილია ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი ისეთი ქალაქების ღამის ცხოვრება და ურბანული ლანდშაფტები, როგორებიცაა - ტოკიო, ოსაკა, კიოტო, ლონდონი, სეული და პარიზი.
Vivian Maier
ვივიან მაიერი ამერიკელი ფოტოგრაფი ქალია, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ძიძად მუშაობას დაუთმო. სამწუხაროდ, ვივიანის ნამუშევრები მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. მაიერის ფოტოარქივი 150 000 ფოტოს მოიცავს, ამ წიგნში კი რამდენიმე საუკეთესო ათეულია თავმოყრილი, რომლებიც თემატურად არის წარმოდგენილი.
ფოტოგრაფია, მისი პირველი ნაბიჯებიდან თანამედროვეობამდე, მუდმივად ვითარდება და ახალ-ახალ ჟანრებად გარდაიქმნება - ეძებს და პოულობს უახლეს, გაუკვალავ გზებსა თუ ტექნიკას, რომ მუდმივად აქტუალური და საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის. ეს ალბომები და მათში თავმყორილი ფოტოსურათები სწორედ ამ ისტორიის მემატიანეა.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი