Star Wars-სა და Games of Thrones-მდე არსებობდა ფრენკ ჰერბერტის 1965 წლის ლეგენდარული საი-ფაი ნოველა, სახელწოდებით - Dune, რომლის ხელახალ კინოვერსიას 1984 წლის შემდეგ პირველად იღებენ. ფილმის რეჟისორია დენის ვილენევი, ხოლო მასში ყველასათვის საყვარელი და ცნობილი მსახიობები: ტიმოთი შალამე, ზენდეია, ჯეისონ მომოა და სხვები მონაწილეობენ.


2019 წლის ზაფხულში, ყოველ ღამე, Dune-ის სამსახიობო გუნდი სამხრეთ იორდანიის უდაბნოებში გადაღებებს აწყობდა. მზის ამოსვლა უდაბნოს ფერდობებს არაამქვეყნიურ ელფერს სძენდა, რაც შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ისინი გადაღებებისას პლანეტა არაკისის ნამდვილი მკვიდრნი იყვნენ, სადაც ყველაფერი მომაკვდინებელი, მტვრიანი და მშრალია.


თანამედროვეობის გამორჩეული მსახიობი ტიმოთი შალამე ასახიერებს წარჩინებული ოჯახის, „ატრეიდის სახლის“ ახალგაზრდა წარმომადგენელ - პოლ ატრეიდს, რომელიც არაკისის რთულ სამყაროში თავისი ადგილის პოვნას ცდილობს. ბიჭს თავისი ზებუნებრივი ძალით სამყაროს უკეთესად გადაქცევა შეუძლია. მას სახლის დასაცავად ბრძოლა უწევს და მზადაა თავიც გასწიროს. ფილმში ასევე მნიშვნელოვანი პერსონაჟია პოლის დედა - ლედი ჯესიკა, რომელიც ქალთა სექტის, Bene Gesserit-ის წევრია. სექტაში გაწევრიანებულ ქალებს ფიქრების კითხვა და ადამიანების კონტროლი შუძლიათ. რეჟისორს ეს პერსონაჟი საზარელ მებრძოლად ჰყავს გამოყვანილი, რომლის მოვალეობაც „სამყაროს მხსნელის“ დაბადება, მისი მომზადება და გაწვრთნაა. ის კარგად წარმოაჩენს როგორც დედის, ასევე პარტნიორისა და მეომრის როლს. რაც შეეხება ჯეისონ მომოას, იგი საბრძოლო ხელოვნების მენტორად გვევლინება, ხოლო ზენდეია კი მისტიკურ ქალს განასახიერებს, რომელიც პოლს მანათობელი ლურჯი თვალებით სიზმრებში ეცხადება.

ნოველის მსგავსად, ფილმიც რელიგიას, პოლიტიკას, ეკოლოგიასა და სპირიტუალობას ეხება. რეჟისორის მტკიცებით, ეს არის არაკისის სამყარო, რომლის ნახვასაც მხოლოდ წარმოსახვაში თუ შევძლებდით. 

უსასრულო ქვიშის ზღვები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის გარე რეგიონშია გადაღებული, სადაც ტემპერატურა ჰერბერტის ნოველის სამყაროს ნამდვილად კარგ მეტოქეობას უწევს. გადაღებებისას მსახიობებს სქელი რეზინის კოსტიუმების - Stillsuit-ების ჩაცმა უხდებოდათ, რომლებშიც მუშაობა გაუსაძლისი იყო. ამ კოსტიუმების ტარება ფილმის პერსონაჟებს სიცოცხლეს კი უნარჩუნებს, თუმცა მსახიობებისთვის ეს გამოცდილება ნამდვილად აგონიის ტოლფასი აღმოჩნდა.


70-იან წლებში ალეხანდო ხოდოროვსკის პირველს სურდა ნოველის გაცოცხლება, მაგრამ მაშინდელმა ჰოლივუდმა პროექტი ზედმეტად სარისკოდ მიიჩნია. თუმცა, 1984 წელს დევიდ ლინჩის მეთაურობით ფილმი დიდ ეკრანებზე მაინც მოხვდა. ნოველის პირველი კინოვერსია რეჟისორის წარუმატებლობად ჩაითვალა და საზოგადოების მეხსიერებაში „დიდ არეულობად” დარჩა. თექვსმეტი წლის შემდეგ, 2000 წელს, Dune-ის მინისერიალი გადაიღეს, თუმცა მისი არსებობაც მალევე ყველამ მიივიწყა. თუ ყველაფერ ამას გავითვალისწინებთ, 2020 წლის 18 დეკემბერს ძალიან საინტერესო პრემიერა გველის. რას უნდა ველოდოთ - კიდევ ერთ წარუმატებლობას თუ საკულტო ნოველის ყველაზე კარგ რეპრეზენტაციას?! ამის ალბათ დეკემბერში გავიგებთ.