იტალიაში მოღვაწე ქართველი არტისტი ლუკა ჩიქოვანი ჯიადა ჩოტოს დევიდ ბოუიზე გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში - Ground Control - ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის როლს შეასრულებს. ჩიქოვანის თქმით, “ფილმი ბოუის მასკულინური და ფემინური მხარეების გაერთიანებაზე მოგვითხრობს”. ჩიქოვანი ამბობს, რომ როლი მისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დევიდ ბოუი ყოველთვის იყო მისი შთაგონების წყარო:

“ჩემთვის პატივია, რომ ამ მაგიური როკვარსკვლავის და გენიოსის ინტერპრეტაციის საშუალება მომეცა, რადგან ძალიან მიჯაჭვული ვარ დევიდ ბოუის ფიგურასთან, ის ყოველთვის შთამაგონებდა თავისი ახალი საკომუნიკაციო ენით და თავისი მენტალური გახსნილობით, მისტიციზმით, ისევე როგორც ეგოს შინაგანი ალქიმიური გარდაქმნით. მეც არაერთხელ გარდავქმნილვარ და წლების მანძილზე ეს უარყოფითი რამ მეგონა, თუმცა ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ჩვენი პიროვნება მუდმივ ტრანსფორმაციასა და ტრანსმუტაციაში უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ შეზღუდვებისგან, რასაც პერსონალური ეგოისტური აღქმა გულისხმობს. ფილმი ალბათ მალე გამოვა და ვიმედოვნებ, რომ სამუშაოს კარგად გავართვი თავი. ახალი ამბებით მალე დაგიბრუნდებით”.



ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ჩიქოვანი გადაღებებიდან პირველ ფოტოებს სოციალურ მედიაში აქვეყნებს.

ავტორი: ტატო ანთაძე