დროთა განმავლობაში მოდის სფერო და მასში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო აჩქარდა და სწრაფი ტემპით დაიწყო განვითარება, შეიცვალა სტანდარტებიც. მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები მუდმივად ცდილობენ რაღაც ახლისა და გამორჩეულის შექმნას - ამ ამბიციის გარეშე კი მოდის სამყაროში არსებობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ყველა დიზაინერს სურს საკუთარი ნამუშევარი, რომლის შექმნასაც თვეები და ზოგჯერ წლებიც ეთმობა, სრულყოფილად წარადგინოს, ამ პროცესში კი სცენასა და დეკორაციებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ზოგიერთი კოლექცია ამ კონკრეტული დეკორაციების გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია.

 

ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, რომლის მოღვაწეობის პერიოდშიც შანელის კოლექციების ჩვენებები ნამდვილად გამოირჩეოდა გრანდიოზული, სანახაობრივი დეკორაციებით - კარლ ლაგერფილდია. შეგვიძლია გავიხსენოთ 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის წარდგენა, რომელიც Grand Palas-ის შენობაში მოეწყო. ჩვენებას, რომლის დეკორაციებსაც ბიბლიოთეკის გუმბათოვანი შუშის ჭერი, მზის სხივებით განათებული დარბაზი და ჭერამდე წიგნების თაროები წარმოადგენდა, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა მოდის ისტორიაში.

შანელის კიდევ ერთი თემატური შოუ, რომელიც ამჯერად იმიტირებულ სუპერმარკეტში მოეწყო, 2014 წელს შედგა. მოდელები სუპერმარკეტის დახლებს შორის მოძრაობდნენ და თან, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებს, როგორც აქსესუარებს, ისე დაატარებდნენ ხელით.


დასამახსოვრებელი იყო შანელის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაც, სადაც მთლიანი პოდიუმი პარიზული სახურავების სტილში იყო მოწყობილი - ნაცრისფერი კედლები ღრუბლიანი ამინდის იმიტაციას ქმნიდა, მოდელები კი თუნუქის საკვამურებსა და სახურავებს შორის პოზირებდნენ.


2018 წელს კარლ ლაგერფილდმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა აღფრთოვანება, როდესაც შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებისთვის გრანდიოზული ტყის დეკორაცია მოაწყო. სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ნორმანდიიდან ჩამოტანილი შიშველი ხეები, შემოდგომის დამჭკნარი ფოთლებით სავსე პოდიუმი და ნისლიანი ტყის ფონი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ თავს ტყის შუაგულში გაგრძნობინებდათ.


ბუნების თემატიკა ფიგურირებდა ალექსანდრ მაქუინის 2014 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაშიც, რომლის ჩვენებაც პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. მაქუინმა, რომელიც ერთ-ერთი პირველია იმ დიზაინერთა შორის, შთამბეჭდავი ჩვენებებითა და პერფორმანსებით რომ გამოირჩევიან, საუცხოოდ შეძლო ტყის ესთეტიკის შექმნა ხავსიანი პოდიუმითა და სიმწვანეში ჩაფლული მისტიკური გარემოთი.


მაქუინის კიდევ ერთი თვალისმომჭრელი შოუ 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე შედგა, სადაც მოდელი ცეცხლოვანი წრით იყო გარშემორტყმული. სრულ სიბნელეში მოციმციმე ალებით განათებული მოდელი, რომელიც წითელ კაბასა და ნიღაბში იყო გამოწყობილი, თითქოს თავადაც ამ უძლეველი და მომაჯადოებელი სტიქიის ნაწილი ხდებოდა.


ცნობილი ფრანგული მოდის სახლი - ლუი ვიტონი ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც მუდმივად გამოირჩევიან ორიგინალურობით. შეგვიძლია გავიხსენოთ 2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, რომლის ჩვენებაც პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. მარკ ჯეიკობსის საგაზაფხულო კოლექცია თავისი ნათელი და მსუბუქი ფერებით ნამდვილად იქცა დაუვიწყარ და ზღაპრულ სანახაობად  - ჩვენების მთავარ სცენას საბავშვო კარუსელი წარმოადგენდა, მოდელები კი ამ კარუსელის ქათქათა თეთრ ცხენებზე შემომსხდარნი პოზირებდნენ მაყურებლის თვალწინ. 


გამოირჩეოდა ლუი ვიტონის ამავე წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც, რომლის მთავარ თემად მარკ ჯეიკობსმა ამჯერად წინა საუკუნის 20-იანი წლების მეტროსადგური წარმოადგინა. ჩვენების მთავარი დეკორაცია ვინტაჟური, თვალისმომჭრელი მატარებელი იყო. მოდელებიც, შესაბამისად,  სამგზავროდ გამოწყობილნი. ჩვენების მონაწილეებს კონკრეტული როლებიც ჰქონდათ მორგებული - ყოველ ,,მგზავრს” თან მოჰყვებოდა სადგურის ,,თანამშრომელი”, რომლებიც მათ ხელჩანთებისა და ჩემოდნების ტარებაში ეხმარებოდნენ.


მარკ ჯეიკობსის უკანასკნელი ჩვენება, სანამ ის ლუი ვიტონს დატოვებდა, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. მოდელები მთავარ პოდიუმზე რამდენიმე ესკალატორის დახმარებით ჩამოვიდნენ. წყვილ-წყვილად მომავალ მოდელებს თეთრ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი კუბოკრული სამოსი ეცვათ და ინტერიერის ფერებსა და ესთეტიკას ეხამებოდნენ.


შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი Mulberry-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გახლდათ. გოტიკური სტილში გადაწყვეტილი კათედრალის მაღალჭერიანი დარბაზი, მძიმე, ჩამოშვებული ჭაღები, სარკეები და ფერადი მინით გადაწყვეტილი ვიწრო ფანჯრები ნამდვილად ქმნიდა ამაღლებულ და ღვთიურ განწყობას, რომელიც წლების შემდეგაც ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და მომნუსხველ ჩვენებად შეგვიძლია გავიხსენოთ.


ჰერმესის 2009 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მთავარი თემატიკა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ავიაცია გახლდათ. ეს ესთეტიკა იგრძნობოდა როგორც კოლექციის სამოსში, ისე მის გრანდიოზულ დეკორაციებში, რომელსაც მასშტაბური, მოძრავი მექანიკური ნაწილები წარმოადგენდა.


შეუძლებელია არ გავიხსენოთ დიორის 2015 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება - ვარდისფერი ხალიჩა და მეტალის მილებისგან აწყობილი გასაოცარი კონსტრუქცია, რომელიც სარკეებისა და განათებების მეშვეობით ვერცხლისფრად ბრწყინავდა, მოდელები კი ამ თავბრუდამხვევი ინსტალაციის გავლით წარადგენდნენ სამოსს. 


მოდის სტანდარტები სულ უფრო და უფრო იზრდება. მეტად რთული ხდება ისეთი შთამბეჭდავი დიზაინისა თუ დეკორაციების შექმნა, რომელიც გამორჩეული იქნება სხვა დანარჩენისგან, რაც აქამდე შექმნილა. მიუხედავად ამისა, არიან ისეთი დიზაინერებიც, რომლებიც არასდროს გვიცრუებენ მოლოდინს და ყოველ ჯერზე სრულყოფილად ახერხებენ საკუთარი იდეებისა და ფანტაზიების ხორცშესხმას. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი