იტალიაში, განსაკუთრებით - მის სანაპირო ზოლში, არაერთი ულამაზესი და უძველესი ვილაა, რომლებიც უკვე საუკუნეებია ქვეყნის პეიზაჟებს ამშვენებს. ბევრი მათგანი ახლა სახლ-მუზეუმების ფუნქციას ასრულებს და ცნობილი რეჟისორების ფილმებში გვხვდება.
Villa Necchi Campiglio
სწორედ ამ არტ-დეკოს სტილის ვილაშია გადაღებული ლუკა გუადანინოს ფილმი Amore ტილდა სვინტონის მონაწილეობით. ამ დროისთვის ვილა, რომლის არქიტექტორიც პიერო პორტალუპი იყო, ერთგვარი მუზეუმია არტ-დეკოსთვის სახასიათო ავეჯით და დეკორაციებით.
Villa Malaparate
ადალბერტო ლიბერას მიერ შექმნილი ეს ვილა კაპრის კუნძულზე მდებარეობს და ის 1943 წელს ცნობილი იტალიელი მწერლისთვის, კურციო მალაპარტესთვის აშენდა. შენობა ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაშია და მისი მონახულება შეუძლებელია. სწორედ აქ არის გადაღებული გოდარის 1963 წლის ფილმის - The Contempt-ის დიდი ნაწილი.
Villa Lante
Villa Lante მეთექვსმეტე საუკუნეში აშენდა და მასში უამრავი ღირსშესანიშნაობაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ინტერიერის კედლის მხატვრობა, რომელიც რენესანსის მხატვრობით არის შთაგონებული. ვილა ულამაზესი ბაღებით არის გარშემორტყმული, სადაც ტერენს მალიკის Tree of Life-ის სცენებია გადაღებული.
Villa Aldobrandini
ეს ვილა მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენდა და ამჟამად ის პრინცი ალდობრანდინის მფლობელობაშია. შენობის ექსტერიერი გამოყენებულია ბენ სტილერის კომედიურ ფილმში Zoolander.
Villa di Geggiano
ეს მეთოთხმეტე საუკუნის ვილა, რომლის დიდი ნაწილიც უცვლელად არის შენარჩუნებული, ამჟამად ბიანჩი ბანდინელის ოჯახის მფლობელობაშია და ის ქალაქ სიენადან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სწორედ აქ არის გადაღებული ბერტოლუჩის Stealing Beautiy ლივ ტაილერის მონაწილეობით.
Villa Balbianello
ეს ვილა, რომელიც კომოს ტბასთან, ყოფილი ფრანცისკანული მონასტრის ადგილას მდებარეობს, არაერთი ფილმის გადასაღები მოედანი ყოფილა. მაგალითად, სწორედ აქ არის გადაღებული მნიშვნელოვანი სცენები Star Wars Episode II-იდან. იგივე ვილას ვხედავთ James Bond Casino Royale-ში დენიელ კრეიგის მონაწილეობით და რიდლი სკოტის House of Gucci-ში.
Villa Arvedi
ეს ვილა, რომელიც ვერონას ჩრდილოეთით მდებარეობს, 1687 წელს აშენდა, მისი არქიტექტორი კი ჯიოვანი ბიანჩი იყო. ვილა ხშირად ჩანს 2010 წლის ფილმში Letters to Juliet ამანდა სეიფრიდის და გაელ გარსია ბერნალის მონაწილეობით.
Villa Elena
ვილა The White Lotus-ის მეორე სეზონის მეხუთე სერიაში გვხვდება, სადაც მინისერიალის ერთ-ერთი პროტაგონისტი, ტანია, ბოჰემურ ღამეებს ატარებს. ქალაქ ნოტოსთან მდებარე ეს ვილა რეალურად მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენებული მონასტერია, რომელიც ამჟამად ცნობილი არქიტექტორის, ჟაკ გარსიას მფლობელობაშია.
Villa Boscogrande
Villa Boscogrande პალერმოში მდებარეობს და მისი არქიტექტორი დუკა დი მოლტაბოა. ამჟამად ვილაში ძირითადად საქორწინო ცერემონიები ტარდება, თუმცა თავის დროზე, 1962 წელს აქ იყო გადაღებული ლუჩინო ვისკონტის il gattopardo.
დაწერე კომენტარი