აკი კაურისმაკი ცნობილი ფინელი რეჟისორია, რომელმაც პოპულარობა 80-იანების მიწურულს მოიპოვა, მას შემდეგ რაც მისი ფილმი Leningrad Cowboys go America აშშ-ის კინოთეატრებში გავიდა. 

კაურისმაკის ფილმები ძირითადად ტრაგიკულ თემებზეა, იქნება ეს გაუცხოება, გაჭირვება თუ ომი, თუმცა ყველაზე ხშირად მისი სურათები  იმიგრაციას და მასთან ასოცირებულ სირთულეებს ეხება. ამის ნათელი მაგალითებია La Vie de Boheme, Leningrad Cowboys go to America და რეჟისორის  ბოლო ფილმი The Other Side of Hope. 



Leningrad Cowboys go America 1989 წელს გამოვიდა და ურალში მცხოვრები მუსიკოსების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ, რომ პოპულარობა ამერიკაში მოიპოვონ. ეს თემატიკა იმ დროისთვის რელევანტური იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბჭოთა კავშირი ბოლო წლებში ბევრად გახსნილი  ჩანდა და სსრკ-იდან დასავლეთში ემიგრირებული ადამიანები  ოპტიმიზმით აღსავსენი იყვნენ.


თუმცა, ემიგრანტების ოპტიმიზმი, როგორც ამას კაურისმაკის ფილმებში ვხედავთ, ხშირად ბოლომდე არ  მართლდება,  რადგან მათ სერიოზული სირთულეების გადალახვა უწევთ. Leningrad Cowboys-ში მუსიკოსები დარწმუნებული იყვნენ, რომ “ამერიკაში ყველაფერს ყიდულობენ” და იქ ყველა წარმატებულია, როგორც ეს მათ მეგობარმა აუხსნა. ამიტომ ემიგრანტ მუსიკოსებს სჯეროდათ, რომ პირდაპირ Madison Square Garden-ში დაუკრავდნენ, თუმცა მათი პირველი წარმატებული კონცერტი მექსიკაში, ქორწილში გაიმართა. 




ემიგრაციის მწარე რეალობა და ემიგრანტების ერთგვარი გულუბრყვილო წარმოდგენები “დასავლეთზე” კაურისმაკის ფილმებში ხშირად კომიკურად არის წარმოჩენილი, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია La Vie de Boheme. ფილმი  სამი თანაბრად ღარიბი და თანაბრად წარუმატებელი არტისტის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც პარიზში ცხოვრობენ. როდოლფოს, ალბანელ მხატვარს, რომელსაც დეპორტაცია ემუქრება, პარიზელი ქალი - მიმი შეუყვარდება. მეგობრები როდოლფოს ყველანაირად ეხმარებიან, რომ ეს ურთიერთობა შეინარჩუნოს და ცდილობენ სამსახური აშოვნინონ, დეპორტაცია აარიდონ და ცოლის მოყვანისთვის შესაფერისი პირობები შეუქმნან. 



ბოჰემური პარიზი ის არ აღმოჩნდა, რაც როდოლფოს და მის ამხანაგებს ეგონათ და მწარე რეალობასთან უწევთ შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანებს მატერიალური არაფერი  გააჩნიათ, მათ ერთმანეთი ჰყავთ. ეს ერთი შეხედვით ბანალური, მელოდრამატული სულისკვეთება კაურისმაკის ფილმებში ხშირად საკმაოდ ორიგინალურად იჩენს თავს. 


ნარატიულად კაურისმაკის ფილმები საკმაოდ სწორხაზოვანია, რაც მის მინიმალისტურ კინემატოგრაფიას იდეალურად უთავსდება. აღსანიშნავია, რომ კაურისმაკი თავისი ფილმების სცენარისტიც არის და მონტაჟსაც თავად აკეთებს. კადრები თითქმის ყოველთვის “გაყინულია”, ხოლო პერსონაჟების დიალოგი იშვიათად სცდება რამდენიმე წინადადებას. ამიტომ ემპათია, სიყვარული თუ სიძულვილი კაურისმაკის ფილმებში ხშირად უსიტყვოა, თითქმის მთლიანად მსახიობების გამომეტყველებით და პერსონაჟების მოქმედებითაა გადმოცემული. 




კაურისმაკის ბოლო ფილმი The Other Side of Hope 2017 წელს გამოვიდა და რეჟისორის თქმით, ეს მისი უკანასკნელი პროექტი იყო. ფილმის შთაგონება ევროკავშირში არსებული “მიგრაციის კრიზისია”. კაურისმაკის თქმით, ფინეთში იმიგრანტებისადმი რასისტული და ამაზრზენი დამოკიდებულება აქვთ და მათ სასიკვდილოდ სწირავენ.





კაურისმაკის 2011 წლის ფილმი Le Havre წარუმატებელი ხელოვანის და აფრიკელი იმიგრანტი ბავშვის უჩვეულო მეგობრობის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელსაც საფრანგეთის საპორტო ქალაქის გაჭირვებული მცხოვრებლები დეპორტაციისგან იცავენ. ეს ფილმიც ემიგრანტებისადმი არაჰუმანური მოპყრობისა და კლასობრივად დაჩაგრულთა სოლიდარობით არის შთაგონებული.





კაურისმაკის ფილმები საკმაოდ პოლიტიკურია, თუმცა რეჟისორისთვის პოლიტიკური მოვლენების ადამიანური ასპექტია მნიშვნელოვანი. მისი 2003 წლის ფილმი The Man without a Past, რომელიც მეხსიერებადაკარგულ უსახელო პერსონაჟზეა, ძირითადად კლასობრივი კონფლიქტის და ფინეთში გაჭირვებულებისადმი უსამართლო მოპყრობის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ფილმმა კანის ფესტივალის Grand Prix მოიპოვა და ოსკარზეც იყო წარდგენილი, თუმცა რეჟისორი ცერემონიას ერაყის ომის პროტესტის გამო არ დაესწრო.





კაურისმაკის სიტყვაძუნწმა ფილმებმა, პოლიტიკური თემატიკის და უცნაური იუმორის დამსახურებით, უამრავი კინომოყვარულის გულში იპოვეს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი  თავის ფილმებზე იშვიათად საუბრობს, მისი კინემატოგრაფია ხშირად  დისკუსიის და განხილვის საგანია კინოკრიტიკოსებისთვის და ამ მხრივაც კი კაურისმაკიმ თანამედროვე კინოზე წარუშლელი კვალი დატოვა. 


ავტორი: ტატო ანთაძე