მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფრანგ-ამერიკელი ხელოვანი - ლუიზ ბურჟუა ძირითადად ქანდაკებითა და სხვადასხვა სახის ინსტალაციებით გახდა ცნობილი, თუმცა, ხშირად მუშაობდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მედიუმებში. მისთვის მთავარი შინაარსის - სულიერი მდგომარეობისა და წუხილის გადმოცემა იყო და ცდილობდა, ეს ნებისმიერი გზით მოეხერხებინა. ხშირად უჭირთ მისი, როგორც არტისტის რომელიმე კონკრეტულ მიმდინარეობასთან გაიგივება, თუმცა უმეტესად მის ნამუშევრებს მაინც სიურრეალიზმისა და აბსტრაქციის ჟანრებს მიაკუთვნებენ.
პარიზში დაბადებული და გაზრდილი ლუიზ ბურჟუა 40-იან წლებში ამერიკაში გადასახლდა, ხელოვნებისა და ქანდაკების შესწავლა იქ განაგრძო და ღრმა სიბერემდე ამერიკაში ცხოვრობდა. არტისტი, რომელმაც ახალგაზრდა ასაკიდანვე ხელოვნებას მიუძღვნა თავი, მხოლოდ სიბერეში, სიცოცხლის ბოლო წლებში დააფასეს.
როგორც წესი, ლუიზ ბურჟუა მძიმე ადამიანურ თემებს უტრიალებს და არ უშინდება შეეჭიდოს ისეთ ინტიმურ საკითხებს, რომლებიც მეტისმეტად რთული მოსახელთებელი და გასაზიარებელია - ოჯახურ პრობლემებს, სიკვდილს, წლობით ნაგროვებ შიშებსა და ადამიანის ფსიქოლოგიის შავ-ბნელ სიღრმეებს. მის ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებს დაუცველობის განცდა, რომელიც მუდმივად თან სდევდა მის პიროვნებას და რომელიც ძირითადად მისი ბავშვობიდან მომდინარეობდა. სწორედ ოჯახიდან და ბავშვობიდან გამოყოლილი შფოთვები, ტკივილები და ტრავმები ფიგურირებს მის თითქმის ყველა ნამუშევარში. გამოირჩევა ლუიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი maman (“დედა”) რომელიც ბურჟუამ დედის გარდაცვალების შემდეგ შექმნა. ნამუშევარი წარმოადგენს გიგანტური ობობას ქანდაკებას, რომელიც ამჟამად შანხაის მუზეუმში ინახება.
ოჯახურ თემას ეხება ბურჟუას 1949 წელს შექმნილი ნამუშევარიც, სახელწოდებით - The Blind Leading the Blind (“ბრმა მიუძღვება ბრმას”), რომელიც წვრილი სვეტებისგან შემდგარი ინსტალაციაა. სვეტები მაგიდის ფეხებს მოგვაგონებს და ისტორიაც სწორედ ამ ნივთს უკავშირდება - ბავშვობაში, მშობლების ჩხუბისგან შეშინებული ლუიზი ხშირად მაგიდის ქვეშ იმალებოდა და ეს ნამუშევარიც სწორედ ამ ძველი, მეხსიერებაში დალექილი მწარე ემოციითაა შექმნილი.
ერთ-ერთ ინტერვიუში ლუიზი იხსენებს, რომ სადილობისას მოძალადე მამა ხშირად წამოიწყებდა ხოლმე უსიამოვნო საუბარს. პატარა ლუიზს კი, რომელსაც ამ ყველაფრისგან გაქცევა სურდა და სხვა ვერაფერი მოეფიქრებინა, პურის გულს წყალში ასველებდა, პლასტილინად აქცევდა და მამის ფიგურას ძერწავდა, შემდეგ კი ამ ფიგურას დანით სერავდა. ეს მძიმე მოგონება კარგად გამოხატავს ლუიზის ცხოვრების, პიროვნებისა და ხელოვნების არსს. მისი ნაჭრის ნამუშევრებიც, რომლებიც ამ ბავშვობის ისტორიიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაა შექმნილი, სწორედ იმ პურის კაცუნების გამოძახილია. წლების განმავლობაში ქმნიდა ლუიზი თოჯინებს, რომლებსაც კანზე დაღად აქვთ დასმული გამოვლილი ტანჯვა და ნაიარებივით ეტყობათ ზედ ნაკერები - ათასგზის ნაწამები და შემდეგ თავიდან აღდგენილი.
ლუიზ ბურჟუას შემოქმედებაში დიდი როლი უკავია ფემინიზმსაც. 60-იან წლებში, როცა ეს თემა მსოფლიოში ჯერ კიდევ ტაბუდადებული იყო, ლუიზ ბურჟუამ, ერთ-ერთმა პირველმა, ეს თემა - სექსუალობა და განსაკუთრებით, ქალის სექსუალობა, სააშკარაოზე გამოიტანა და თავისი ხელოვნების ნაწილად აქცია. ქალურობისა და დედობის თემები მის არაერთ სერიაში აისახა, მათ შორის მის ფერწერულ ნამუშევრებშიც.
ლუიზ ბურჟუა ხელოვნებას, როგორც თერაპიულ პროცესს ისე უყურებდა. ყველა სიმწარესა და გამოცდილებას, რაც მასში დაგროვილი იყო, ხელოვნების საშუალებით შხამივით გარეთ გამოდევნიდა და ამ შხამის გამო, ხშირად მისი პერსონაჟებიც დეფორმირებულნი, შემაძრწუნებელნი და სასტიკნი ხდებოდნენ. ყველაფერი, რასაც ბურჟუა ქმნიდა, ძალიან პირადულია, საკუთარ კანზე განცდილი და საკუთარ გულში ჩაბუდებული შფოთვებიდან ამოზრდილი. ალბათ ამიტომ, მისი ირეალური და იდუმალი შემოქმედების გაგება ბოლომდე ვერც ვერავინ შეძლო.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Artist Magazine, ArtNet News, Another Magazine, Ocula
დაწერე კომენტარი